12.04.2026. კვირა. ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

12.04.2026. კვირა. ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

     … თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

კვირა. ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
12.04.2026 ხსნილი

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა და მაცხოვარისა იესო ქრისტესი. ღირსისა იოანე სინელისა (კიბის აღმწერელისა, VI-VII); წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე); მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I); წმიდისა ევბულასი (აპოლასი) – დიდმოწამე პანტელეიმონის დედისა (303); ღირსისა იოანე მდუმარისა (VI); ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662)მღდელმოწამისა და აღმსარებელისა აკაკი ეპისკოპოსისა (დაახ. 251); საჰაკისა, პართეველ ეპისკოპოსისა, ძისა დიდისა ნერსესი (VI).

დღის ლოცვები

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი

ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღდეგ, ვითარცა მძლეი, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაი მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.

ლიტ.: საქმ. 1: 1-8 (დას. 1). ინ. 1: 1-17 (დას. 1).

ლიტ.: საქმ. 1: 1-8 

1. პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. 2. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია, 3. და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ. 4. შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. 5. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით. 6. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს? 7. და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ. 8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.

ლიტ.: ინ. 1: 1-17 

1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I);

წმიდა მოციქული სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანი (I). მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ“ (1 კორ. 1,1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.

წმიდა აპოლონ მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მოუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მოვიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“ (საქმე 18, 24-28). წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა წმიდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (1 კორ. 3,6). მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორითელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორ. 15,5).

წმიდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმიდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

ღირსისა იოანე მდუმარისა (VI);

ღირსი იოანე მდუმარე (+558) ქალაქ კოლონიის ეპისკოპოსი იყო. ქალაქის მმართველისაგან შევიწროებულ მღვდელმთავარს კათედრა წაართვეს. ღირსი მამა წმიდა საბა განწმენდილის მონასტერში წავიდა, სადაც მდუმარებით, მარხვით და დაყუდებული ცხოვრებით მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ღირსი მამა მიიცვალა 104 წლის ასაკში.

ცხოვრება წმიდისა ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე სინელ მამასახლისისა
სულთგანმანათლებელი მოძღვრების ავტორისა, ჭეშმარიტად სანატრელისა,
რომელიც დანიელ რაითელმა მონაზონმა აღწერა

საყვარელნო ძმანო, ვერაფერს გეტყვით, თუ რომელი იყო ის ქალაქი, სადაც იშვა და აღიზარდა ღვთისმსახურების ეს მამაცი მხედარი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლამდე, ხოლო თუ რომელ ქალაქს შეუწყნარებია იგი საკვირველი და ასაზრდოებს უხრწნელი საკვებით – დანამდვილებით ვიცი. იგი იმყოფებოდა იმ ქალაქში, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ბრძანებს: „მოქალაქეობაჲ ცათა შინა არს“ (ფილ. 3,20).

იქ იმყოფება იგი ნეტარი და ცხადად ხარობს დაუსრულებელ სიკეთეში, ხოლო გონებით უხილავ და მიუწვდომელ მადლს განიცდის. მისი ღვაწლის შესაფერისი პატივი – ცათა სასუფეველი მოუხვეჭია და არის და მარადის იქნება მათთან, ვინც სიწრფელეში ჰგიებს. ხოლო თუ როგორ დაიმკვიდრა ამ ხორციელმა არსებამ უხორცოთა შორის და „ფერჴნი დადგა სიწრფელით“ (ფს. 12,25), ამას კეთილად მოგითხრობთ.

ხორციელად თექვსმეტი წლის ასაკში იმყოფებოდა ნეტარი მამა, ხოლო გონებით ათასი წლის სიბრძნე ჰქონდა მოპოვებული, როდესაც მან საკუთარი თავის მისივე ნებით მსხვერპლად შეწირა დიდ მღვდელთმოძღვარს, რომელსაც მიაშურა და ხორცი სინას მთას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა.

ამგვარად, უცხოობის საშუალებით, რომელსაც ყოველგვარ სათნოებათა წინამძღვრად ვთვლით, კადნიერების ვნება ძირიანად აღმოფხვრა და სიმდაბლე შეიძინა, მან თვითრჯულობისა და პირადი ნების მიყოლის მაცდური ვნება განდევნა; ქედი კი სულიერ მოძღვარს მოუდრიკა, რათა ამ ცხოვრების სასტიკ ზღვაში სრულიად თავისუფლად და უვნებლად ევლო.

