…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? (1.კორ. 4: 7).
…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43)
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
პარასკევი. მარხვა
ღირსისა გიორგი მთაწმიდელისა (1066)*; მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918)*; ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (530); მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (IL); ღირსისა სევეროს ხუცისა (VI).
დღის ლოცვები
ღირსი გიორგი მთაწმინდელის კონდაკი:
ათთორმეტთა მზეთა შორის მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ სანთლითა ღმრთისმეტყუელებისათა, ბრძენო გიორგო, რამეთუ ადიდა მიცვალებაი შენი დღესასწაულსა თვისთა მეგობართასა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ გუეყავ ჩუენ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: 1 კორ. 4: 5-8 (დას. 130, შუა). მთ.13: 44-54 (დას. 55).
ღირ.: რომ. 3: 28 – 4: 3 (დას. 85). მთ. 7: 24 – 8: 4 (დას. 24).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: 1 კორ. 4: 5-8
5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ. 6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ. 7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? 8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.
ლიტ.: მთ.13: 44-54
44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. 45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. 46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. 47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; 48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. 49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; 50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. 52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. 53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
ღირ.: რომ. 3: 28 – 4: 3
28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. 29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. 30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი – რწმენით. 31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
1. რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე? 2. თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. 3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“.
ღირ.: მთ. 7: 24 – 8: 4
24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. 25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. 27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი. 28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება. 29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი. 2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან. 4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მართალი იოანა მენელსაცხებლე (I)
წმიდა იოანა მენელსაცხებლე, მეუღლე ჰეროდეს სახლის უფლისა, ხუზასი, იყო ერთი იმ დედათაგანი, რომლებიც მქადაგებლური მოღვაწეობის დროს თან ახლდნენ და ემსახურებოდნენ უფალ იესო ქრისტეს. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ სხვა დედებთან ერთად იოანაც მივიდა უფლის საფლავთან და „ანგელოსთაგან ესმა ხმა საწადელი: რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა?! არა არს აქა, არამედ აღსდგა საფლავით და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა“.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი მდიდარი და კეთილშობილი რომაელების შვილი იყო. სიჭაბუკეში მან მშვენიერი განათლება მიიღო, ექიმობის ხელოვნებას დაეუფლა და უსასყიდლოდ მკურნალობდა სნეულებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ სამსონმა მონები გაათავისუფლა და მთელი ქონება მოწყალებად გასცა. მას სურდა, უდაბნოში დაყუდებით განეგრძო ცხოვრება და ამ მიზნით რომიდან აღმოსავლეთისკენ გაეშურა, უფალმა კი სულ სხვაგვარი ღვაწლისკენ მოუწოდა. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი ერთ პატარა სახლში დამკვიდრდა, რომლის კარებიც დღემუდამ ღია იყო ყველასთვის. მოყვასის სიყვარულით აღსავსე მასპინძელი დაუზარლად ემსახურებოდა სტუმრებს. ღმერთმა აკურთხა სამსონის მოღვაწეობა და მას სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის შესახებ მთელ ქალაქში გავრცელდა ხმა. პატრიარქმა თავისთან იხმო იგი და მღვდლად დაასხა ხელი.
ერთხელ მძიმედ დასნეულებულ იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეგარდმო ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. მართლაც, მადლმოსილმა მკურნალმა ილოცა, ხელით შეეხო მტკივან ადგილს და თვითმპყრობელმაც შვება იგრძნო. მალე იუსტინიანე სრულიად განიკურნა და გახარებულმა, წმიდანს ოქრო-ვერცხლი შესთავაზა საზღაურად. სამსონმა ჯილდოზე უარი განაცხადა და დავრდომილთა თავშესაფრისა და ქსენონის აგება ითხოვა. იმპერატორმა ხალისით შეასრულა სათხოვარი.
