20. იოანე ნათლისმცემლის ქადაგება ცათა სასუფევლის მოახლოების და უფლის მობრძანების შესახებ

მთ.

1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა 2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. 3. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. 5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. 6. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 7. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, 9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. 10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.

1. ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად. 2. და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 3. რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. 5. მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი. 6. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 7. როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას? 8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა. 9. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 10. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 11. მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით. 12. მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.

მკ

1. დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ. 2. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 3. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 4. იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 5. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 6. ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა, 7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. 8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

1. დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. 2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. 3. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 5. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. 7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

ლკ

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად. 6. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ. 7. და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა. 9. რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 10. და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ? 11. მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ. 12. მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? 13. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ. 14. ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი. 15. და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე, 16. მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 17. რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა. 18. და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.

1. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე – გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, – ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია – აბილენეს მეოთხედმთავარი; 2. ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში. 3. დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 4. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 5. ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება. 6. და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას. 7. და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას? 8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 9. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 10. ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო? 11. მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს. 12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ? 13. მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს. 14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას. 15. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით. 17. მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს. 18. ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

ინ

19. და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? 20. და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე. 21. და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა. 22. და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს? 23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან. 24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი. 25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი? 26. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით, 27. რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი. 28. ესე ბეთაბრას იყო, წიაღ-იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.

19. ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა იერუსალიმიდან წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? 20. და აღიარა, როდი უარყო; დიახ, აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. 21. ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა. 22. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე? 23. მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა. 24. ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანნი იყვნენ. 25. და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი? 26. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ. 27. ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი. 28. ეს ხდებოდა ბეთაბარაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე.