იერუსალიმი
29 წელი, ოქტომბერი
მთ. |
მკ. |
ლკ. |
ინ. 8 12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ. 13. ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ. 14. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ. 15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი. 16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს. 18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. 20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი. 21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად. 22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? 23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24. გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა. 25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ. 26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა. 27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ. 28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის. 30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი. 31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. 32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ. 33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. 35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე. 36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ. 37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის. 38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ. 39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. 40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა. 41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი. 42. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. 43. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად. 44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს. 45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი. 46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი? 47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან. 48. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა? 49. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე. 50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის. 51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. 52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე. 53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა? 54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი. 55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ. 56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. 57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. 59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ. 12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. 15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე – იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. 31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. 41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს – ღმერთი. 42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 44. თქვენ მამათქვენის – ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. 52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. 53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? 54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. 55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. 56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. 57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? 58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. 59. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა. (შემდ. 9:1-41; # 100) |