1.05.2026. აღდგომიდან მე-3 შვიდეული. პარასკევი

1.05.2026. აღდგომიდან მე-3 შვიდეული. პარასკევი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული. პარასკევი
1.05.2026.ხსნილი თევზით 

ღირსისა ბასილისა (რატიშვილი, XIII); ღირსისა იოანესი, ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (820-850); მოწამეთა: ბიქტორისა, ზოტიკესი, ზენონისა, აკვინდინესი და სევერიანესი (303); კოზმან აღმსარებელისა, ქალკედონელ ეპისკოპოსისა, და ღირსისა ავქსენტისა (815-820); მოწამისა იოანე ახლისა, იოანინელისა (1526).

დღის ლოცვები

ღირსი იოანეს, მოწაფისა ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის კონდაკი:
ცხორებაი შენი განაშუანე კრძალულებითა, მამაო, და ხორცნი მოაკუდინენ, და სძლე მტერისა მანქანებასა, ყოვლადნეტარო, და აღხედ ღმრთისა მიმართ უჭირველსა და დაუსრულებელსა ცხორებასა, ვითარცა ღირსი მკვიდრობისა; იოანე, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

საქმ. 8: 40-9: 19 (დას. 21). ინ. 6: 48-54 (დას. 23).

საქმ. 8: 40-9: 19 

40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.

1. ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა 2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს. 3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით. 4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? 5. მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს. 7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. 8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში. 9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა. 10. ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო! 11. უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი. 12. ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი. 13. მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. 14. აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს. 15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. 16. მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის. 17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით. 18. მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრა, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო. 19. საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.

