15. მოგვთა თაყვანისცემა

ბეთლემი
ძვ. წ. აღ. 5 წლის მიწურული ან 4 წლის დასაწყისი

მთ. 2     (წინ. 1:24-25; # 10)

1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: 2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა. 3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა. 4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? 5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ: 6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი. 7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. 8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას. 9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი. 10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად. 11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. 12. და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.

1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. 3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. 4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე. 5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ: 6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს. 7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას. 9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. 10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. 11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.

მკ. ლკ. ინ.