135.3. რჯულის მოძღვრის შეკითხვა მთავარი მცნების შესახებ

მთ. 22

34. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. 35. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: 36. მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? 37. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა (სჯლ. 6:5). 38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. 39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (ლევ. 19:18). 40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.

34. ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ. 35. და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა: 36. მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? 37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. 38. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. 39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. 40. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

მკ. 12

28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; 30. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა (სჯლ. 6:5). ესე არს პირველი მცნებაჲ. 31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (ლევ. 19:18). უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. 32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; 33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. 34. და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.

28. მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება? 29. ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! 30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, – აი, უპირველესი მცნება. 31. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. 32. მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა;  33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი – ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია. 34. როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.

ლკ.

ინ.