36. იესოსს ქადაგება ნაზარეთის სინაგოგაში და მისი პირველად უარყოფა

ნაზარეთი
28 წელი

მთ. მკ. ლკ. 4

16. და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. 17. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: 18. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, 19. და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული. 20. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. 21. და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა. 22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი? 23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა. 24. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა. 25. ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა. 26. და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა. 27. და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური. 28. და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე. 29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი. 30. ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა. 17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა: 18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, 19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად. 20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას. 21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. 22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? 23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ. 24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში. 26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში. 27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა. 28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში. 29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. 30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.

(შემდ. 4:14-15;  # 35)

ინ.