17. 11. 2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

17. 11. 2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

1. … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

17.11.2025.  ხსნილი

წმიდათა მოღვაწეთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა; ღირსისა იოანიკე დიდისა ოლიმპოელისა (846); მღვდელმოწამეთა ნიკანდრესი, მირონელი ეპისკოპოსისა და ერმე ხუცისა (I); ღირსისა გიორგი (კარსლიდისი), აღმსარებელისა (1959); მართლისა აბიმელექისა.

დღის ლოცვები
ღირსი იოანიკე დიდის კონდაკი:

ვარსკულავად ყოვლადმნათობად გამოსჩნდი და სოფელსა განაბრწყინვებ, და მყოფთა წყუდიადსა შინა ვნებათასა ელვარე-ჰყოფ, და გამოსჩნდი მკურნალცა მტკიცედ, არამედ, ვითარცა მიიხვენ მადლნი კურნებათანი, ეგრეთვე მვედრებელთა შენთა მოგვმადლე კურნებაი სულთა და ხორცთა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო იოანიკე.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 თეს. 2: 20 – 3: 8 (დას. 267). ლკ. 12: 13-15, 22-31 (დას. 65).
წმიდათა მოღვაწეთა საკითხავები საზიაროთაგან.

ლიტ.: 1 თეს. 2: 20 – 3: 8 

20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

1. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში, 2. და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის; 3. რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ. 4. რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა. 5. ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა. 6. მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ – თქვენი; 7. ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით. 8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.

ლიტ.: ლკ. 12: 13-15, 22-31 

13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი. 14. ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად? 15. და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი. 

22. და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო; 23. ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული – ვიდრე სამოსელი. 24. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ? 25. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? 26. ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის? 27. შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. 28. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 29. მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ. 30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. 31. მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა

წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა.

წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.

საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის – ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამოდენიმე საუკუნეა აღასრულებს.

როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მღდელმოწამენი: ნიკანდრე, მირონელი ეპისკოპოსი და ერმი ხუცესი (I) 
მღდელმოწამენი: ნიკანდრე, მირონელი ეპისკოპოსი და ერმი ხუცესი (I) - 04(17) ნოემბერი
ამ ორ მოწამეს ხელი მოციქულმა ტიტემ დაასხა, – კრეტის პირველმა ეპისკოპოსმა (ხსენება 25 აგვისტოს). მათი წყალობით მრავალი წარმართი მოიქცა, რის გამოც მეფისნაცვალ ლიბანიუსთან დაასმინეს.
ამ უკანასკნელმა ნეტარნი ცხენს გამოაბეს და მანამ ათრევინა, სანამ ხორცი მთლად არ დაეფლითათ, შემდეგ – ხის დაფით გვემა, ბოლოს კი – სამივე ცეცხლს მისცა.
მაგრამ ოდეს ამ საზარელ წამებას, რაღაც სასწაულით, უვნებლად გადაურჩნენ, ტირანმა ახალი სატანჯველი მოიფიქრა და ბრძანა, გულსა და მთელ შიგნეულში ლურსმნები გაეყარათ, თუმცა, ვერც ამჯერად მოაკვდინა.
მაშინ, მოთმინებადაკარგულმა, სამივე ღრმა ორმოში ჩაყარა და ზედ მიწა მიაყარა.
ღირსი იოანიკე დიდი (+846)

ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა ბითვინიის სოფელ მარიკატში 752 წელს. მისი მშობლები ისე ღარიბები იყვნენ, რომ შვილს დაწყებითი განათლებაც ვერ მიაღებინეს. იოანიკე ბავშვობიდანვე იძულებული იყო, ნახირი ემწყემსა, რაც მათი ოჯახის მთელს ავლადიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი.

იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გავლენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო.

ერთხელ, როცა იგი თავის მხედრიონთან ერთად ოლიმპოს მთიდან მოდიოდა, ერთმა უცნობმა ბერმა სახელით უხმო: „შვილო იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?“ იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას, სინანულში ჩავარდა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგული დამცველი შეიქნა. წმიდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა – სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა.