ცხოვრების მთელი დარჩენილი ნაწილი სამსონმა მოყვასის მსახურებას შესწირა. მან ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 530). წმიდანი წმიდა მოწამე მოკის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. დავრდომილთა თავშესაფარი და ქსენონი არ დახურულა. ნეტარი მამა სიკვდილის შემდგომაც ზრუნავდა ტანჯულებზე. იგი ორჯერ გამოეცხადა ქსენონის ერთ დაუდევარ მსახურს და სიზარმაცის გამო გაკიცხა. ღირსი სამსონის თაყვანისმცემელთა თხოვნით დავრდომილთა თავშესაფარი ტაძრად გადაკეთდა, გვერდით კი ახალი შენობა აიგო მწირების მისაღებად. კონსტანტინეპოლის ხანძრის დროს სამსონის თავშესაფარს ალი არ გაჰკარებია. წმიდანის ლოცვით ზეციდან წვიმა გარდამოხდა და ცეცხლი ჩააქრო.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირსი სევირე ხუცესი, იტალიელი (VI)
ღირსი სევირე ხუცესი VI საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიის სოფელ ინტეროკლეაში და კეთილმსახური, ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ერთხელ წმიდანი ყურძნის მოსავალს იღებდა, როცა მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. მას სულ რამდენიმე მტევანი რჩებოდა და მოსულებს გასძახა, წადით და წამოგეწევითო; სულთმობრძავთან მისულმა შეიტყო, რომ ის უკვე გარდაცვლილიყო. თავისი მიზეზით ამ სოფლიდან ადამიანის მოუნანიებლად გასვლამ თავზარი დასცა ხუცესს, მწარე სინანულში ჩავარდა, ცხედრის წინ დამხობილი გულამოსკვნით ტიროდა და მკვლელს უწოდებდა საკუთარ თავს. უეცრად მიცვალებული წამოდგა და იქ მყოფთ უთხრა: „დემონებს სურდათ დაუფლებოდნენ ჩემს სულს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა თქვა: „დააბრუნეთ იგი, რადგან მის გამო სევირე ხუცესი ტირის. უფალმა უბოძა მას ამ ადამიანის სიცოცხლე!“ წმიდა მამამ მადლობა შესწირა ღმერთს, აღსარება ჩაიბარა და ზიარებით განამტკიცა სნეული. ამ უკანასკნელმა კიდევ შვიდი დღე იცოცხლა და სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
გიორგი მთაწმიდელი. ცხოვრება და მოღვაწეობა
დიდი ქართველი საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად) (1009-1065/66 წწ.). გიორგი მთაწმიდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში – „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა სამცხიდან ყოფილან, თვითონ კი თრიალეთში დაიბადა, მორწმუნე და ღმრთისმსახური მშობლების ოჯახში. მამას იაკობი ერქვა, დედას – მარიამი. იაკობი გიორგი მეფის ახლობელი და ერთგული ყოფილა; მეფე მას ზოგჯერ საპასუხისმგებლო („საერთგულო“) მისიით გზავნიდა სპარსეთში. დაკისრებულ მოვალეობას იაკობი ყოველთვის წარმატებით ასრულებდა და მეფის მადლობასაც იმსახურებდა. იაკობსა და მარიამს ექვსი შვილი შეეძინათ – სამი ვაჟი და სამი ქალი. გიორგი მესამე შვილი იყო, რომელიც თეკლასა და თეოდორეს შემდეგ შეეძინათ მშობლებს. შვიდი წლისა რომ შეიქნა თეკლა, მშობლებმა იგი, აღთქმის მიხედვით, ღმერთს შესწირეს და აღსაზრდელად ჩააბარეს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარს, საბაიას (სამცხეში). ამავე მონასტერს მიაბარეს მშობლებმა შვიდი წლის გიორგიც, ისიც საღმრთო შესაწირავად, რათა სამონაზვნო ღვაწლით ემსახურა ღმრთისათვის. ტაძრისში ყრმა გიორგი თავისი დისგან სწავლობდა საღმრთო წერილს და იმთავითვე გონების სიმახვილესა და სიბეჯითეს იჩენდა. ამ მონასტერში იგი სამ წელიწადს დარჩა, შემდეგ კი გადაიყვანეს ხახულის მამათა მონასტერში, სადაც იღვწოდნენ მისი ბიძები – გიორგი მწერალი, კურაპალატის მწერალთა უფროსად ნამსახურევი, და საბა, „კაცი წრფელი და უმანკოჲ“. ყოველი სიკეთით შემკული რომ იხილეს, ბიძებმა გიორგი წარუდგინეს მონასტრის მამასახლისს, მაკარის, აგრეთვე ამ მონასტრის დიდ მოღვაწეს, ბასილის (ბაგრატ III-ის ძეს). მოძღვრად კი განუწესეს სათნოებით განთქმული ბერი ილარიონ თუალელი. მისი ხელმძღვანელობით გიორგი დღითი-დღე წარემატებოდა სულიერად და სრულად განისწავლა საეკლესიო და სამღდელო საკითხებში. მან ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილის ყველა წიგნი, რაც კი ქართულ ენაზე მოიპოვებოდა, ასევე საწელიწადო საგალობელნი და ყოველგვარ გალობათა შეწყობაც.
