1.09.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

1.09.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

1.09.2026. სამშაბათი. ხსნილი. 

მიძინების შემდგომი დღესასწაული.

მოწამეთა ანდრია სტრატილატისა და მის თანა 2593-თა მოწამეთა (284-305); მოწამეთა: ტიმოთესი, აღაპისა და თეკლასი (304-306); მღვდელთმთავრისა პიტირიმისა, პერმელ ეპისკოპოსისა (1455). 

დღის ლოცვები 

მოწამე ანდრია სტრატილატისა და მისთანა 2592-თა მოწამეთა

ტროპარი: ქუეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე და ზესთა მეუფისა დაიმკვიდრენ სისხლთა წვეთითა, ვითარცა ყოვლადსაკვირველითა ქვითა უხრწნელი გვირგვინი შეიმკე, და ქრისტეს მიმართ მიიწოდენ კრებული ღუაწლისა მძლეთა გუნდთა თანა ანგელოზთასა, დაუვალი მზე, ქრისტე, მოიპოვე, წმიდაო ანდრია სტრატილატო, მას ევედრე თანა ვნებულთა შენთა თანა მარადის, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.
კონდაკი: წინაშე უფლისა სდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი მზისა, და საუნჯედ გულის სათქუმელად იხილვე სასუფეველისა სიხარულითა გამოუთქმელითა აღვსებული, და უკვდავსა მეუფესა დაუსრულებელსა შინა საუკუნესა ანგელოზთაგან დაუცხრომელად საქებელსა უგალობდე, ანდრია სანატრელო, მათ თანავე ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

2 კორ. 12: 20-13: 2 (დას. 196). მკ. 4: 24-34 (დას. 17). 

2 კორ. 12: 20-13: 2 

20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა. 21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ. 

1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. 2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.

მკ. 4: 24-34 

24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რთმელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. 25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში. 27. სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. 28. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. 29. და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. 30. და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? 31. ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად. 32. მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ. 33. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე (+დაახლ. 302)
წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა. როცა სპარსელთა ურიცხვმა მხედრობამ სირიის საზღვრები გადალახა, მმართველმა ანტიოქოსმა მომხდურებთან ბრძოლის ხელმძღვანელობა სწორედ მას დაავალა. ბრძოლის წინ წმიდანმა ასე მიმართა თავის მცირერიცხოვან მხედრობას: წარმართული ღმერთები – ეშმაკებია და მათგან შემწეობის მოლოდინი ამაოაო, და უქადაგა ქრისტე, ყოვლადძლიერი მეუფე ზეცისა და ქვეყანისა. სტრატილატის სიტყვებით სულიერ თვალებახელილმა მებრძოლებმა მაცხოვრის სახელი ახსენეს და ისე ეკვეთნენ მტერს. შედეგად – მცირე რაზმმა სპარსთა უთვალავ სპას სამარცხვინო დამარცხება აგემა და ქვეყნიდან განდევნა. ამ ლაშქრობამ წმიდა ანდრიას სახელი ბრწყინვალე დიდებით შემოსა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. წამების შემდეგ მმართველმა ანტიოქოსმა წმიდანი სხვა მხედრებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარა და დიოკლეტიანეს აუწყა მომხდარის შესახებ – თავად ვერ გაბედა სახელგანთქმული გმირის სიკვდილით დასჯა. უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით ცალ-ცალკე მოეკლათ.
საპყრობილიდან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის, ნონეს ხელით ნათელიღეს. შემდგომ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის ოლქის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი რაზმით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა – გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად. ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის; ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა, მაკურნებელი წყარო აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურთ, მახვილებით აჩეხეს (+დაახლ. 302). იმავ წამს მიწიდან მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა. ეპისკოპოსები პეტრე და ნონე ღვთისმსახურებთან ერთად ფარულად მიჰყვებოდნენ ნეტარი ანდრიას რაზმის კვალს. უფალმა სწორედ მათ არგუნა მარტვილთა წმიდა ცხედრების დაფლვა.
წმიდა მოწამენი: ტიმოთე, აღაპი, თეკლე (+დაახლ. 304)
წმიდა მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე 304 წელს ეწამნენ. წმიდა ტიმოთე პალესტინის კესარიის ქალაქ ღაზაში დაიბადა. მან შეისწავლა საღმრთო წერილი და თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის წლებში ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და მმართველი ურბანოსის სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი, როცა მის მოუდრეკლობაში დარწმუნდნენ, ცეცხლში შეაგდეს და დაწვეს.
იმავე ქალაქში და იმავე წელს ეწამნენ ქრისტესთვის წმიდა აღაპი და თეკლა. ისინი მტარვალებმა ველურ მხეცებს დააგლეჯინეს. 
წმიდა პიტირიმი, პერმის ეპისკოპოსი (+1456)
წმიდა პიტირიმმა, ველიკოპერმელმა ეპისკოპოსმა, მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (+1441 წლის შემდგომ; ხს. 24 იანვარს) შემდეგ ჩაიბარა ველოკომპერის საეპისკოპოსო კათედრა. მანამდე ნეტარი მამა არქიმანდრიტის ხარისხში წინამძღვრობდა ჩუდოვოს მონასტერს. მოგვიანებით მან შექმნა კანონი მოსკოველი მიტროპოლიტის, წმიდა ალექსისა (ხს. 12 თებერვალს) და შეკრიბა ცნობები მისი ცხოვრების შესახებ. წმიდა პიტირიმის მოციქულებრივი ღვაწლი მალე დაეტყო ეპარქიაში შემავალ წარმართთა ცხოვრებას და ნელ-ნელა, მათი ქრისტიანობაზე მოქცევის პარალელურად, სისხლისღვრამაც იკლო.
წმიდანის ღვაწლით გაავებული ვოგულთა ტომის წარმართი მეთაური ასიკა, რომელიც თანდათან კარგავდა გავლენას ხალხზე, ერთხელ თავს დაესხა მღვდელმთავარს და სიცოცხლეს გამოასალმა. ორმოცი დღის განმავლობაში ესვენა წმიდა პიტირიმის გვამი პაპანაქება სიცხეში, მაგრამ ხრწნილება არ მიჰკარებია. იგი დაკრძალეს უსტ-ვიმის ხარების საკათედრო ტაძარში.