კაპერნაუმი
29 წელი
მთ. 15 (წინ. 14:34-36; # 72) 1. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: 2. რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. 3. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? 4. რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; (გამ. 20:12; რჯლ. 5:16) და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ (გამ. 21:17). 5. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, 6. და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა. 7. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: 8. მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან; 9. ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა (ეს. 29:13). 10. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: 11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. 12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს? 13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას. 14. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან. 15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე. 16. ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? 17. და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? 18. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. 19. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. 20. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა. 1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს: 2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას. 3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? 4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, – 6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას. 7. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: 8. ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს. 10. მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ: 11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს. 12. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. 15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი. 16. ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? 17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. 18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. 19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი; 20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს. |
მკ. 7 (წინ. 6:53-56; # 72) 1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა? 6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. 7. ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა (ეს. 29:13). 8. და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ. 9. და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ. 10. რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; (გამ. 20:12; რჯლ. 5:16)და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ (გამ. 21:17). 11. ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, 12. და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად. 13. და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ. 14. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ: 15. არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 16. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 17. და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს. 18. და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს? 19. რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. 20. და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, 21. რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, 22. ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. 23. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა. 1. შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. 2. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი. 3. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ. 4. არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა). 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? 6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. 8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. 9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? 10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, – 12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის. 13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ. 14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: 15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. 16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს: 17. ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი. 18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? 19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო. 20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. 21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, 22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. 23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს. |
ლკ. |
ინ. |