31.08.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

31.08.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

31.08.2026. ორშაბათი. ხსნილი. 

მიძინების შემდგომი დღესასწაული.

ღირსისა ქრისტოდულე ფილოსოფოსისა (XII); მოწამეთა ფლოროს და ლავროსისა (II); მოწამეთა: ერმოსი, სერაპიონისა და პოლიენოსი (II); მღვდელმოწამისა ემელიანე ეპისკოპოსისა და მის თანა: ილარიონისა, დიონისესი და ერმიპესი (IV); იოანე (674) და გიორგი (683) კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა მაკარი პელიკიტელ იღუმენისა (830); ღირსისა იოანე რილელისა (946). 

დღის ლოცვები 

მოწამეთა ფლოროსის და ლავროსის

ტროპარი: ყოვლადშუენიერთა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებდეთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროს ყოვლადსანატრელსა და ლავროს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიდებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსნეთ ჭირთა, და განსაცდელთაგან, და რისხვათა და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

2 კორ. 12: 10-19 (დას. 195). მკ. 4: 10-23 (დას. 16).

2 კორ. 12: 10-19 

10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი. 11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ. 12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით. 13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა. 14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ – თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები – შვილებს. 15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ? 16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ? 17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე? 18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით? 19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.

მკ. 4: 10-23 

10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი. 11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება. 12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები. 13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? 14. მთესავი სიტყვას თესავს. 15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. 16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; 17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან. 18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, 19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას. 22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 23. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი (II)
წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ცხოვრობდნენ ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი – ილირიაში (დღევანდელი იუგოსლავია). ძმები ქვისმთლელობას მისდევდნენ. ეს ხელობა მათ ქრისტიანების, პროკლესა და მაქსიმესგან შეითვისეს, მათგანვე ისწავლეს ღვთივსათნო ცხოვრებაც. ილირიის მმართველმა ლიკაონმა ფლოროსი და ლავროსი მეზობელ ოლქში გაგზავნა წარმართული ტაძრის მშენებლობაზე. წმიდანები შრომაში აღებული საზღაურის უმეტეს ნაწილს გლახაკებს ურიგებდნენ, თავად კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდნენ, მკაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ. ერთხელ მშენებლობაზე ადგილობრივი ქურუმის, მამერტის ვაჟი მოვიდა. მას გაუფრთხილებლობის გამო თვალში ქვის ნამსხვრევი მოხვდა და ძლიერ დაუზიანდა. ფლოროსმა და ლავროსმა განრისხებული მამა დაამშვიდეს და დააიმედეს, ჭაბუკი კი თავისთან წაიყვანეს და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში დამოძღვრეს. როცა სნეულმა ირწმუნა ქრისტე, წმიდა ძმებმა ილოცეს და ყმაწვილს დაშავებული თვალი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ქურუმმაც მთელ სახლეულთან ერთად ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათ სხვებმაც მიბაძეს… მორწმუნეთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა და როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მასში უკვე სამასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. მაცხოვრის მსასოებლებმა შემუსრეს კერპები, საყდრის აღმოსავლეთ ნაწილში კი წმიდა ჯვარი აღმართეს. შემდეგ ისინი, ზეციური ნათლით გაბრწყინებულები, მთელი ღამე ლოცულობდნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტინს ძითა და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკაონთან გაგზავნეს, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და შიგ ცოცხლად ჩამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. ისინი პატივით გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში. 
