71. ზღვაზე სიარული

გალილეის ტბა 

29 წელი

მთ. 14

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. 23. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. 24. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. 25. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. 26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. 27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ! 28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. 29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. 30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! 31. და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? 32. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. 33. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.

22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. 23. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ. 24. ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა. 25. და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. 26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს. 27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. 28. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან. 29. მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.  30. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე! 31. მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა? 32. და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი. 33. ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.

მკ. 6

45. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი. 46. და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად. 47. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა. 48. და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან. 49. ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს. 50. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ! 51. და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა. 52. რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.

45. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. 46. ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. 47. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე. 48. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი. 49. ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს; 50. რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. 51. ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი. 52. რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული.

ლკ.

ინ. 6

15. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ. 16. და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. 17. და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ, 18. და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა. 19. და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ. 20. ხოლო თავადმან მან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ! 21. უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.

1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა. 2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას. 3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. 5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? 6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა. 7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. 8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა: 9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის? 10. იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი. 11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა. 12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო. 13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.  14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად. 15. იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე. 16. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ; 17. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. 18. ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა. 19. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ. 20. ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ. 21. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.

(შემდ. 6:22-71; # 73)