118. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

ბეთანია

30 წელი

მთ.

მკ.

ლკ.

ინ. 11 (წინ. 10:40-42; # 103)

1. იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა. 2. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო. 3. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. 4. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. 5. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე. 6. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. 7. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. 8. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა? 9. ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. 10. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა. 11. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. 12. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. 13. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა. 14. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. 15. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. 16. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა. 17. და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. 18. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ. 19. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს. 20. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. 21. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. 22. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. 23. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. 24. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. 25. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. 26. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? 27. ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად. 28. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ. 29. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. 30. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. 31. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა. 32. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. 33. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, 34. და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. 35. და ცრემლოოდა იესუცა. 36. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! 37. ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა? 38. ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. 40. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? 41. აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. 42. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. 43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! 44. და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის. 45. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ. 46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.

1. ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის – მართას სოფლელი. 2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. 3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის. 4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. 5. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. 6. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. 7. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. 8. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? 9. იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. 10. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. 11. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. 12. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. 13. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. 14. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა. 15. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან. 16. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ. 17. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. 18. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. 19. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. 20. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.  21. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. 23. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. 24. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. 25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. 26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? 27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. 28. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას – მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. 29. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. 30. რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. 31. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. 32. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. 33. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: 34. სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე.  35. მაშინ აცრემლდა იესო. 36. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. 37. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? 38. ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. 39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. 40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. 41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. 43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! 44. და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. 45. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. 46. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.