ისე დაუმორჩილა საკუთარი თავი მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა.

საოცარი იყო ის, რომ იგი – ფილოსოფოსთაგან განსწავლული, დაემოწაფა სრულიად განუსწავლელ კაცს, რომელმაც ზეციური ამა სოფლის სიბრძნით ზრახვითა და სიმდაბლით ფილოსოფოსობის ამპარტავნობას სძლია. სახელი ამ მოძღვრისა, რომელმაც იგი აღკვეცა, იყო მარტვირი, იგი წმიდა მამის ანტონის ერთ-ერთ უშორეს უდაბნოში, მეწამული ზღვის სიახლოვეს მკვიდრობდა. ამ დროს მათ მონასტერს თავს დაესხნენ წარმართები, რომლებიც იმ მთებში ბინადრობდნენ. მათ მონასტრები ააოხრეს და ექვსი მონაზონი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთს სახელად ერქვა კონონი, იგი დაფარულთა მცნობელი და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოვებული იყო.

მამა მარტვირიმ აიღო მათი გვამები, ერთ-ერთ გამოქვაბულში დამარხა, დიდი ლოდებით დახშო სამარე, კირით შელესა და ამ წმიდანთა სახელები ზედ დააწერა.

ორი დღის შემდეგ მოვიდა მათი საფლავის სანახავად, რათა შეეტყო, რომელიმე მხეცს ხომ არ გამოეთხარა ისინი. ნახა, რომ ყოველივე ხელშეუხებელად დარჩენილიყო და წარწერა ასევე უცვლელად შენახულიყო, მაშინ მან გახსნა საფლავი და მათ გამოსატანად შევიდა, როდესაც შიგნით შეაღწია, ღვთის ნებით აღსრულებულთაგან ორი გვამი ვერ იპოვა – ეს იყო გვამი ამბა კონონისა და გვამი კიდევ ერთი დიდებული ძმისა.

ახლა კი ისევ ჩვენს სათქმელს დავუბრუნდეთ.

როდესაც ჩვენი ნეტარი მამა იოანე მონაზვნად აღიკვეცა, იგი თექვსმეტი წლის იყო. მამა მარტვირიმ იგი წაიყვანა ვინმე კურთხეულ ბერ იოანესთან, რომელიც იმჟამად კედარის უდაბნოში მკვიდრობდა თავის მოწაფე სტეფანთან ერთად. როდესაც ნეტარმა ბერმა იხილა ისინი, ადგა, პატარა თასში წყალი ჩაასხა, ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, ხოლო მისი მოძღვრისთვის კი ფეხი არ დაუბანია, სტეფანე ამის დანახვაზე დაბრკოლდა. როდესაც მარტვირი და მისი მოწაფე წავიდნენ, მამა იოანემ, რომელსაც დაფარულ გულისსიტყვათა შეცნობის უნარი ჰქონდა, შეიტყო, რომ მისი მოწაფე დაბრკოლებული იყო და უბრძანა მას: რად დაბრკოლდი, შვილო, ჭეშმარიტად გეტყვი, რომ სხვა არად მესახება ეს ყრმა, თუ არა – სინას მთის მამასახლისად და ფეხი ამად დავბანე; მართლაც, ორმოცდასამი წლის შემდეგ ეს ყრმა სინას მთის მამასახლისი გახდა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა. მარტო ამ ღირსმა მამამ კი არ იწინასწარმეტყველა მის შესახებ, არამედ ევსტრატი მარტოდმყოფმაც, რომელიც მას შემდეგ, რაც იგი ანსტასი სინას მთის მამასახლისმა მონაზვნად აღკვეცა გარეთ აღარ გამოსულა. მან იხილა წმიდა მთიდან ჩამომავალი იოანე მოძღვართან ერთად, უხმო ამბა მარტვირის და ყრმასაც და უბრძანა: მითხარ, მამაო, ვინ არის ეს ყრმა, ან ვინ აღკვეცა იგი? მამა მარტვირიმ მიუგო: მონა შენი არის იგი, მამაო, და ჩემი მოწაფე. წმიდა მამა ევსტრატიმ უთხრა: ნეტარ ხარ შენ, მამაო მარტვირი, ვინმე მივიდეს და ანასტასი სინელ მამასახლისს უთხრას, რომ დღეს სინას მთის მამასახლისი აღიკვეცა. და ჭეშმარიტად! როგორც იწინასწარმეტყველეს წმიდა მამებმა ნეტარი იოანეს შესახებ, ყველაფერი ისე მოხდა… და ყოველგვარი სათნოებით იმგვარად იყო იგი შემკული რომ სინას მთის მამები მეორე მოსეს უწოდებდნენ.

როდესაც ნეტარი თვრამეტი წლის შესრულდა, მისი მოძღვარი და მასწავლებელი ზეციური მამის წინაშე წარსდგა როგორც შუამდგომელი და მავედრებელი. თვით კი საბრძოლველად გავიდა უდაბნოში, დიდი მონასტრიდან ხუთი მილის სავალზე, საჭურველად აიღო ლოცვა და დაყუდების ღვაწლს შეუდგა ხუთი მილის სავალზე – დიდი მონასტრისაგან; მან სამყოფელი აიშენა იმ ადგილას, რომელსაც თულისი ეწოდება და ორმოცი წელი ყოველგვარი სულმოკლეობის გარეშე აქ იმყოფებოდა; და ღვთისადმი მძაფრი სიყვარულით, როგორც ცეცხლი მარადის აღენთებოდა. ვინ შეძლებს, სიტყვით წარმოგვიდგინოს ის ღვაწლი, რომელსაც აღასრულებდა იგი, ან ვინ მოგვითხრობს მის საქმეებს, როცა ყველა სათნოება კაცისაგან ფარულად აღსრულდებოდა. საჭმელი იმდენი ჰქონდა, რამდენიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყო საჭირო და, უფრო ნაკლებიც.

უდიდესი ნაკლოვანებით იგი ალაგმავდა და ამშევდა მუცელს. უდაბნოში ცხოვრებით და ადამიანის სახის უნახაობით ვნებათა ცეცხლის ალი სრულად დაშრიტა ვიდრემდე ფერფლად და მტვრად აქცია იგი.

ხოლო კერპმსახურება, რაც ოქროსა და ვერცხლის სიყვარულით ცხადდება, ღვთის სასოებით და უპოვარების სათნოებით მამაცურად დაძლია. სულიერი სიძაბუნე სიკვდილის ხსენებით განაგდო. ახლობელთა, თუ სხვა სოფლიურ საქმეთა სიყვარული კი უნივთო და საუკუნო კეთილთა გამუდმებული მოხსენებით განდევნა.

ხოლო გულისწყრომის მოძალება ადრევე ჩაეკლა მორჩილების მახვილით და დაყუდებისა და დუმილის გამრავლებით ამპარტავნებისა და თვალთმაქცობის მახე დაერღვია. ვინ გამოთქვას ღირსეულად საზომი მისი სიმდაბლისა, ანდა მის სრული სიწმინდის სიმაღლე, რომელიც დაიწყო მორჩილების ბესელიელმა, ხოლო ზეცისა იერუსალიმისა უფალმა აღასრულა თავისი მოსვლით, რომლის გარეშე არ დაეცემოდა ეშმაკი და ეგზომ დიდი ძლიერება მისი.

სად მივუჩინო ჩვენს მიერ დაწნულ ამ გვირგვინში ადგილი მის ცრემლთა წყაროს (რომელიც ბევრი მოღვაწის ხვედრი როდია), ფარული სამოღვაწეო ადგილი, სადაც იგი ამ საქმეს აღასრულებდა, დღემდე არსებობს. ეს არის კლდოვან ადგილას გამოკვეთილი ქვაბული, სენაკიდან მცირედ დაშორებული, იმდენად, რომ სმენა დიდების მოყვარებისაგან იყოს დაცული. იგი ზეცას იყო მიახლოებული ცრემლთა სიმრავლის გამო და ლოცვა მისი ღვთის ყურთასმენას სწვდებოდა. მისი ტირილი უმხურვალესი იყო, ვიდრე მახვილით დაჭრილი, ან ცეცხლში დამწვარი, ან თვალდათხრილი ადამიანებისა. ძილით იმდენი ეძინა, რომ გადამეტებული მღვიძარებისაგან გონებას არ ვნებოდა რამე, ძილამდე კი ბევრს ლოცულობდა და წერდა წიგნებს, რადგან მისთვის სწორედ ეს საქმე იყო მოწყინებისგან დამხსნელი.

