„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
15.11.2025. შაბათი. ხსნილი
მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტესი და მათ თანა 7000-მდე (330); ღირსისა მარკიანე კვირინელისა (381-391); მოწამეთა ევდოქსისა, აღაპისა და სხვათა რვათა მოწამეთა: ატიკესი, მარინისა, ოკეანესი, ევსტრატისა, კარტერისა, ნიკოპოლიტანესი, სტირაქსისა და ტობიასი (315).
დღის ლოცვები
მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსისა და მათთანა
ტროპარი: ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: კეთილმსახურნი და ღმერთშემოსილნი მოწამენი და ქუეყანისათა ყოველთა დამტევებელნი, შეიწყნარენ ფუფუნებასა კეთილთა შენთასა და განსვენებასა აკვინდინე და პიგასი და ანემპოდისტოს, და მათთანა აფთონი და ელპიდიფორე, რომელი ხარ მხოლო სახიერ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 8: 1-5 (დას. 185). ლკ. 9: 1-6 (დას. 40).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: 2 კორ. 8: 1-5
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს. 2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით. 3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც. 4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში. 5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.
ლიტ.: ლკ. 9: 1-6
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა. 2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. 3. და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს. 4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე. 5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 6. ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მოწ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსისა და მათთანათა (დაახლ. 341-345);
წმინდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ – მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმორწმუნე მტრებთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის იყო საჭირო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმიდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ უფლის რჩეულებს კვნესაც არ აღმოხდენიათ. თვით საპორმაც კი ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა. მოსულიერებულმა მტარვალმა აკვინდინეს, პიგასის და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, კოცონს ზემოთ დაეკიდათ და კვამლით მოეხრჩოთ ისინი. წმიდანთა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკვრელები კი, რომლითაც ისინი იყვნენ შებოჭილნი, დაიშალა. როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, მოწამეებმა მას მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს. გააფთრებულმა საპორმა უფლის სახელის გმობა დაიწყო. მაშინ მარტვილებმა შესძახეს: „დაიყავნ პირი შენი!“ – და მეფეც დამუნჯდა. შიშისა და მრისხანებისგან გონდაკარგული საპორი ცდილობდა, ენიშნებინა ხელქვეითთათვის, რომ ტუსაღები საპყრობილეში წაეყვანათ, მაგრამ ირგვლივ მყოფნი მას ვერაფერს უგებდნენ. ეშმაკეულქმნილმა მეფემ სიბრაზისაგან მანტია შემოიხია და მხეცივით დაიწყო ღმუილი. აკვინდინემ ლოცვის ძალით განკურნა მეფე, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმიდანთა ჯადოსნობით ახსნეს და მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე გააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. უფლის რჩეულებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩაქრა. მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე.
ერთ-ერთმა ჯალათმა, აფთონმა წმიდა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა მიყენებული ტანჯვისთვის და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი. საპორმა ბრძანა, აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო და მათთან ერთად ელპიდიფორე თავის მოკვეთით დაისაჯათ. როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი – შვიდიათასამდე – ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც.
აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ერთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმიდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვეს და პატივით მიაბარეს მიწას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ღირსისა მარკიანე კვირინელისა (388).
ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას წმიდანი არასოდეს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ (ხს. 18 თებერვალს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმინდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისთვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მოშორებით. გარდაიცვალა IV ს-ის ბოლოს. ღირსი მარკიანე 18 იანვარსაც იხსენიება.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.