„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-4 შვიდეული
15.03.2026. ორშაბათი
იოანე IV (ოქროპირად წოდებული), საქართველოს კათოლიკოსი და პირველი პატრიარქი (+1001 წელი); მოწამეთა: ევტროპიოსისა, კლეონიკესი და ბასილისკოსი (დაახ. 308); ღირსისა პიამა ქალწულისა (337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცისა (361-363).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 14: 24-32
24. დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება. 25. შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ. 26. აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული! 27. ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს? 28. ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს. 29. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება. 30. უპოვართა პირმშონი გამოიკვებებიან და ღარიბ-ღატაკნი სამშვიდობოს დამყუდრდებიან; შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენს ნარჩომს ამოვწყვიტავ. 31. მოთქვამდე, კარიბჭევ, გოდებდე, ქალაქო, ძრწოდე, ფილისტიმის ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან წამოვა კვამლი და გაიფანტება მისი ბანაკი. 32. რას იტყვიან ხალხის მოციქულები? – რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
მწუხრზე: დაბ. 8: 21-9: 7
21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. 22. ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. 2. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. 3. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. 4. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. 5. მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. 6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი. 7. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე.
მწუხრზე: იგავ. 11: 19 -12: 6
19. სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება. 20. გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის. 21. იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება. 22. გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე. 23. მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა. 24. ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია. 25. ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება. 26. ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა. 27. ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა. 28. თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან. 29. თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია. 30. მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს. 31. თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს.
1. ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია. 2. კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი შეაჩვენებს. 3. კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია. 4. ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია. 5. მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა. 6. ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო (+308)
წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო (+308) პონტოს ამასიაში აღესრულენ 308 წელს.ძმები, ევტროპი და კლეონიკე, და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს.17 თებერვალს) ძმისწული ვასილისკო, მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
ამასიის ახალმა მმართველმა ასკლიპიოდოტმა თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მორწმუნენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმიდა ევტროპი ხმამაღლა ლოცულობდა: „მოგვეც, უფალო, ძალი დათმენისა, მოგვმადლე გვირგვინი მოწამეობრივი და მოვედ შემწედ ჩვენდა, ვითარცა მოხვედ მონისა შენისა თეოდორეს თანა“. ლოცვის პასუხად წმიდა მოწამეებს თვით უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან და დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა.
ეს გამოცხადება იხილეს წმიდა მოწამეებთან მყოფმა ჯარისკაცებმა და ასკლეპიოდოტს წამების შეწყვეტა სთხოვეს. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმო და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო, წმიდანმა უარი განაცხადა.
მეორე დღეს წმიდა მოწამენი წარმართულ ტაძართან მიიყვანეს და მოსთხოვეს, კერპთმსახურება აღესრულებინათ. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ: „უფალო, იყავნ ჩვენთან, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტი ღვთის მიმართ“. ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, ტაძრის კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა: „თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა. აქ აშენდება ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად“.
მიწისძვრის დამთავრების შემდეგ ასკლეპიოდიტმა ბრძანა, მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმიდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმიდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპიმ კი მტანჯველებს გასძახა: „უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა“. ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარათ წყლულებზე. წმიდანებმა ეს ტანჯვაც გასაოცარი სიმშვიდით აიტანეს.
3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ვასილისკო კი აფხაზეთში გადაასახლეს.
22 მარტს ქალაქ კომანში წმიდა ვასილისკოს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს. მოგვიანებით კომანში ააშენეს წმიდა ვასილისკოს სახელობის ეკლესია.
ღირსი პიამა ქალწული (+337)
ღირსი პიამა ქალწული (+337) ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მოღვაწეობდა. იგი საკუთარ სახლში დაყუდებულივით ცხოვრობდა, არავის ნახულობდა, საზრდელს დღეგამოშვებით ღებულობდა და მთელ დროს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. უფალმა წმიდანს წინასწარხილვის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდა პიამას სოფლელების ამოწყვეტა, რათა ნილოსის მოქცევისას მხოლოდ თავიანთი მინდვრები მოერწყათ. ეს უფლისაგან ეუწყა წმიდა ქალწულს და თავისი სოფლის უხუცესებს შეატყობინა. შეშინებული უხუცესები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვეს, წასულიყო მეზობელ სოფელში და გონს მოეყვანა მისი მცხოვრებლები. ქალწულმა ამაზე უარი განაცხადა _ ადამიანებთან კავშირი ხომ მას დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსემ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით, როცა ბოროტისაგან გონდაბინდული, შეიარაღებული მეზობელი სოფლელები წმიდა ქალწულის სოფელს მოადგნენ, მოულოდნელად შედგნენ და ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. უფლის გამოცხადებით მათ შეიტყვეს, რომ ხელ-ფეხს წმიდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და ბოროტი განზრახვა შეინანეს, შემდეგ წმიდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა ითხოვეს.წმიდა პიამა მშვიდობით აღესრულა 337 წელს.
წმიდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (+1049)
წმიდა იოანე – ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედექ კათალიკოს-პატრიარქისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.