108. იესო ქრისტე ფარისევლის მთავრის სახლში; შაბათ დღეს წყალმანკიანი კაცის განკურნება; წვეულებაზე საპატიო ადგილზე დაჯდომის მსურველთამხილება და იგავი სერობაზე მოწვეულთა შესახებ

იორდანეს გადაღმა მიდამოები

30 წელი

მთ.

მკ.

ლკ. 14

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს. 7. და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ: 8. რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან; 9. და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად. 10. არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა. 11. რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს. 12. ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. 13. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა, 14. და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა. 15. ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე, და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა! 16. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა. 17. და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი. 18. და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან. 19. და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ. 20. და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მოსლვად. 21. და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა. 22. და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილი არსღა. 23. და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი. 24. ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.

1. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას. 2. და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი. 3. მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს? 4. ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა. 5. და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს? 6. ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას. 7. როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ: 8. ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს: 9. შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა. 10. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში. 11. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. 12. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. 13. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. 14. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას. 15. ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში. 16. ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. 17. როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო. 18. მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. 19. მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. 20. მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები. 21. დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. 22. მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. 23. მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. 24. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.

ინ.