47. თავთავების კრეფა და კაცისათვის შექმნილი შაბათი შესახებ

გზათ გალილეასკენ
28 წელი, ზაფხულის დასაწყისი

მთ. 12 (წინ. 12:25-30;# 21)

1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.2. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? 6. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. 7. უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. 8. უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა. 2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს. 3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? 4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ? 5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან? 6. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია. 7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ. 8. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

მკ. 2   (წინ. 2:18-22; # 45)

23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა.24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად! 25. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? 26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? 27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

23. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. 24. ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 25. ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 26. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

ლკ. 6 (წინ. 5:33-39; # 45)

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო.5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. 2. ზოგიერომა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 3. ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 5. და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

ინ.