8. იოანე ნათლისმცემლის წინადაცვეთა და ზაქარიას წინასწარმეტყველება

ქალაქი იუდეაში
ძვ. წ. აღ. 6 წელი, 14 ივლისი

მთ. მკ.

ლკ. 1

59. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია. 60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე. 61. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე. 62. და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა. 63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა. 64. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა. 65. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი. 66. და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა. 67. და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა: 68. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; 69. და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისა; 70. ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა, 71. ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა; 72. ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა; 73. ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა 74. უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა, 75. მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა. 76. და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა, 77. მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებად ცოდვათა მათთაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით 79. გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა.

59. მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია. 60. მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას. 61. უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას. 62. და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის. 63. ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას. 64. მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს. 65. შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი. 66. ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან. 67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: 68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი. 69. აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში. 70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ: 71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან; 72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას; 73. თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ, 74. მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, – მის მიმართ უშიშრად  75. და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე. 76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა. 77. და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება. 78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით. 79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.

(შემდ. 1:80; #19)

ინ.