62. ქარისა და ზღვის დამორჩილება

გალოლეის ზღვა

28 წელი

მთ. 8

23. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. 24. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. 25. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. 26. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. 27. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?

23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. 25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. 26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

მკ. 4     (წინ. 4:33-34; # 60.8)

35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?

41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას? 35. იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო. 36. გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას. 37. ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი. 38. ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? 39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა? 41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

ლკ.8     (წინ. 8:19-21; # 59)

22. და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს. 23. და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს. 24. და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი. 25. და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?

22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს. 23. ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ. 24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა. 25. და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?

ინ.