ხახულში ორიოდე წელს ყოფნის შემდეგ ყრმა გიორგი ბიძამისმა, გიორგი მწერალმა წაიყვანა სამცხის ერთ წარჩინებულ ოჯახში, ფერსოს (ფერის) ჯოჯიკის ძესთან, ბასილ ბაგრატის ძის დის სიძესთან. ფერისმა და მისმა მეუღლემ გიორგი მწერალი სულიერ მოძღვრად მიიწვიეს თავიანთ კარზე და ყველა საქმე, როგორც სულიერი, ისე ხორციელი, მას დაუმორჩილეს. გიორგი მწერალმა თავისი ძმისწული, ყრმა გიორგიც თან გაიყოლა, რადგან თვითონ მოხუცებული იყო და გიორგის დახმარება სჭირდებოდა ზეპირი კანანახების, წიგნის კითხვისა და მომსახურებისათვის. ყრმა გიორგი შვილივით შეიყვარეს ფერისმა და მისმა მეუღლემ.
ოჯახის ბედნიერი ცხოვრება მალე დაირღვა. ფერისს ღალატი და განდგომილება დასწამეს და ბასილი კეისრის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისი ქვრივი კი, შვილებითა და შინაყმებითურთ, წაიყვანეს კონსტანტინეპოლში, სადაც მათ თორმეტ წელიწადს მოუწიათ ყოფნა. ასე მოხვდა ყრმა გიორგი სატახტო ქალაქში. გიორგი მწერლისა და ფერისის ქვრივის მზრუნველობით იგი მიაბარეს კონსტანტინეპოლის საუკეთესო სასწავლებელში, გამოცდილ მოძღვართ, ფილოსოფოსებსა და რიტორთ. სწავლის 12 წლის განმავლობაში ყრმა გიორგიმ სრულად მოიკრიბა სწავლისადმი გულმოდგინება, სიბეჯითითა და გონების სიმახვილით ყველას აჯობა და სწავლულების ბრწყინვალებით ყველა გააკვირვა.
ამის შემდეგ მეფის ბრძანებით კვლავ თავისსავე მამულში დააბრუნეს გიორგის მფარველი ღმრთისმიერი დედაკაცი, რომელმაც იგი, მის ბიძასთან ერთად, თან წაიყოლა. იქ შეიტყვეს, რომ გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ძმამ, გიორგი მწერალმა, ისიც ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში მიიწვია და ერთად ცხოვრობდნენ, ყრმა გიორგი კი ხახულში დაბრუნდა მეორე ბიძასთან, საბასთან.
ოცდახუთი წლისა რომ შეიქნა, გიორგი მონაზვნად აღიკვეცა თავისი მოძღვრის, ილარიონ თუალელის ხელით.
ამის შემდეგ გიორგის გაუჩნდა სურვილი განდეგილობისა, უცხოებაში სიგლახაკით ცხოვრებისა, თავისიანებისა და ნაცნობებისაგან განშორებისა და წმიდა ადგილების მოლოცვისა. ამიტომაც მეგობარ-ნაცნობთაგან დაფარულად გამოიპარა ხახულიდან და იერუსალიმისაკენ გაემართა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მიაღწია შავ მთას. ავიდა საკვირველ მთაზე, მოილოცა ყველა იქაური მონასტერი და წმიდა მოწესეთაგან კურთხევა მიიღო. პირველ ყოვლისა, სულიერი მოძღვრის მოძიებას ეცადა, და საკვირველი მთის ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც სასურველი წმინდა დაყუდებული ბერი – გიორგი, წარმოშობით ქართველი, და მას დაემოწაფა.
