126. ორი იერიქონელი უსინათლოს განკურნება

იერიქონი

30 წელი

მთ. 20

29. და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. 30. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! 31. ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! 32. და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? 33. ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. 34. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას.

29. როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი. 30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! 31. ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! 32. იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან? 33. მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო. 34. შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.

(შემდ. 21:1-11; # 131)

მკ. 10

46. და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად. 47. და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 48. და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 49. დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ. 50. ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51. მიუგო და ჰრქუა მას იესუ: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი. 52. ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად. 47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე! 49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის. 50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა. 51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას! 52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.      

(შემდ. 11:1-11; # 131)

ლკ. 18 (წინ. 18:31-34; # 124)

35. და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად. 36. ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაჲ-მე არს ესე? 37. უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს. 38. და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 39. ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 40. და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას: 41. რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი. 42. ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. 43. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.

35. ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა. 36. ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია? 37. უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო. 38. მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე: 39. წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე! 40. იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა: 41. რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო! 42. იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. 43. მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.

ინ.