149. მაცხოვარი სინედრიონის სამსჯავროზე

მღვდელმთავრის სასახლე იერუსალიმში

30 წელი, 6-7 აპრილის გასაყარი, პარასკევის დასაწყისი

მთ. 26 (წინ. 26:47-56; # 147)

57. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.

(ნახე 26:58; # 150)

59. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, 60. და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი 61. და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. 62. მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ? 63. ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ? 64. ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ, ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. 65. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. 66. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა. 67. მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს 68. და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?

(შემდ. 26:69-75; # 150)

57. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი…

59. ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, 60. მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე, 61. რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო. 62. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ?  63. მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? 64. უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. 65. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი? 66. რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია. 67. მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ 68. და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?

მკ. 14 (წინ. 14:43-52; # 147)

53. და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

(ნახე 14:54; # 150)

55. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს. 56. რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი. 57. და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს, 58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი. 59. და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი. 60. და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? 61. ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ? 62. ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. 63. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? 64. გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა. 65. და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად.

(შემდ. 14:66-72; # 150)

53. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი…

55. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56. რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. 57. ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა: 58. ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო. 59. მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60. მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ? 61. ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? 62. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. 63. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი? 64. ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი. 65. ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.

ლკ. 22 (წინ. 22:47-53; # 147)

54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა.

(ნახე 22:54-62; # 150)

63. ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს. 64. და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ. 65. და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.

(შემდ. 22:66-71; # 151)

54. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში…

63. ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას; 64. თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა შენ? 65. და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი.

ინ.