მოძღვარმა გაიხარა გიორგის დამოწაფებით, რადგან მას უკვე დიდი ხანია, ნატვრად ჰქონდა, მის მოწაფეთა შორის გამოჩენილიყო ვინმე ისეთი სწავლული ქართველი, რომელიც შეძლებდა აეღორძინებინა ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მუშაობა და შეევსო ჩვენი ენისა და სასულიერო ლიტერატურის ნაკლოვანებანი. იგი მიხვდა, რომ მისი ახალი მოწაფე ამ დიდი ღვაწლის შემძლებელი იქნებოდა.
მოძღვარმა ერთხანს რომანწმიდის მონასტერში დაამკვიდრა გიორგი, სადაც მან სამი წელი დაყო, დიდი შრომითა და ღვაწლით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. მისი სამორჩილო საქმიანობა სნეულთა მოვლა იყო. იქ შეუსრულდა გიორგის ოცდაათი წელი. როდესაც მისმა მოძღვარმა, გიორგი შეყენებულმა იხილა, რომ მისი მოწაფე უკვე ყოველმხრივ სრულქმნილია – ხორციელი ასაკითაც და სიბრძნე-გონიერებითაც – აკურთხა სქემით, და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა იგი იერუსალიმის მოსალოცად.
როდესაც იგი კვლავ მოძღვართან დაბრუნდა, მისგან მიიღო კურთხევა, საღმრთო წიგნთა თარგმნისათვის მიეყო ხელი. მთარგმნელობითი მუშაობისათვის საუკეთესო პირობები ათონის მთაზე იყო. ამიტომაც სწორედ იქ გაგზავნა მოძღვარმა გიორგი. მთაწმიდას მან მშვიდობიანად მიაღწია და მონასტრის მოწესეებმა სიხარულით მიიღეს იგი. გიორგი მონასტერში თავმდაბლობითა და სიმშვიდით ცხოვრობდა, რამდენიმე ხანს ყველას იგი ერთი უბრალო და უსწავლელი ვინმე ეგონა, რადგან ყველა თანა-ძმას ემსახურებოდა და ემორჩილებოდა. შვიდ წელიწადს უმნიშვნელო, არად ჩასაგდებ საქმეებზე მსახურობდა თავმდაბლად. როდესაც მის მოძღვარს, გიორგი შეყენებულს მიუვიდა ამბავი, რომ გიორგი მონაზონს ჯერ არც მღვდელობის ხარისხი მიუღია და არც წიგნების თარგმნას შესდგომია, ძალზე შეწუხდა და შავი მთიდან დიდი საყვედური შეუთვალა მისი ნების შეუსრულებლობისათვის. მაგრამ გიორგი მონაზონი ურჩების გამო კი არ იქცეოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ სრულიად არარად და მცირედ მიაჩნდა თავი. მოძღვრის ბრძანებითა და იძულებით ბოლოს იგი დათანხმდა მიეღო მღდელობის ხარისხი. მცირე ხნის შემდეგ კი დეკანოზად ანუ ეკლესიარხად (მღდელთა და მგალობელთა უფროსად) იქნა განწესებული. პარალელურად შეუდგა მთარგმნელობასაც. პირველი, რაც თარგმნა, სვინაქსარი (ტიპიკონი) იყო, რადგანაც ისაა საფუძველი ღმრთისმსახურებისა. ამას მოჰყვა სხვა თარგმანები: გამოკრებული (საწელიწადო) სახარება, ასეთივე გამოკრებული (საწელიწადო) ეპისტოლენი პავლე მოციქულისა და საწელიწადო საწინასწარმეტყველო. ამის შემდეგ – „დიდნი კურთხევანი“, სექტემბრის თვე, პავლეს ეპისტოლენი და წმიდა მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლენი. ამის შემდეგ მონასტრის მთელმა საძმომ ერთსულოვნად და ერთხმად აირჩია იგი წინამძღვრად. ამ თანამდებობაზე მან კიდევ უფრო მძიმე მოღვაწეობას მისცა თავი, ვიდრე მანამდე. გიორგიმ გულმოდგინედ გამოიკითხა წმიდა მამა ეფთვიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მასთან ერთად მისი მამის, იოვანესი და სხვა წმიდა ბერებისა, აგრეთვე ამბები ამ დიდებული ლავრის აშენებისა, წესები და განგებანი, რომლებიც წმიდა მამა ეფთვიმეს დაედგინა მის მკვიდრთათვის, და ყოველივე ეს წერილობით ძეგლად დაგვიტოვა. გარდა ამისა, მან დიდი პატივი მიაგო მამა ეფთვიმეს წმიდა ნაწილებს და ნათლისმცემლის ეკლესიიდან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკრებულო ეკლესიაში გადმოასვენა. მისი ხელი კი, სხვა წმიდათა ნაწილებთან ერთად, მშვენიერ სანაწილეში მოათავსა. ასევე, ყოველგვარი სამკაულებით შეამკო ეფთვიმეს მამის, იოანესა და სხვა წმიდა ბერების (არსენი ნინოწმიდელი ეპისკოპოსის, ბერ იოანე გრძელისძის) სამარხები და დააწესა, ჩაუქრობლად ანთებულიყო მათ წინაშე სამი კანდელი.
წინამძღვრობისას გიორგიმ ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილმოწყობისათვის (კერძოდ, საკრებულო ტაძრის გუმბათის ტყვიის ფურცლით გადახურვისათვის), ასევე სამონასტრო მამულების გაფართოებისა და მათი მფლობელობის ოფიციალური დოკუმენტების მოპოვებისათვის (მეფე კონსტანტინე მონომახისაგან).
მამა გიორგის დიდად აფასებდნენ მეფე ბაგრატ IV და დედამისი მარიამ დედოფალი, რომელთაც მთაწმიდელი მოძღვარი კონსტანტინეპოლში ყოფნისას გაიცნეს. დედოფალი მამა გიორგის დაემოწაფა და მის მიერ სქემითაც იკურთხა (ე.ი., აღიკვეცა მონაზვნად). მარიამ დედოფალმა დიდძალი შესაწირავი გაიღო ათონის ქართველთა მონასტრისათვის.
ბაგრატ მეფე ბევრს ეცადა, გიორგი თავის ქვეყანაში წაეყვანა. ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრაც შეთავაზა, მაგრამ მან არ იკისრა ეს მოვალეობა, რადგან ყოველგვარი მცდელობით გაურბოდა კაცობრივ დიდებასა და ამქვეყნიურ შფოთს. ამის გამო რამდენჯერმე სცადა კიდეც წინამძღვრობისათვის თავი დაენებებინა და სადმე განმარტოებით, მყუდროებით ეცხოვრა. ამ მიზნით ერთხელ შავ მთასაც მიაშურა, სადაც მისი მოძღვარი გიორგი შეყენებული მოღვაწეობდა. მაგრამ მოძღვარმა არ მოუწონა მონასტრის საძმოს მიტოვება და მთაწმიდაზე დაბრუნება უბრძანა. იმჯერად გიორგი დაემორჩილა მოძღვარს და ისევ დაუბრუნდა ათონზე მონასტრის წინამძღვრის პოსტს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მიატოვა ეს პოსტი, ამჯერად უკვე წიგნთა თარგმნის მიზეზით, რადგან სამონასტრო საზრუნავის გამო ვეღარ ახერხებდა ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას. მარიამ დედოფლის დახმარებით გიორგიმ კონსტანტინეპოლში სამეფო წერილი (ოფიციალური დოკუმენტი) მიიღო სამოღვაწეოდ შავ მთაზე დამკვიდრებისათვის, იქ მისულს სიხარულით შეხვდნენ და მუშაობისათვის საჭირო პირობები შეუქმნეს.
შავ მთაზე ყოფნისას მარიამ დედოფლის თხოვნით გიორგის ისევ მოუწია იერუსალიმში წასვლა, რათა მისი შესაწირავი წაეღო იქაურ მონასტრებში მყოფ მოღვაწეთათვის. დიდძალი შესაწირავი გადასცეს პროხორესაც, რომელიც იმჟამად იერუსალიმში ჯვრის მონასტერს აშენებდა.
იერუსალიმიდან ანტიოქიაში დაბრუნებული გიორგი ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას შეუდგა; თარგმნიდა დღისითაც და ღამითაც; პარალელურად თავის ლოცვით კანონსაც დაუბრკოლებლად აღასრულებდა. მისი სამყოფელი კი ხან სვიმეონწმიდის მონასტერი იყო, ხან კალიპოსისა.
შავ მთაზე ყოფნისას გიორგის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქებთან – პეტრესა და თევდოსისთან. ამ უკანასკნელთან მას საუბრები ჰქონია ქართველთა სარწმუნოებრივი სიწმიდისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რაც გიორგიმ ღმრთივბრწყინვალედ დაასაბუთა საეკლესიო გადმოცემაზე დაყრდნობით.
როდესაც გიორგიმ დაასრულა საღმრთისმსახურო წიგნების თარგმნა, ბაგრატ მეფემ მარიამ დედოფლის, კათალიკოსების, ეპისკოპოსებისა და მთელი სამღვდელოების სახელით სთხოვა მას ქართლში ჩამოსვლა ღმრთივსულიერი სწავლებისა და კურთხევისათვის. ბერს სამყოფელად მიუჩინეს ჯერ ნეძვის მონასტერი, შემდეგ კი შატბერდის ლავრა. სულიერი რჩევებისათვის, ნაკლოვანებათა მხილებისა და ზნეობრივი სწავლებისათვის მეფე-დედოფლის გარდა მოძღვართან მოდიოდნენ მღდელთმოძღვარნი, მღდელნი, დიაკონნი და საერონიც. გიორგის მითითებით განიმართა საეკლესიო წესები და დიდი სულიერი სარგებელი მიიღეს მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა. გარდა ამისა, დიდი ღვაწლი დასდო გიორგიმ სხვადასხვა ასაკის 80 ობოლის (ყრმების, მოზარდებისა და ჭაბუკების) შეკრებასა და აღზრდას. ასაკობრივ ჯგუფებად დაყო ისინი, თავადვე ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ღმრთისმსახურებას და ათონის მთის ქართულ სავანეში სამოღვაწეოდ ამზადებდა.
საქართველოში გიორგიმ ხუთი წელი დაყო და ამის შემდეგ კვლავ ათონის მთაზე ასვლა განიზრახა. გამოეთხოვა ბაგრატ მეფეს და 80 მოწაფესთან ერთად საბერძნეთისაკენ გაემგზავრა. კონსტანტინეპოლში იგი დიდი პატივით მიიღო მეფე კონსტანტინე დუკამ და ქართველთა მონასტრისათვის დიდი შესაწირავი გადასცა. რამდენიმე დღეში გიორგი ათონისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ იქ მისვლა აღარ დასცალდა. ხანმოკლე სნეულების შემდეგ კონსტანტინეპოლშივე გარდაიცვალა. დიდი მოძღვარი პატივით გადაასვენეს ათონის ქართველთა მონასტერში და იქ დაკრძალეს სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად.
გიორგი მთაწმიდელის თარგმანთა სრული ბიბლიოგრაფია შეუდგენია მის თანამედროვეს, ბერ იოანე პატრიკს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბიბლიოგრაფიული ნაშრომი ჩვენამდე მოღწეული არაა. გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი შეყენებულის შეკვეთით შეთხზა თავისი მოძღვრის ბიოგრაფია, მასში გიორგი მთაწმიდელის უმთავრეს შრომებს მოიხსენიებს: (1) დიდი სვინაქსარი, (2) სახარება საწელიწადო გამოკრებული, (3) პავლეს ეპისტოლენი, საქმე მოციქულთა და კათოლიკე ეპისტოლენი, (4) საწელიწადო სამოციქულო („პავლე გამოკრებული საწელიწდოჲ“), (5) საწინაჲსწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ, (6) თუენი – თორმეტივე თვის ჰიმნოგრაფიული განგებანი, (7) დღესასწაულთა სტიქარონნი საწელიწადო, (8) სტიქარონნი სამარადისონი (ე.ი. შვიდეულის დღეებისა), უძლისპირონი და თვითავაჯნი, (9) იგივე სტიქარონები ძლისპირთა ქვეშ, (10) მარხვათა სტიქარონები, (11) დიდი პარაკლიტონი, (12) დიდნი მარხვანი, (13) ზატიკნი, (14) თეოდორე სტუდიელისა სწავლანი, დიდთა მარხვათა საკითხავი, (15) წიგნი გრიგოლ ნოსელისა, (16) „წიგნი „ექუსთა დღეთაჲ“, წმიდისა ბასილის თქუმული, (17) ებისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი, (18) დიდნი კურთხევანი, (19) ფსალმუნი ანუ დავითნი – გვირგვინი და სამკაული ყველა წიგნისა.
ეს ბიბლიოგრაფია, რა თქმა უნდა, სრული არაა. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების მიხედვით გიორგის უთარგმნია აპოკრიფული, დოგმატური, ჰაგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და ლიტურგიკული ჟანრის სხვა მრავალი თხზულებაც: „ეპისტოლე ავგაროზ მთავრისა“, „წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, უწყებაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და აღშენებისათჳს ეკლესიისა, რომელ-იგი პირველ აღეშენა ლუდს შინა“, სიმბოლოთა ტექსტები (ნიკეა-კონსტანტინეპოლისა, გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ათანასე ალექსანდრიელისა, ფოტი კონსტანტინეპოლელისა და სხვ.), იოანე დამასკელის „სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისათჳს და შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“, მისივე „უწყებათაგან პირველთა, დიდითა გამოწულილვითა შეკრებული საკითხავი ყოლადქებულისა შობისათჳს უფლისა“, სოფრონ იერუსალიმელის „სიტყუაჲ ხარებისათჳს“, ნეკტარი კონსტანტინეპოლელის „წამებაჲ წმიდისა თეოდორე ტჳრონისა და სასწაულისა მისთჳს, რომელი-იგი აღასრულა ყოლადქებულმან უძლეველმან მოწამემან ჟამთა ივლიანე განდგომილისათა“, დოროთეოს ტვირელის „მოწაფეთა მათთჳს უფლისათა“, „თხრობაჲ მარგებელი, ძუელთა თხრობათაგან შეკრებილი მაუწყებელად საჴსენებელსა საკჳრველებით ქმნილისა სასწაულისა, რაჟამს სპარსნი და ბარბაროზნი დედოფალსა ამას ქალაქთასა ბრძოლად მოადგეს და წარტყუენეს, ხოლო ქალაქი ესე უვნებელად დაცული მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მიერითგან წლითი-წლადსა გალობასა შესწირავს სამადლობელსა, დაუჯდომელად სახელმდებელი დღისა ამის“. „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გიორგისი“, „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორე ტჳრონისაჲ“, „მცნებაჲ მღდელთა მიმართ“, „მცნებაჲ წმიდისა ჟამისწირვისაჲ მღდელთა მიმართ, რაჲთა არა წირვიდენ დღესა შინა ორგზის, არამედ ერთგზის“ და სხვ. ეს თარგმნითი ლიტერატურა მეტ-ნაკლები სისრულით ასახულია კ. კეკელიძისა და ე. გაბიძაშვილის ბიბლიოგრაფიულ ნაშრომებში.
გიორგი მთაწმიდელის თარგმანთა უმეტესობა ლიტურგიკული დანიშნულებისაა. მან სრულად შეავსო ქართული საღმრთისმსახურო ლიტერატურის ნაკლოვანება და შექმნა ახალი რედაქციები უკვე არსებული წიგნებისა. მის მიერ თარგმნილ-რედაქტირებულ საღმრთისმსახურო წიგნთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის (აია-სოფიის) ტიპიკონი (დიდი სჳნაქსარი), რომელიც მანამდე შემოკლებით ჰქონდა თარგმნილი ეფთვიმე მთაწმიდელს. უზარმაზარი შრომის ნაყოფია გიორგის მიერ თარგმნილი ვრცელი ჰიმნოგრაფიული კრებულები – პარაკლიტონი, მარხვანი, ზატიკნი და თუენი (12 დიდი ტომი). მთარგმნელი არ კმაყოფილდებოდა ერთ რომელიმე წიგნთსაცავში (კონსტანტინეპოლში, ათონზე, შავ მთაზე) არსებული ჰიმნოგრაფიული მასალით, არამედ ავსებდა სხვა წიგნთსაცავებში არსებული მასალით და ბიზანტიური ლიტურგიკული პოეზიის მთელ საგანძურს მოუყარა თავი ზემოხსენებულ კრებულებში. თანაც პოეტური ტექსტები თარგმნილია ისეთი ვირტუოზულობით, რომ მკითხველის განცვიფრებას იწვევს როგორც თეოლოგიურ-სახისმეტყველებითი სიღრმით, ისე მხატვრული მშვენიერებით. მისი ნაშრომის დიდი ღირსებაა ისიც, რომ ჰიმნებთან, უმეტესწილად, მითითებულია ავტორთა ვინაობა, რაც ხშირად გამოტოვებულია ბერძნულ დედნებში, და გიორგის თარგმანს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა ცალკეულ ჰიმნთა ატრიბუციისათვის. მანვე თარგმნა ბერძნულ ღმრთისმსახურებაში არსებული ლოცვებისა და საკითხავების სრული კოლექცია: ჟამნი, ბასილი დიდისა და იოვანე ოქროპირის ლიტურგიები, დიდნი კურთხევანი (ეკლესიის საიდუმლოთა და სხვა საეკლესიო რიტუალების ამსახველი ტექსტები), საწელიწადო სახარება, სამოციქულო და საწინასწარმეტყველო, მრავალი ჰომილეტიკური და ასკეტური საკითხავი და სხვ.
ბიბლიურ წიგნთაგან აღსანიშნავია ფსალმუნი, სახარება და სამოციქულო, რომელთა საბოლოო რედაქტირება კვლავ გიორგი მთაწმიდელმა ითავა, და XI საუკუნის შემდეგ დღემდე მხოლოდ მის მიერ ნარედაქციევი ბიბლიური წიგნები იკითხება ეკლესიაში.
პატრისტიკული ლიტერატურიდან გიორგის ყველაზე მეტი უშრომია გრიგოლ ნოსელის თხზულებათა თარგმნაზე. ამ ავტორის რამდენიმე თხზულება მანამდე თარგმნილი ჰქონდა ეფთვიმე მთაწმიდელს. გიორგიმ წარმატებით გააგრძელა ეს საქმე და თითქმის დაასრულა კიდეც. მისი თარგმანებია: „დაბადებისათვის კაცისა“, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“, „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“, „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“, „სისრულისათჳს“, „საკითხავი ქრისტეს შობის დღესასწაულზე“, „გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრება“, „შესხმაჲ მელეტი ანტიოქელისაჲ“, „შესხმაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაჲ“, „შესხმაჲ წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ“, „შესხმაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი“, „შესხმაჲ წმიდათა ორმეოცთაჲ“.
განსაკუთრებული სამეცნიერო და სულიერი ღირებულებისაა გიორგი მთაწმიდელის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაშრომი – „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი“, რომელიც ყველაზე სანდო წყაროა ათონის ქართველთა მონასტრისა და ათონური სალიტერატურო სკოლის ისტორიისათვის.
გიორგი მთაწმიდელი შერაცხულია წმიდათა დასში. მისი ხსენების დღეა 27 ივნისი.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, კათალიკოს პატრიარქმა კირიონ მეორემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და სიტყვა წარმოსთქვა:
“ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა”. (ფს.117.24)
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!
დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარ ხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.
მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.
ერთობაში არის ძალაო, ამბობენ და თუე სეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასგან ძმურ შეერთებას და შრომას.
თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ხცოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.
ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოვებული თავისუფლება.
“კაცი ჯაბანი რითა სჯობს-ამბობს უკვდავი შოთა-დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა”.
მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!
გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!
მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არა ერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში,-გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.
ლოცვა კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს. ამინ!
სცსსა. ლეონიდე ოქროპირიძის პირადი საარქივო ფონდი #1459, საქმე # 40, ფ. 1, 1918 წელი, 26 მაისი.
წყარო: https://matiane.wordpress.com
