18.03.2026. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ოთხშაბათი

18.03.2026. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ოთხშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-4 შვიდეული 

18.03.2026. ოთხშაბათი

განზოგება დიდი მარხვისა.

მოწამისა კონონ ისავრიელისა (I); მოწამისა ონისესი (I); მოწამისა კონონ მებაღისა (III); მოწამისა ირაიდასი; მოწამისა ევლოგი პალესტინელისა; მოწამისა ევლამპისა; ღირსისა მარკოზისა (V); ღირსისა ისიხიოსისა (დაახ. 790); პოვნა წმიდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა: თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულთმოქმედთა (1463).

დღის ლოცვები

მოწამე კონონ ისავრიელის კონდაკი:
ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმიდითა და მათ თანავე მზრახველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 26: 21-27: 9

21. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს.

1. იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს. 2. იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე: 3. მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს. 4. რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ. 5. ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი! 6. დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით. 7. თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი მისთა მხოცელთა ხოცვით? 8. უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს. 9. ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.

მწუხრზე: დაბ. 9: 18-10: 1

18. ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი. 19. ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. 20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. 21. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. 22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. 23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. 24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. 25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! 26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! 27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი! 28. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი. 29. სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა – სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

მწუხრზე: იგავ. 12: 23-13: 9 

23. საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს. 24. გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა. 25. სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს. 26. მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს. 27. უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია. 28. სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა. 

1. ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს. 2. კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი – ბოროტებას. 3. პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის. 4. ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან. 5. მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს. 6. სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი სიბოროტე ღუპავს. 7. ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს. 8. კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის, უპოვარს კი არ ესმის შეგონება. 9. მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I) დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ისავრიასთან ახლოს მდებარე ბეთანიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში.
მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.
ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.
წმიდა მოწამე ონისიმე (I)
წმიდა მოწამე ონისიმე (I) ცხოვრობდა პალესტინაში. ქრისტეს აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე კონონი (III) გალილეის ნაზარეთში დაიბადა, ცხოვრობდა ქალაქ მანდონში. ღვთისმოშიში, კეთილი, მდაბალი და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს დაიჭირეს, ხელ-ფეხი სამსჭვალებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და აწამეს. წმიდანი გამუდმებით ლოცულობდა და ასე მიაბარა სული უფალს. 
ღირსი ისიხი მმარხველი (+434) დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში გაზრდილმა ისიხიმ დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.
გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხის ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.
ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).
ღირსი მარკოზ მმარხველი (V) ეგვიპტის ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია, აგრეთვე, რომ ღირსი მარკოზი ისმენდა წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმ. მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულობის გამო მას მმარხველი ეწოდა.
წმიდა მოწამე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე ევლაპი
წმიდა მოწამე ევლაპი პალესტინაში ცხოვრობდა. ქრისტეს აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.