წმიდა მოწამენი: ერმი, სერაპიონი და პოლიენი
წმიდა მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი რომაელები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. როცა დატუსაღებული წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს, მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა ვიწრო და უვალ ადგილებში, ქვებზე და შვერილებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვაში სული არ აღმოხდათ და ზეციურ დიდებას არ შეერთვნენ. 
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე (+დაახლ. 300)
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან – ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით მან ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარკელინემ. ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) სამსჯავროზე წარადგინეს. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ ემელიანემ ილოცა და იესო ქრისტეს სახელით წამოდგომა უბრძანა სნეულს. ისიც, სრულიად გამოჯანმრთელებული, წამოდგა და სიხარულით გაიქცა შინისაკენ. ეს სასწაული იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტიანული სარწმუნოებისკენ იწყო გადადრეკა, მაგრამ მოგვებმა დაარწმუნეს, მღვდელმთავარი ჯადოსნობით მოქმედებსო.
მოწამე ბორბალზე დააკრეს, ადუღებულ კალაში ჩააგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი უვნებელი დარჩა. საკვირველი სახილველებით შეძრული ხალხი ყვიროდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა! განთავისუფლდეს მისი მონა!“ ამ დღეს ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და, მოწამის გვირგვინით შემკული, შეერთო სასუფეველს. გონდაკარგულმა მტარვალმა ბრძანა, ის მხეცებიც დაეხოცათ, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემელიანე კი მადლობდა უფალს იმის გამო, რომ გარეული ნადირებიც ქრისტეს სადიდებლად იღუპებოდნენ. წმიდა ემელიანე ძმებთან და მოძღვართან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს. ილარიონს, დიონისეს და ერმიპეს წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ემელიანე ქალაქგარეთ დასაჯეს სიკვდილით. როცა ჯალათმა ნეტარს ქედზე მახვილი დაჰკრა, იგი ცვილივით გაიღუნა და ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა უფლის რჩეულს. მხედრები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, შენდობა სთხოვეს და ქრისტე აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად. მღვდელმოწამე ემელიანემ მუხლმოყრილმა ილოცა მათთვის და უფალს შესთხოვა, მოწამეობრივი აღსასრულის ღირსი გაეხადა. წმიდანის ვედრება შესმენილ იქნა: მეორე ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან გადმომსკდარი რძის დანახვაზე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე მაცხოვარი. ნეტარი მარტვილის პატიოსანი ცხედარი მათ კრძალვით მიაბარეს მიწას (+დაახლ. 300).
წმიდა იოანე (+674) და გიორგი (+683) – კონსტანტინოპოლელი პატრიარქები
წმიდა იოანე V კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო 669 წლიდან 674 წლამდე, წმიდა გიორგი I კი – 678 წლიდან 683 წლამდე. ორივენი იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ზეობისას მოღვაწეობდნენ.
ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელი (VI)
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე. 
ღირსი იოანე რილელი (+946)
ღირსი იოანე რილელი – დიდი ბულგარელი მამა – 876 წელს დაიბადა სრედეცის (დღევანდელი – სოფია) ოლქის სოფელ სკრინოში. ადრე დაობლებული ყმაწვილი უცხო ხალხში მწყემსად დადგა. ერთხელ იგი სასტიკად სცემეს, რადგან ნახირს ძროხა და ხბო დააკლდა. ბიჭი დიდხანს ტიროდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს შემწეობას. ღმერთმა შეისმინა მისი – აპოვნინა დაკარგული პირუტყვი, მაგრამ ამასთანავე მდინარე სტრუმეც ადიდდა. იოანემ ილოცა, თავისი პერანგი გაჰფინა წყალზე, ზედ ჯვარი გამოსახა, გაიარა მდინარეზე, როგორც ხმელზე და ხბოთი მეორე ნაპირზე გავიდა, სადაც ძროხა ადრევე გაეყვანა. საქონლის მდიდარი მეპატრონე ტყიდან ჩუმად უთვალთვალებდა წმიდანს. იგი შეაძრწუნა ამ სასწაულმა, უხვად დააჯილდოვა ყმაწვილი და გაათავისუფლა. იოანემ მოწყალებად გასცა მთელი ქონება და სოფელიც დატოვა. თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო შემზადებული. ერთხელ წმიდა მამას ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. მალე მას მოაშურა ძმისწულმა, წმიდა ლუკამაც. ეს ადგილი ისეთი უკაცრიელი იყო, რომ ლუკას გამოჩენა მოსაგრემ თავდაპირველად ეშმაკის საცდურად ჩათვალა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ჭაბუკი გულწრფელად ესწრაფოდა ცხონებას, სიყვარულით მიიღო იგი. ბიძა-ძმისწულს დიდხანს არ დასცალდათ ერთად ყოფნა. იოანეს ძმამ გაიგო შვილის ადგილსამყოფელი და ძალით წაიყვანა სახლში. შინისაკენ მიმავალი ჭაბუკი გზაზე გველმა დაგესლა და გარდაიცვალა. სინანულში ჩავარდნილმა მამამისმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან. ღირსი მოსაგრე შემდგომში ხშირად დადიოდა მართალი ყმაწვილის საფლავთან – იქაურობა მის უსაყვარლეს ადგილად იქცა. