134.4. მეფის ძის ქორწილში მოწვეულთაგან ბოროტი თუ კეთილი მეინახეების შესახებ

მთ. 22

1. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: 2. ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. 3. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. 4. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. 5. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. 6. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. 7. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. 8. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. 9. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. 10. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. 11. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. 12. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. 13. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. 14. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი.

1. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: 2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. 3. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. 4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. 5. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. 6. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. 8. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. 9. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური. 10. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი. 11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი. 12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. 13. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი.

მკ.

ლკ.

ინ.