150. პეტრეს მიერ ნაზარეველთან ერთად ყოფნაზე უარის თქმა

მღვდელმთავრის სასახლე იერუსალიმში

30 წელი, 6-7 აპრილის გასაყარი, პარასკევის დასაწყისი

მთ. 26 (წინ. 26:57; # 149)

58. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.

(26:59-68 ნახე # 149)

69. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. 70. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. 71. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. 72. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. 73. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. 74. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. 75. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

58. პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული. ..  

 69. პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი? 70. ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ. 71. და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო. 72. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. 73. ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. 74. მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა. 75. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

მკ. 14  (წინ. 14:53; # 149)

54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.

(14:55-65 ნახე # 149)

66. და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ. 67. და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა. 68. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო. 69. და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს. 70. ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს. 71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ. 72. და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.

54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა…

 66. ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი 67. და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? 68. მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა. 69. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო. 70. მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ,  რადგან კილოზე გეტყობა, რომ  გალილეველი უნდა იყო. 71. ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა.  72. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.

ლკ. 22  (წინ. 22:54; # 149)

54. პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

(შემდ. 22:63-65; # 149)

54. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა. 55. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა. 56. ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო. 57. მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას. 58. ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო. 59. ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია. 60. ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა. 61. მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო;  62. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

ინ. 18  (წინ. 18:13-14; # 148)

15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა. 16. ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე. 17. ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ. 18. დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.

(ნახე 18:19-24; # 148)

25. ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ. 26. ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა? 27. და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.

(შემდ. 18:28-30; # 152)

15. მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. 16. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე. 17. ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ. 18. რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა…

25. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ. 26. მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? 27. კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა.