მთ. 14 13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან. 14. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი. 15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. 16. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. 17. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. 18. ჰრქუა მათ იესუ: მომართჳთ მე იგი აქა! 19. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. 20. და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. 21. ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. 13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან. 14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი. 15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. 16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. 17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა? 18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. 19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. 20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი. 21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. |
მკ. 6 31. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს. 32. და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. 33. და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა. 34. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად. 35. და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად. 36. განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს. 37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი. 39. და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა. 40. და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი. 41. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა. 42. და ჭამეს ყოველთა და განძღეს. 43. და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა. 44. და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი. 31. ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; – რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ. 32. და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით. 33. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ. 34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება. 35. და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; 36. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. 37. ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად? 38. მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. 39. მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი. 40. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი. 41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას. 42. ყველამ ჭამა და გაძღა. 43. და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი. 44. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი. |
ლკ. 9 10. … და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდაჲ. 11. ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა. 12. და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოონ საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ. 13. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი; გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი?14. რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული. 15. და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი ერი. 16. ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას. 17. და ჭამეს და განძღეს ყოველნი; და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი. 10. …ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა. 11. მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ლაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა. 12. როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ. 13. უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს. 14. რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი. 15. ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი. 16. ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. 17. ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი. (შემდ. 9:18-21; # 81) |
ინ. 6 (წინ. 5:1-47; # 46) 1. ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ. 2. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. 3. და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თჳსით. 4. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ. 5. აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ? 6. ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად. 7. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს. 8. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან: 9. არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე? 10. ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ. 11. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ. 12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების. 13. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს. 14. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად. 1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა. 2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას. 3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. 5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? 6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა. 7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. 8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა: 9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის? 10. იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი. 11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა. 12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო. 13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. 14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად. |