სიქარი
27 წელი
მთ. | მკ. | ლკ. | ინ. 4
4. ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ. 5. და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. 6. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე. 7. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. 8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ. 9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა. 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი. 11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი? 12. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი. 13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, 14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. 15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად. 16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. 17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი, 18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. 19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ. 20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. 21. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. 22. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს. 23. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ. 25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. 26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ. 27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა? 28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? 30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა. 31. და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე! 32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. 33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი? 34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი. 35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე. 36. და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა. 37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი. 38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით. 39. ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ. 40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. 41. და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. 42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე. 4. ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო. 5. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს. 6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი. 7. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო. 8. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად. 9. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან. 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ. 11. ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი? 12. ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც? 13. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. 14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში. 15. უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. 16. უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი. 17. მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. 18. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი. 19. უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა. 21. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. 22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. 23. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს. 24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. 25. ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ. 26. მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე. 27. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებით? 28. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29. მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი? 30. გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. 31. ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე! 32. იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. 33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი? 34. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. 35. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც. 37. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო. 38. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში. 39. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. 40. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. 41. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. 42. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე. |