15.12.2025. 28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

15.12.2025. 28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

15.12.2025. ორშაბათი. ხსნილი თევზით

ღირსისა ისე წილკნელ ეპისკოპოსისა (VI); წინასწარმეტყველისა ამბაკუმისა (VII ს. ქრ. შ-მდე); მოწამისა მიროპიასი (251); ღირსთა: იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი მეგვიპტელ მეუდაბნოეთა (IV); მოწამისა აბიბოს ახლისა, დიაკონისა (307-324).

დღის ლოცვები
ღირსისა ისესი, წილკნელი ეპისკოპოსისა, ათცამეტთა სირიელ მამათაგანის კონდაკი:

ოქროსა სასანთლესა ზედა დაადგ, მამაო, ნათელი ეგე არა ხვიმირსა ქვეშე დაფარული, და განგვანათლენ ჩვენ ელვითა სწავლათათა, ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მაგას სულისასა ნათელ-ხმოვანსა გაქებს ღირსად, ისე მღვდელმთავარო, ითხოვე ერისათვის მორწმუნისა ხსნა ფლობისაგან უცხო თესლთასა და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობაი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 2 ტიმ. 2: 20-26 (დას. 294). ლკ. 20: 27-44 (დას. 102).
ისესი: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9-16 (დას. 36).

ლიტ.: 2 ტიმ. 2: 20-26 

20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი. 21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული. 22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს. 23. ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს. 24. უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი; 25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. 26. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.

ლიტ.: ლკ. 20: 27-44 

27. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს: 28. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი. 29. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. 30. მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა. 31. ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო. 32. ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 33. მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 34. იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან; 35. ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან; 36. თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან. 37. ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს. 38. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის. 39. ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი. 40. და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის. 41. უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა? 42. ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, 43. ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს. 44. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ? 

ისესი: ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

ისესი: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმიდა მოწამე ერმიონიას (ხს. 4 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როცა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.
კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს (ხს. 14 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა მიროპიამ მოწამის პატიოსანი ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმიდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს. ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყოველივე, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.
ღირსნი: იოანე, ირაკლემონე, ანდრია და თეოფილე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდნენ IV საუკუნეში. მათი ცხოვრება იხილეთ 12 ივნისის საკითხავებში.
VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.
წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.
ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.
ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.
წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.
წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.
ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.
ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.
წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.
წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.
შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.
ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.
ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.
სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.
ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.