102. განახლების დღესასწაული

იერუსალიმი

29 წელი, დეკემბერი

მთ.

მკ.

ლკ.

ინ. 10

22. და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო. 23. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა. 24. გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად. 25. მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს. 26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ. 27. ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე. 28. და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. 29. მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა. 30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ. 31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას. 32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე? 33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ? 35. უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი. 36. და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. 37. უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი. 38. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა. 39. ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.

22. ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. 23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. 24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. 25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. 27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. 29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. 30. მე და მამა ერთი ვართ. 31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. 32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? 33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? 37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. 38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე – მასში. 39. მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.