…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
ხუთშაბათი. 11.06.2026. ხსნილი თევზით
მოწამისა თეოდოსია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); I მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (325); ალექსანდრესი, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (326); ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულისა, კონსტანტინეპოლელისა (730).
დღის ლოცვები
ქალწულმოწამე თეოდოსიას კონდაკი:
შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხორებასა მიემთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახელე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 5: 10-16 (დას. 89). მთ. 8: 23-27 (დას. 27).
ლიტ.: რომ. 5: 10-16
10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით. 11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება. 12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. 13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. 14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი. 15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის – იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით. 16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის – შესაჩვენებლად, ხოლო მადლი – მრავალი შეცოდების გასამართლებლად.
ლიტ.: მთ. 8: 23-27
23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. 25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. 26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
ხსენება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325)
ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325). ამ კრების ხსენებას ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. უფალმა იესო ქრისტემ უდიდესი აღთქმა დაგვიდო: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16,18). ამ აღთქმაში წინასწარმეტყველურად არის ნაუწყები, რომ, თუმც ქრისტეს ეკლესიას მრავალი ბრძოლის გადატანა მოუწევს, მაგრამ გამარჯვება მარად მის მხარეს იქნება.IV საუკუნიდან ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით გაჩნდა ერესები, რომელთა შორის ყველაზე საშიში ერესი იყო არიანელობა. ალექსანდრიელი პრესვიტერი არიოზი – უაღრესად ამაყი და პატივმოყვარე კაცი – უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. ალექსანდრიის პატრიარქის ალექსანდრეს მოთხოვნით მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ დაგმო არიოზის ცრუსწავლება, მაგრამ ერეტიკოსი არ დაემორჩილა კრების განჩინებას და განაგრძო თავისი დამღუპველი სწავლების გავრცელება მთელ აღმოსავლეთში. წარმოქმნილი შფოთის აღსაკვეთად წმიდა მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ (ხს. 21 მაისს) თხოვნით მიმართა ოსია კორდუბელს, აეხსნა მისთვის არიანელობის არსი. როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ცრუსწავლება ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადაწყვიტა, მსოფლიო კრება მოეწვია. მისი მოწვევით 325 წელს ნიკეაში თავი მოიყარა 318 ეპისკოპოსმა – მსოფლიო საქრისტიანოს წარმომადგენლებმა. შეკრებილთა შორის იყვნენ აღმსარებლები, რომლებმაც ქრისტიანთა დევნის დროს საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს: პაფნუტი თებაიდელი, პოტამონ ჰერაკლიელი, პავლე – მესოპოტამიის ეპისკოპოსი. კრებას ესწრებოდნენ აგრეთვე ეკლესიის ბურჯები: წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსი (ხს. 6 დეკემბერს და 9 მაისს), წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი (ხს. 12 დეკემბერს) და სხვები.
ალექსანდრიის პატრიარქი ალექსანდრე ჩავიდა დიაკონ ათანასესთან ერთად, რომელიც შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი გახდა და მართლმადიდებლობის დასაცავად გაწეული ღვაწლისათვის „დიდი“ ეწოდა. კრების სხდომებს ესწრებოდა წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორი. ევსევი კესარიელის მისალმების პასუხად მან ბრძანა: „ღვთის შეწევნით დავამხე მდევნელთა ძალაუფლება, მაგრამ ყოველგვარ ომზე, სისხლისღვრაზე მძიმეა ჩემთვის ქრისტეს ეკლესიის წიაღში ატეხილი ბრძოლა“.
კრებამ დაგმო არიოზის ერესი, თავად ცრუმოძღვარი კი განკვეთა ეკლესიიდან. წმიდა ათანასე დიდმა თავის სიტყვაში საბოლოოდ გააცამტვერა არიოზის მკრეხელური აზრები. კრებაზე დამტკიცდა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო, სადაც წმიდა მამებმა გადმოსცეს სწავლება სამების მეორე წევრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ.
მთავარი დოგმატური საკითხის გადაწყვეტის შემდეგ კრებამ დაამტკიცა საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. გადაწყდა აგრეთვე, რომ აღდგომის დღესასწაული აღენიშნათ ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის აღვსების მომდევნო კვირადღეს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308)
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308) აღესრულა 307 ან 308 წელს. ცნობები მისი ცხოვრების შესახებ მოთავსებულია 3 აპრილის საკითხავში. 29 მაისს აღინიშნება მისი წმიდა ნაწილების გადასვენება კონსტანტინეპოლსა და ვენეციაში. წმიდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი (+326)
წმიდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი 313-326 წლებში განაგებდა ალექსანდრიის ეკლესიას. ეს არიოზის ერესის მძვინვარების ჟამი იყო და მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწეც დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებლობის სამხილებლად. დაახლოებით 320 წელს მან მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც დაგმო არიოზის სწავლება, მისი მიმდევრები კი განკვეთა ეკლესიიდან. ცრუმოძღვარი მაინც არ დაცხრა. 325 წელს არიოზის სამხილებლად გამართულ ნიკეის I მსოფლიო კრებაზე წმიდა ალექსანდრე ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი წმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დაცვას.ნეტარმა მამამ 326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი (730)
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი (+730) VIII საუკუნეში ცხოვრობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინეპოლის წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის ქალთა მონასტერში იზრდებოდა, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება წმიდანმა ღარიბებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა. ლეონ ისავრიელმა (717-741) ტახტზე ასვლისთანავე გამოსცა ბრძანება, რომელიც წმიდა ხატთა განადგურებას მოითხოვდა. მაშინ კონსტანტინეპოლში იყო ერთი კარიბჭე, რომლის თავზეც 400-ზე მეტი წლის განმავლობაში მაცხოვრის სპილენძის ხატი იყო აღმართული. 730 წელს ხატმბრძოლმა ცრუ პატრიარქმა ანასტასიმ ბრძანა ხატის მოხსნა. მართლმადიდებლები წმიდა თეოდოსიას წინამძღოლობით მხნედ დადგნენ მის დასაცავად. ხალხის შფოთით შეშინებულმა ცრუპატრიარქმა მომხდარის შესახებ იმპერატორს აცნობა. ლეონ ისავრიელის ბრძანებით მონაზვნები ამოხოცეს, ხოლო მათი მეთაური, წმიდა თეოდოსია საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს 7 დღის განმავლობაში აწამებდნენ, მერვე დღეს კი ქალაქში გაიყვანეს და წამებით ამოხადეს სული. ქუჩაში დაგდებული ღირსმოწამის ცხედარი ქრისტიანებმა დიდი პატივით დაფლეს კონსტანტინეპოლის დიოკრისტის მონასტერში. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.ნეტარი იოანე სალოსი (+1494)
ნეტარი იოანე სალოსი დაიბადა სტარი უსტიუგის მახლობლად, სოფელ პუხოვოში. მისი მშობლები საბა და მარია კეთილმსახური ქრისტიანები იყვნენ. წმიდანი სიყმაწვილიდანვე მკაცრი მმარხველობით გამოირჩეოდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში კი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა. დაქვრივების შემდეგ იოანეს დედა მონაზვნად აღიკვეცა. უფალს მინდობილმა ყრმამ ჯერ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, შემდეგ კი სალოსობაც დაიწყო. ნეტარი იოანე პატარა ქოხში დაბინავდა, სადაც ფეხშიშველა დადიოდა ქალაქის ქუჩებში და მოთმინებით იტანდა გამვლელ-გამომვლელთა დაცინვასა და შეურაცხყოფას. წმიდანს დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა უფლისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა 1494 წლის 29 მაისს.