ოცდაოთხი წლის იყო იოანიკე, როცა განერიდა ამსოფელს და უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, მაგრამ ერთმა წმიდა მოსაგრემ ურჩია, ჯერ მონასტრული ცხოვრების სკოლა გაევლო. წმიდანმა რამდენიმე წელი დაყო ძმათა კრებულში, წერა-კითხვას დაეუფლა, დავითის ოცდაათი ფსალმუნი ზეპირად ისწავლა და, ღვთის მინიშნებით, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სამოღვაწეოდ ერთ უდაბურ ადგილას. აქ ნეტარი საკუთარი ხელით გათხრილ მიწურში ცხოვრობდა. ვინმე მწყემსს თვეში მხოლოდ ერთხელ მიჰქონდა მასთან ცოტაოდენი პური და წყალი. უფლის რჩეული დღე და ღამ ლოცულობდა და ფსალმუნებს გალობდა; ყოველი ფსალმუნის შემდეგ აღავლენდა ლოცვას, რომელიც ოდნავი სახეცვლილებით დღემდე შემოინახა ეკლესიამ: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“. მას შემდეგ, რაც იოანიკე შემთხვევით გადაეყარა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, მან დატოვა უდაბნო და კონტურიის მთებს მიაშურა. აქ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი ბუდობდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წმიდანს ისინი არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ზამთრის პირს, იოანიკე მაღლა, მთებში ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და შიგ შევიდა. სიბნელეში მან რაღაც მანათობელი შენიშნა, მიუახლოვდა და დაინახა მიწაზე გაწოლილი უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები გავარვარებული მუგუზლებივით უელავდა. წმიდა იოანიკე არ შეუშინდა ქვეწარმავალს, მღვიმის მარჯვენა მხარეს მიიდრიკა და მთელი ზამთარი აქ გაატარა, გველის სიახლოვეს.

ნეტარი თორმეტი წლის მოსაგრეობის შემდეგ აღიკვეცა ბერად. შემონაზვნების შემდგომი სამი წელი სრულ დაყუდებაში გაატარა, შემდეგ კი ქალკედონში გაემგზავრა დიდ მმარხველ გიორგისთან (ხს. 21 თებერვალს). უფლის რჩეულებმა სამი წელი იცხოვრეს ერთად. ამ ხნის მანძილზე ღირსმა იოანიკემ მთელი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა. ღრმად მოხუცებული წმიდანი ბოლოს ანტიდიევის სავანეში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე დაყუდებაში იმყოფებოდა.

მოღვაწეობის სამოცდაათი წლის მანძილზე ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. წმიდანის მოწაფის, პახუმის მოწმობით, მან წინასწარცნობის მადლი მოიგო. ლოცვის დროს ნეტარი ჰაერში მაღლდებოდა; ერთხელ ადიდებული მდინარე ფეხით გადაიარა. მას შეეძლო, ადამიანთათვის უხილავი გამხდარიყო და სხვებიც უჩინო ექმნა: ასე მაგალითად, ერთხელ პყრობილი ბერძნები მრავალრიცხოვანი მცველების თვალწინ გამოიყვანა სატუსაღოდან. შხამი და ცეცხლი, რომლითაც მოშურნეები წმიდანთან ანგარიშის გასწორებას ცდილობდნენ, მას ვერაფერს ვნებდა. ცნობილია, რომ უფლის რჩეულმა კუნძული თასოსი ურიცხვი გველისგან გაათავისუფლა.

წმიდა მოსაგრემ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე და გარდაიცვალა 846 წლის 4 ნოემბერს, ერთი ცნობით – ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი – ასთხუთმეტი წლის ასაკში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

ღირსი გიორგი კარსლიდისი – 04 ( 17) ნოემბერი
ღირსი  გიორგი კარსლიდისი -  04  ( 17)  ნოემბერი
ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს. სახელად ათანასე დაარქვეს. იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. მცირე სქემაში აღკვეცა მოხდა დრანდაში (აფხაზეთი) არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ და უწოდეს სვიმეონი. დიდ სქიმაში კი აღკვეცა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) და გიორგი დაარქვა. მანვე დაასხა ხელი მღვდლად.
მთავარეპისკოპოსი იოანე იყო მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, რომელიც მას მუდამ განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გიორგის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ 30-იან წლებში იგი საბერძნეთში გაემგზავრა და დაემკვიდრა დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში, სადაც ააშენა ამაღლების მონასტერი და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა.
სამშობლოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.
ბედნიერნი ვართ, რომ მისი წმინდა ნაწილები უბრუნდება საქართველოს.
მამა გიორგიმ მოყვასისათვის თავდადებული სიყვარულით იმსახურა და თავისი სამწყსოს მფარველ ანგელოზად იქცა. წინასწარმეტყველების ნიჭით გამორჩეულ მოძღვართან სხვა და სხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი და ღვთისაკენ მიმავალ გზას მისი რჩევით პოულობდა.
იგი 1959 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. წმინდანად შეირაცხა 2008 წელს. ხსენების დღედ დადგინდა 4/17 ნოემბერი.
წყარო https://patriarchate.ge/news/1660
მართლისა აბიმელექისა