„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
16.12.2025. სამშაბათი. ხსნილი თევზით
წინასწარმეტყველისა სოფონიასი (635-605 წწ. ქრ. შ-მდე); ღირსისა თეოდულე კონსტანტინეპოლელისა (440); ღირსისა იოანე შეყენებულისა, კოლონიის (კიოლნის) ეპისკოპოსისა (558); მღვდელმოწამისა თეოდორე ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (606).
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი სოფონიას კონდაკი:
იქმენ შენ საღმრთოთა სულითა მხილველ ნათლისა საღმრთოსა, წინასწარმეტყუელო სოფონია, და ღმრთისა გამოჩინებაი ხმა-უყავ, ვითარმედ გიხაროდენ ფრიად, ასულო იერუსალიმისაო, აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს, მაცხოვარი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 ტიმ. 3: 16-4: 4 (დას. 297). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
2 ტიმ. 3: 16-4: 4
16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად, 17. რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
1. ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც, 2. იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით, 3. რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, 4. ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან.
ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი სოფონია (636-605 ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი სოფონია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.წმიდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელი (+დაახლ. 440)
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლის ეპარქი იყო თეოდოსი დიდის ზეობისას. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ქალაქ ედესას მიაშურა და ოცდათვრამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. უფლის რჩეული დაახლოებით 440 წელს მიიცვალა.ღირსი იოანე მდუმარე – ყოფილი კოლონიელი ეპისკოპოსი (+558)
ღირსი იოანე მდუმარე დაახლოებით 454 წელს დაიბადა სომხეთის ნიკოპოლში, მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში. ყმაწვილმა ადრევე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ქალაქ კოლონის მკვიდრთა თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა ოცდარვა წლის იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა.
იოანეს ეპისკოპოსობის მეათე წელს სომხეთის მმართველად დაადგინეს ბაზინიკი – მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა სასულიერო და საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.
საერთო შფოთითა და ბრძოლებით დამწუხრებულმა ნეტარმა მწყემსმთავარმა ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანე, რომელმაც დამალა თავისი ხარისხი, სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმიდა იღუმენის, საბას (ხს. 5 დეკემბერს) კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის (494-517) გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმიდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა, უფალმა კი მალე მისი საიდუმლო წმიდა საბასაც გაუცხადა.
ამის შემდეგ წმიდანმა ისურვა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა თავისი ღვაწლი, ლავრა დატოვა და უდაბნოს მიაშურა, სადაც ცხრა წელი ცხოვრობდა და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდა. ღირსი მამა სასწაულებრივ გადაურჩა სარკინოზთა გამანადგურებელ შემოსევას: უფალმა მას მცველად ლომი მოუვლინა. ღმერთმა სავანის ყველა ბერს სასწაულებრივ გაუცხადა, რომ წმიდა მოსაგრე ეპისკოპოსი იყო.
იოანეს სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, წმიდა იღუმენი საბა განწმენდილი გარდაიცვალა. მღვდელმთავარი საშინლად დამწუხრდა. მაშინ სასუფეველში ამაღლებული ნეტარი საბა საღვთო ჩვენებით წარდგა განდეგილის წინაშე, ნუგეში სცა და უწინასწარმეტყველა, რომ ერესთან შეურიგებელი ბრძოლა ელოდა წინ. მართლაც, მალე იოანე იძულებული გახდა, დაყუდებიდან გამოსულიყო, რომ ძმები ორიგენეს ბილწ მწვალებლობასთან ბრძოლაში განემტკიცებინა.
ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (მას ეკლესია წელიწადში კიდევ ორჯერ იხსენიებს: 30 მარტს და 7 დეკემბერს).
მღვდელმოწამე თეოდორე – ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+606)
მღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიელ პატრიარქთა ნუსხაში არ ჩანს. ვარაუდობენ, რომ თეოდორე იმიტომ იწოდება მთავარეპისკოპოსად, რომ ის ქრისტიანობას დაუცხრომლად ქადაგებდა და მთელ ალექსანდრიას განამტკიცებდა სარწმუნოებაში. მას აიგივებენ წმიდა მღვდელმოწამე თეოდორესთან, რომელიც 12 სექტემბერს იხსენიება.