იერუსალიმი
30 წელი, 4 აპრილი, სამშაბათი
მთ. |
მკ. |
ლკ. |
ინ. 12 (წინ. 12:12-19; # 131) 20. იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. 21. ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ. 22. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს. 23. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ. 24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს. 25. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი. 26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან. 27. აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას. 28. მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო. 29. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას. 30. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს. 31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე. 32. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა. 33. ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად. 34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ? 35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. 36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან. 37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ. 38. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? (ეს. 53:1). 39. ამისთჳს ვერ ჰრწმენდა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია: 40. დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი (ეს. 6:9-10). 41. ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს. 42. ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ. 43. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ. 44. ხოლო იესუ ღაღატ-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი. 45. და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი. 46. მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს. 47. და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი. 48. ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა. 49. რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი. 50. და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყჳ. 20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. 22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. 23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. 25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან. 37. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი. 38. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა? 39. ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ: 40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის. 42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით. 43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა. 44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი. 45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს. 46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში. 47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად. 48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს. 49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო. 50. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი. (შემდ. 13:1-30; # 143.2) |