ინ. 6: 48-54 

48. მე ვარ პური სიცოცხლისა. 49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. 50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. 51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. 52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? 53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 
მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე (+303)
წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე (+303) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის (+303, ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმიდა ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ესწრებოდნენ წმიდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტეს მიმდევრები იყვნენ. მსაჯულის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (+დაახლ. 303). 
წმიდა კოზმან აღმსარებელი, ქალკედონელი ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი (+815-820)
წმიდა კოზმან ქალკედონელი და ღირსი ავქსენტი (+815-820) ცხოვრობდნენ IX საუკუნეში, როცა ხატმებრძოლები დევნიდნენ მართლმადიდებლებს. წმიდა კოზმანი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდგომ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატმებრძოლი ერეტიკოსებისაგან. ამ საქმეში მისი ერთგული თანაშემწე იყო ღირსი ავქსენტი.
ხატმებრძოლები მრავალგზის ამაოდ ეცადნენ თავიანთ მხარეს გადაედრიკათ წმიდა ეპისკოპოსი, იგი არ დაემორჩილა იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) ბრძანებას ტაძრიდან წმიდა ხატების გატანის თაობაზე. ურჩობისათვის კოზმანს მღვდელმთავრის ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც იგი ღირს ავქსენტისთან ერთად მტკიცედ იცავდა ხატთა თაყვანისცემის უძველეს და წმიდა წესს.
ღირსი იოანე, მოწაფე გრიგოლ დეკაპოლელისა (IX)
წმიდა იოანე ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე იყო. იოანემ ახალგაზრდობაშივე დასთრგუნა ხორციელი ვნებები და მთელ დღეებს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. წმიდა გრიგოლს ძალიან უყვარდა მისი მორჩილი და ბრძენი მოწაფე, წმიდა იოანეც ყოველმხრივ ცდილობდა მიებაძა მისი მოძღვრისთვის, იგი კეთილმსახურებითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ყოველივე ლოცვა-კურთხევას.
ხატმბრძოლთა ერესის მძიმე დროში, ლეონ სომეხის მეფობისას, წმიდა გრიგოლი და იოანე კონსტანტინეპოლში ჩავიდნენ და იქ განამტკიცებდნენ მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. წმიდა იოანე იქვე აღესრულა, დაახლოებით 820-850 წლებში.
წმიდა იოანე მგალობელმა (ხს. 4 აპრილს) წმიდა იოანე დაკრძალა მისი მოძღვრის, წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის გვერდით.
ღირსი მამაჲ ჩვენი ბასილი (რატიშვილი) (XIII)
ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა.
წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა. გაუთავებელ ომებს ქართველთა სისხლი ეწირებოდა. ამას ზედ დაერთო ჩვენი ცოდვების გამო გარდამოვლენილი სასჯელი ღვთისა – საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მთელი სამცხე და ქართლი დაანგრია.
ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა, დაიწყო შინაომები, ქართველები მტრებსაც კი აღემატებოდნენ უზნეობით და ურჩობით. დემეტრე მეფეს კვლავ უწევდა მსხვერპლის გაღება, რასაც თანამედროვენი რენეგატობასა და სისუსტეში უთვლიდნენ. 15 წლის მეფე პოლიტიკური მოსაზრებით ტრაპიზონის სამეფოს ტახტის მფლობელის კომნენოსის ასულზე დააქორწინეს. შემდეგ, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შერთეს, მესამე ცოლად კი თავად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. ასე რომ, ყოველგვარი სულიერი სათნოებით გამორჩეული, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა ხელის ამპყრობელი მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა. უსაყვარლესი დაჲ თამარი არღუნ ყაენს მისცა რძლად, რომელიც შემდეგ მიხრწნილმა სადუნ მანკაბერდელმა გამოისყიდა და ცოლად დაისვა; მცირეწლოვანი ასული რუსუდანი კი მონღოლთა დიდ ნოინს – ბუღას ვაჟს მიათხოვა.
ამგვარი საქციელის გამო მეფე ამხილა საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზმა და როცა ვერარა შეასმენინა, თავად განიძარცვა ეკლესიის საჭეთმპყრობელის პატივი.
წარმართებში აღრეული მეფის სამხილებლად წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი. მეფეს მიეახლა და ვითარცა მოციქულმა, ამხილა ცოდვათა გამო, მოუწოდა დაეტოვებინა „უწესონი ქორწინებანი“, სამაგიეროდ კი შეჰპირდა: „მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“.
ღირსმა ბასილიმ მეფესთან ერთად მთავრებიც ამხილა და მათი დაფარული გულისზრახვანი გააცხადა. დემეტრემ და მისმა ამალამ უგულუბელს-ჰყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი. მაშინ წმიდა ბერმა მომავალი უწინასწარმეტყველა მეფეს: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუაჲ ჩემი. უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.
გაოგნებულმა მეფემ მდუმარედ მოისმინა ბერის სიტყვები და თავი დადრიკა, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.
მალე გაცხადდა ბასილი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. საქართველოს მეფესა და მის ერზე განსაცდელი გარდამოვიდა. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების გამო დემეტრე მეფე ურდოში დაიბარეს. „ბოროტად და უპატიოდ“ მოიკლა ქრისტეს მიერ შეყვარებული მეფე მძლავრთა მიერ, „სხუამან დაიპყრა“ სამეფო მისი – იმერეთიდან დავით ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, „შვილნი მისნი მიმოდაიბნინენ“: ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ – ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოლღარმა თავის სახლობას წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე კი – გიორგი (მომავალი გიორგი ბრწყინვალე) ნათელასთან ერთად ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გამოზარდა.
ასე მოუვლენდა უფალი „ჟამით-ჟამამდე“ საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად წმიდანებს, რომელთა სახელები ცათა შინა არს დაწერილი. 
მოწამე იოანე ახალი (+1526)
წმიდა მოწამე იოანე ახალი (+1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინეპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი იყიდა და ხელოსნობა დაიწყო.
წმიდა იოანე შრომისმოყვარე იყო, პატიოსნად ასრულებდა ყველა შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ზეცათა სასუფეველს მიელტვოდა.
წმიდა იოანე მძიმე დროში ცხოვრობდა. კონსტანტინეპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საყვედურობდა განდგომილებს, რისთვისაც მათ მოიძულეს წმიდანი და მისი დაღუპვა განიზრახეს. იოანემ ეს იცოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან, ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებული, თვითონვე ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის.
დიდ პარასკევს წმიდა იოანე თავის სულიერ მოძღვართან წავიდა და კურთხევა სთხოვა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. მღვდელმა ჭაბუკს ურჩია, თავი გამოეცადა და ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყო წამებისათვის. წმიდა იოანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, განემტკიცებინა იგი. წმიდანმა დიდ შაბათს ძილში იხილა, რომ ცეცხლოვან ღრუბელზე იდგა და გალობით განადიდებდა უფალს. ეს ხილვა მან მოწოდებად მიიღო, უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მოძღვარს კვლავ სთხოვა კურთხევა.
ბაზარში მისულ წმიდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება დაუწყეს. პასუხად წმიდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასოდეს უარყოფდა თავის სარწმუნოებას. მაშინ რჯულის მოღალატეებმა სასამართლოში დააბეზღეს წმიდა მოწამე. მსაჯულები ცდილობდნენ გადაებირებინათ იგი, მაგრამ წმიდა იოანემ მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. წმიდანს რამდენიმე დღე უმოწყალოდ ცემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმიდა იოანე სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა. მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავ კოცონში შეაგდეს.
ქრისტიანებმა შეაგროვეს წმიდანის ძვლები და სასოებით დაკრძალეს ტაძარში.