91.4. დღესასწაულის ბოლო დღეს მაცხოვრის საუბარი სულიწმიდას შესახებ

მთ.

მკ.

ლკ.

ინ. 7

37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ (ეს. 12:3). 38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. 39. ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ. 40. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი. 41. სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? 42. არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა (ეს. 9:7) და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე (მიქ. 5:2)? 43. და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის. 44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა.

37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. 38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. 39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო. 40. ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი. 41. მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა? 42. წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი. 43. და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში. 44. ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი.