…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.
30.08.2026. ხსნილი.
მიძინების შემდგომი დღესასწაული.
ღირსისა ტბელ აბუსერისძისა, ჰაგიოგრაფისა და ჰიმნოგრაფისა, ერისათვის თავდადებულისა (XIII); მღვდელმოწამისა მირონ ხუცისა (250); მოწამეთა პავლესი, დისა მისისა ივლიანასი, და სხვათა (273); მოწამეთა: თვირსესი, ლევკისა, კორონატისა და მოყვასთა მათთა (III); მოწამისა პატროკლესი (III); მოწამეთა: სტრატონისა, ფილიპესი, ევტიქიანესი და კვიპრიანესი (303).
დღის ლოცვები
სიყრმითგაან შეიყუარე ქრისტე, ყოვლადდიდებულო, და დაიმარხენ საღმრთონი მცნებანი მისნი, და მისსა მიმართ მიივლტოდი, ყოვლადუმანკო მირონ ყოვლადპატიოსანო; ანგელოზთა თანა ევედრე წადიერად და ითხოვე ყოველთა პატივის მცემელთა შენთათვის მოტევებაი ცოდვათა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: 1 კორ. 16: 13-24 (დას. 166). მთ. 21: 33-42 (დას. 87).
ცისკ.: მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ.: 1 კორ. 16: 13-24
13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. 14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე. 15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი; 16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ. 17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე, 18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ. 19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ. 20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. 21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე. 22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. 24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.
ლიტ.: მთ. 21: 33-42
33. სხვა იგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. 35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. 36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. 39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. 40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? 41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. 42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250)
წმიდა მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო, III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. იგი, ჩვეულებრივ, მეტად თავმდაბალი და გულმოწყალე იყო, მაგრამ საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა, როცა საქმე სულიერი შვილების დაცვას შეეხებოდა. ერთხელ, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ნეტარი მამა ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უეცრად მლოცველთა დასატუსაღებლად და ჯალათთათვის გადასაცემად ტაძარში შეიჭრა ადგილობრივი მთავარი ანტიპატრი მხედრებთან ერთად. ეს რომ იხილა, მირონი გამოესარჩლა სამწყსოს და გაბედულად ამხილა მმართველი სისასტიკეში. ამისთვის მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს: დაკიდეს, რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ქურიდან გადმომსკდარმა ალმა მახლობლად მდგომი ასორმოცდაათი ადამიანი იმსხვერპლა, თავად წმიდა მამა კი, ღვთის ნებით, უვნებელი გადარჩა. მაშინ მმართველმა მარტვილს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ბრძანა, ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები მისი სხეულიდან. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. განრისხებულმა ანტიპატრმა ქრისტეს გატყავებული ზვარაკი მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად. ნადირები არ მიეკარნენ უფლის რჩეულს. საკუთარი უძლურების შეგრძნებით გააფთრებულმა და სასოწარკვეთილმა მთავარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს თავი (+250). წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი (III)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი ბითვინიის კესარიაში და აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ზოგიერთები წმიდა კორონატს აიგივებენ კორნუტთან, ნიკომიდიელ ეპისკოპოსთან, რომლის ხსენებაც 12 სექტემბერს აღინიშნება. წმიდა მოწამენი: პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი (+დაახლ. 273)
წმიდა მოწამე პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი დაახლოებით 273 წელს, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდში.ცნობები მათ შესახებ 4 მარტის საკითხავშია მოთავსებული.
წმიდა მოწამე პატროკლე (III)
წმიდა მოწამე პატროკლე ცხოვრობდა, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა – საფრანგეთში) იყო. უფალმა იგი სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. იმპერატორმა ავრელიანემ თავისთან მოუხმო წმიდანს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ზეციური დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა: „მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, არც შენ შეგიძლია, გლახაკს, მე რამე შემომთავაზო“. „როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს?“ – განრისხდა ავრელიანე. ნეტარმა მიუგო: „შენ დიდი მიწიერი საგანძურის მფლობელი ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია ზეციური საუნჯე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში სამოთხის ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ, – ამიტომ ხარ გლახაკი“. ურჩობისა და კადნიერებისათვის თვითმპყრობელმა თავის მოკვეთა მიუსაჯა მარტვილს. მხედრებმა მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) ნაპირზე გაიყვანეს იგი, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მდინარის მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმიდანის გაქრობით გაოცებულმა ზოგმა მეომარმა ადიდა ღმერთი, სხვებმა კი სასწაული ჯადოქრობას მიაწერეს. ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა მხედრებს, რომ პატროკლე მეორე ნაპირზე იმყოფებოდა. უღმრთოებმაც გადალახეს მდინარე და უფლის რჩეული სიცოცხლეს გამოასალმეს (+დაახლ. 275). მისი სხეული მღვდელმთავარმა ევსებიმ და დიაკონმა ლიბერიუსმა ღამით პატივით მიაბარეს მიწას. წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე (+დაახლ. 303)
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე ნიკომიდიაში ეწამნენ. ისინი სანახაობებზე დადიოდნენ და წარმართებს მოუწოდებდნენ, დაეგდოთ კერპთა თაყვანისცემა. მადლიანმა მქადაგებლებმა მრავალი მოაქციეს ქრისტიანობაზე. მმართველმა შენიშნა, რომ სახალხო სანახაობებს მაყურებლები სულ უფრო და უფრო აკლდებოდა და მარტვილები თავისთან მოიხმო. მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. მაშინ ისინი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს (+დაახლ. 303). წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII)
წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.
როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა.
წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ – კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.
წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.
ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.
გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.