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა. წმიდა იოანე უდაბნოს მწირი ბალახებით იკვებებოდა, მაგრამ ღვთის განგებით, მალე მის ირგვლივ ცერცვის ყანა აღმოცენდა. ერთხელ მოულოდნელად დამფრთხალი ცხვრის ფარა აუყვა მთის ციცაბო ბილიკებს და იოანეს სამკვიდრებელთან გაჩერდა. ცხვრების კვალში ჩამდგარი მწყემსების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იხილეს სახენათელი ბერი, გულთბილად რომ ეპატიჟებოდა მათ: „მშივრები იქნებით – მიირთვით ჩემი ცერცვი“. ყველანი დანაყრდნენ, ერთმა მეცხვარემ კი ზედმეტი ნაყოფიც დაკრიფა, გადამალა და, როცა შინისაკენ გაუყვნენ გზას, ამხანაგებს შესთავაზა. მოპარულ პარკებში ერთი მარცვალიც არ აღმოჩნდა. სირცხვილეული მწყემსები უკან დაბრუნდნენ პატიების სათხოვნელად, იოანემაც შეუნდო სტუმრებს და ღიმილით უთხრა: „ხედავთ, შვილებო?! – ეს ნაყოფები ღმერთს მეუდაბნოის გამოსაკვებად მიუნიშნავს“. ამ დროიდან მოყოლებული, ღირს მამასთან მრავლად მოჰყავდათ სნეულები და ბოროტი სულით შეპყრობილები, რომელთაც იგი ლოცვით კურნავდა. კაცთამიერი დიდებისაგან თავი რომ მოეზღუდა, მოსაგრე მაღალ და მიუვალ კლდეზე დამკვიდრდა და შვიდი წელი იცხოვრა ღია ცის ქვეშ. როცა ხმამ დიდი მეუდაბნოის შესახებ ბულგარეთის მეფე პეტრემდე (927-969) მიაღწია, მან წმიდა ბერის ნახვა ისურვა; ღირსმა იოანემ კი მხოლოდ ეპისტოლე გაუგზავნა თვითმპყრობელს, ხოლო მასთან შეხვედრას თავი აარიდა. მოგვიანებით, ღვთის კურთხევით, მეუდაბნოეს დაეკისრა ზრუნვა იმ ძმების სულებზე, რომლებმაც ტაძარი და მონასტერი მოაწყვეს ღირსი იოანეს უწინდელ მღვიმეში. 946 წლის 18 აგვისტოს წმინდანმა სამოცდაათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალებამდე ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ – ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი.
ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი (XII)
ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.
ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ჴსენებაჲ სიტყვისგებისაჲ და სასჯელისაჲ სჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“. აქ მოთხრობილ ამბავს ავსებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, რომელშიც გვაქვს ცნობები „მამისა ქრისტოდულე ოსად წოდებულისათჳს“.
ამ ცნობების მიხედვით, მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსი ყოფილა, წმიდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე.
როცა საქართველოში სპარსთა ხელმწიფე იამამე შემოიჭრა, თბილისში იგი უომრად შემოუშვეს, რისთვისაც უსჯულო მეფე მათ კეთილად მოექცა და „მრავალთა მიანიჭა საბოძვარნი“.
ერთხელ იამამემ შეკრიბა ქართველნი და სარკინოზნი. მათ შორის იყო ქართველი ბერი ქრისტოდულეც. მასა და სარკინოზებს შორის ამ კრებაზე პაექრობა გაიმართა. ბერს შეეკამათა ჯერ თვით იამამე ხელმწიფე, რომელიც ძლეულ იქნა, შემდეგ მას შეენაცვლა ვინმე მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი. ისიც რომ ვერას გახდა, მოუწოდეს „კაცსა ვისმე მოძღუარსა და სიტყჳს მეცნიერად საგონებელსა“, რომელიც თითქოს უფრო მომზადებული იყო საპაექროდ. კამათი წარმოებდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: აზრი და მნიშვნელობა ქრისტიანთა ბერმონაზვნობისა; იესო ქრისტეს ღვთაება და განხორციელება; არის თუ არა მუჰამედი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ბერს თავისი არგუმენტები მოჰყავდა როგორც საღვთო წერილიდან, ისე ყურანიდან. მან სძლია მეტოქეებს, რომელნიც „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ.
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ათონის მთაზე მოგზაურობას, მოიხსენიებს იქ მოღვაწე მამებს და წერს: „…და იყო მუნ დაყუდებული ქართველი ანთიმოს ჯავახი, შორად მყოფი სენაკებსა, ესე არა გამოვიდოდის სენაკით ფრიადისა შიშვლოებისა და უპოვარებისა მისისათვის. და იყო სხუა ქართველი, გერმანე ატოცელი სამარლანაშვილი და კვალად ფცელი გერასიმე და იმერელი, საქარელი ხრისტოდულო და კვალად პატიოსანი და დაყუდებული კახი, საალავერდელო გრიგოლი, ფრიად პატიოსანი მონაზონებითა“.
სხვაგან ტიმოთე გაბაშვილი აღწერს პატმოსზე მოგზაურობას და ამბობს: „და იყო მთლივ გვამი წმიდისა ხრისტოდულოსი მუნ“.
სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს გაემგზავრა, ქართველთა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე.