10.12.2025. 27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

10.12.2025. 27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

10.12.2025. მარხვა

დიდმოწამისა იაკობ დაჭრილისა, სპარსისა (421); ღირსისა პალადი ალექსანდრიელისა (VI-VII); ღირსთა მოწამეთა 17-თა მონაზონთა ინდოეთში წამებულთა (IV); ღირსისა რომანოზისა (V).

დღის ლოცვები
დიდმოწამე იაკობ სპარსელის

ტროპარი: ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა ყოველნი განაცვიფრენ, მრავალმოღუაწეო, და თითოეულთა ასოთა და ნაწევართა მოკვეთითა სამადლობელნი ვედრებანი უსაკვირველესად აღმოსთქუენ უფლისა მიმართ, ვინაიცა ღუაწლთა შინა შენთა გვირგვინი მოიღე და აღხედ ზეცათა შინა წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისათა, იაკობ, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ერჩდი კეთილსა მეუღლესა, მტკიცეო, სულითა და საშინელისა სამსჯავროსა მოშიშმან სპარსთა ბრძანებაი და შიში განერწყვე, იაკობ, და გამოსჩნდი მოწამედ საკვირველად, ვითარცა ვაზი, ხორცითა დაჭრილი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 ტიმ. 5: 22-6: 11 (დას. 287). ლკ. 20: 1-8 (დას. 99).
დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ინ. 15: 1-7 (დას. 50).

ლიტ.: 1 ტიმ. 5: 22-6: 11 

22. ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი. 23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას. 24. ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ. 25. ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან.

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება. 2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე. 3. ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას, 4. მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი, 5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ. 6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია. 7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ. 8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ. 9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან. 10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი. 11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;

ლიტ.: ლკ. 20: 1-8 

1. ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად. 2. და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა? 3. მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ: 4. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? 5. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 6. ხოლო თუ ვიტყვით – კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო. 7. და მიუგეს: არ ვიცით, საიდან. 8. ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

დიდმოწ.: ინ. 15: 1-7 

1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. 2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. 3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. 6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. ამჯერად მეფის ვერანაირმა მუქარამ და შეგონებამ ვერ გადადრიკა იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. იაკობს თითო-თითოდ მოჰკვეთეს ჯერ ხელისა და ფეხის თითები, შემდეგ კი ხელ-ფეხი. წმიდანი დაუდუმებლად ლოცულობდა და მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ ჩადენილი ცოდვის ტანჯვით გამოსყიდვის საშუალება მიეცა. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს.
ღირსმოწამენი ჩვიდმეტი მონაზონი, ინდოეთს წამებულნი (IV)

 

ღირსი პალადი თესალონიკში დაიბადა. იგი ალექსანდრიაში მოსაგრეობდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე და ღვთივსათნო ღვაწლით გაბრწყინებული მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებუ-ლობაში.
ღირსისა რომანოზისა (V).

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.