100. ბრმადშობილის განკურნება

იერუსალიმი

29 წელი, დეკემბერი

მთ.

მკ.

ლკ.

ინ. 9     (წინ. 8:12-59; # 93)

1. და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან. 2. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა? 3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა. 4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ. 5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ. 6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა 7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა. 8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? 9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ. 10. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? 11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ. 12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი. 13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი. 14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო. 15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ. 16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის. 17. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს. 18. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა, 19. ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს? 20. მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა. 21. ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ. 22. ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი. 23. ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ. 24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს. 25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ. 26. მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი? 27. მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა? 28. ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ. 29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს. 30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი. 31. ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან. 32. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი. 33. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ. 34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე. 35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ? 36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი? 37. ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს. 38. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას. 39. და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ. 40. ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? 41. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.

1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. 4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. 5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. 6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას 7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. 8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? 9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ. 10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? 11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. 12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. 13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. 14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. 15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. 16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის. 17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. 18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს  19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?  20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; 21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. 22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. 23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა.  34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო?  37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. 39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. 40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? 41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.