158. გოლგოთასკენ მიმავალ გზაზე

იერუსალიმი

30 წელი, 7 აპრილი, პარასკევი

მთ. 27  (წინ. 27:26-30; # 155)

31. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. 32. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. 33. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. 34. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის.

31. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ. 32. გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი. 33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს, 34. მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.

მკ.15     (წინ. 15:15-19; # 155)

20. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. 21. და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. 22. და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი. 23. და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.

20. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი. 21. და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი. 22. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.

ლკ. 23 (წინ. 23:13-25; # 154)

26. და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა. 27. და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას. 28. მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა. 29. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს 30. მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! 31. რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს? 32. მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა. 33. და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი,..

26. ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ. 27. უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. 28. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. 29. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. 30. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ; 31. რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს? 32. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც. 33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე – მარცხნივ.

ინ.19 წინ.19:4-16;#156)

16. …ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. 17. და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა.

16. …და წაიყვანეს იესო.

 17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად – გოლგოთა