მთელი მისი ღვაწლი იყო მაღალი ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან ღამე და დღე ქალწულებით განწმენდილ საკუთარი სულის სარკეში ხედავდა უფალს და ვერ ძღებოდა მისი ჭვრეტით. რის გამოც ვინმე ძმა მოსემ საღმრთო შური აიღო და ევედრა მას, რომ დაემოწაფებინა იგი და ემსახურა მისთვის, რათა მისგან ჭეშმარიტი საღმრთო სიბრძნე ესწავლა, და მრავალი შუამდგომელი მიაგზავნა მასთან, რათა მისი ეს თხოვნა შეეწყნარებინა.

მაშინ ღმერთშემოსილმა მამამ ამგვარი ვედრების გამო შეისმინა მისი და ყოველგვარ კეთილს ასწავლიდა მას.. ერთ დღეს ნეტარმა ძმამ მოსეს უბრძანა, რომ მიწის მცირედი ნაკვეთი საბოსტნედ დაემუშავებინა; იგი წავიდა იმ ადგილას, სადაც უბრძანეს და მისი თხოვნის შესრულებას შეუდგა.

როდესაც შუადღე დადგა და სიცხემ ძალა გამოაჩინა, მოსე დიდი ლოდის ქვეშ შევიდა და იქ დაიძინა, ხოლო უფალმა, რომელსაც არ სურს, დაამწუხროს მისი ერთგული მსახურნი, მისი დახმარება ინება; ნეტარი იოანე ამ დროს თავის სენაკში ლოცულობდა, მან წათვლიმა და იხილა მშვენირი სახის მღვდელი, რომელიც აღვიძებდა და საყვედურობდა, რომ ჩათვლიმა: – ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს, ხოლო შენი მოწაფე მოსე გასაჭირშია; წმიდა მამას მეყსეულად გამოეღვიძა და მოწაფისთვის ლოცვა წამოიწყო, ხოლო მწუხრის ჟამს, როდესაც იგი დაბრუნდა, ნეტარმა მამამ ჰკითხა მას: რამე ჭირი ხომ არ მოიწია შენზედ, შვილო?

ხოლო მან მიუგო: დიდი ლოდი მეცემოდა თავზე, მამა, რადგან მის ქვეშ მეძინა, მაგრამ შენი ხმა მომესმა, თითქოს მეძახდი, სირბილით წამოვედი იმ ადგილიდან და როცა გამოვედი, ის ლოდი მეყსეულად ჩამოვარდა. ხოლო წმინდა მამამ სიმდაბლით არ უთხრა ამ ხილვის შესახებ, არამედ ფარულად, სულიერი გალობით უგალობდა და ადიდებდა ღმერთს.

ხოლო იგი – ნეტარი, იყო კეთილი მაგალითი და სულიერ წყლულებათა მკურნალი. ამიტომ ამ წმინდანთან მოვიდა ერთი მონაზონი, სახელად ისააკი, რომელიც ხორციელ ბრძოლაში ეცემოდა და ამ ბრძოლაში მეტად დაუძლურებულიყო.

იგი ფეხებში ჩაუვარდა ღმერთშემოსილ მამას და ცრემლითა და ტირილით აღიარა ეს ბრძოლები; მისი ასეთი სარწმუნოება გაუკვირდა ნეტარს და უთხრა: ორივე ლოცვად დავდგეთ, საყვარელო. და როდესაც ლოცვა აღასრულეს და ისააკმა მუხლი მოიყარა, მაშინ ღმერთმა აღასრულა ნება მისი მოშიშისა, – როგორც დავითი ბრძანებს. და ლოცვით განდევნილი გველი განერიდა მათ, ხოლო სნეულმა იხილა თავისი განკურნება და მადლობდა მისთა მადიდებელთა განმადიდებელ ღმერთს და თაყვანს სცემდა თავის ნეტარ მკურნალს.

ხოლო ზოგიერთი შურით შეპყრობილი ადამიანი მრავლისმეტყველებასა და ამპარტავნებას აბრალებდა მას. ისინიც განსწავლა თავისი საქმით, რათა ყველას ერწმუნა, რომ მისი განმაძლიერებელი ქრისტეს მიერ ყველაფერი შეეძლო. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში აღარ ასწავლიდა და დუმდა, რადგან მას აკითხავდნენ ხოლმე როგორც მკურნალს და მის მიერ განათლდებოდნენ.

მაშინ კი დადუმდა იმ დრომდე, ვიდრე თვით მისი მბრალდებელნი არ ევედრნენ და არ აღიარეს, რომ სულთა სარგებლად აღმომდინარე წყარო დაწყდა და ეს მრავალთა დაღუპვით წარწყმედით ემუქრებაო. მაშინ მრავალი ადამიანის ნებას დაემორჩილა კვლავ და ისევ ყველას დამოძღვრასა და განათლებას შეუდგა.

როდესაც ყველამ იხილა სათნოებათა სიმრავლე მისი და სიღრმე მისი მოძღვრებისა, ორმოცწლიანი დაყუდების შემდგომ იგი, ახლადგამოჩინებული მოსეს მსგავსად, სინას მთის მონაზონთა საძმომ მონასტერში აიყვანა და ბრწყინვალე სანთელი წინამძღვრობის სასანთლეზე დაადგინა და აღამაღლა. მართლაც არ სცდებიან ისინი, ვინც მეორე მოსე უწოდა მას, რადგან ისიც უხილავ ნისლში შევიდა, ღვთისაგან დაწერილი რჯულისდება მიიღო, ღვთის სიტყვის აღმოსათქმელად გახსნა ბაგე, მოიღო სული და აღმოთქვა კეთილი სიტყვა მისი გულის საუნჯიდან ამოდიოდა.

ამგვარად დაასრულა მან თავისი ცხოვრება იმ ჭეშმარიტ ისრაიტელთა წინამძღვრობაში, მონაზვნები რომ არიან და ცათა სასუფეველში – ღვთის მიმართ მიიცვალა. მხოლოდ ერთი რამით არ ემსგავსებოდა იგი მოსეს, რადგან იერუსალიმში შეუსვლელობა არ მოწეულა მასზე, როგორც მოსეზე, რომელიც ქვეყნიერ იერუსალიმში ვერ შევიდა. არამედ იგი მოსესთან ერთად ზეციურ იერუსალიმში შესვლის ღირსი გახდა. მრავალია მისი სათნოებების მოწამე, რომლებიც ცხონდნენ და კვლავაც ცხონდებიან მისი საღმრთო სწავლებით, ვისაც უხილავთ იგი და იცნობდნენ მას. მოწამეა მამა დავით განშორებული, რომელმაც იცის ნეტარის სიბრძნე და ცხოვრება, მოწამეა ნეტარი იოანე, ჩვენ – რაითელთა მწყემსი, რომელიც ევედრა ღმერთშემოსილს, რომ მონაზონთათვის სწავლანი დაეწერა. და, მართლაც, ეს ახალი ღვთისმხილველი სინას მთიდან გარდამოვიდა ჩვენთან გონებით და მანაც მოგვართვა ღვთით დაწერილნი ფიცარნი, რომლებზეც გარედან მოღვაწეობის მოძღვრება ეწერა, შიგნიდან კი – ჭვრეტისა… სადიდებლად ღვთისა, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე);

წმიდა იოად წინასწარმეტყველი იყო სამარიტელი და წინასწარმეტყველებდა მეათე საუკუნეში ქრისტემდე. მის შესახებ მოთხრობილია III მეფეთა წიგნის მე-13 თავში. უფალმა წმიდა იოადი იუდეიდან ბეთილში გააგზავნა ისრაელის მეფის იერობოამის სამხილებლად, რომელმაც ერი აცდუნა და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩააგდო. ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა: „არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაც მოხვედ“ (3 მფ. 13,9).

იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა, შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმწამსვე შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუწინასწარმეტყველის ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა: წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუწინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662).

წმიდა ზოსიმე სირაკუზელის (+დაახლ 662) მშობლებს დიდ ხანს არ ჰყავდათ შვილი. უფალმა ისმინა ღვთისმოსავი მშობლების ვედრება და ვაჟი უბოძა მათ. შვიდი წლის ზოსიმე მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ იქვე აღიკვეცა ბერად და 40 წლის მანძილზე წინამძღვრობა მონასტერს. პაპმა თეოდორემ წმიდანს სირაკუზის ეპისკოპოსად დაასხა ხელი (641-649).

წმიდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს განაგებდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახლოებით 662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ წმიდა ზოსიმე გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.