მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ორშაბათი. მარხვა. 18.08.2025
უფლის ფერისცვალების წინადღესასწაული.
მოწამისა ევსეგნისა (362) მღვდელმოწამეთა ანთვირესი (236) და ფაბისა (250), რომის პაპთა; მოწამისა პონტი რომაელისა (257); მოწამეთა: კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა ეგვიპტეს; მართლისა ნონასი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის დედისა (374).
დღის ლოცვები
ფერისცვალების წინადღესასწაული
ტროპარი: ქრისტეს ფერისცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენიერებისათა.
კონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოდ განბრწყინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერსა ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 2: 3-15 (დას. 171). მთ. 23: 13-22 (დას. 94) – ორშ.
ლიტ.: 2 კორ. 2: 14-3: 3 (დას. 12) მთ: 23: 23-28 (დას. 95) – სამშ.
ლიტ.: 2 კორ. 2: 3-15
3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. 5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. 6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. 7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. 8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. 9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. 10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე. 11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. 12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, – თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, – 13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. 14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
ლიტ.: მთ. 23: 13-22
13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. 14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. 15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად. 16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა. 17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს? 18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხეველს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა. 19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს? 20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა. 21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. 22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.
ლიტ.: 2 კორ. 2: 14-3: 3
14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. 16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი? 17. ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
1. ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან? 2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული. 3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვაფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
ლიტ.: მთ: 23: 23-28
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ. 24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ. 25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. 26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც. 27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. 28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე ანთვირე (+236) და ფაბიოსი (+250) – რომის პაპნი
წმიდა მოწამე პონტიოსი მესამე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი რომაელი წარმართი სენატორის, მარკოზისა და მისი მეუღლის, იულიას ვაჟი იყო. ერთხელ, როცა ორსული იულია ქმართან ერთად იუპიტერის ტაძარში შევიდა, აქ დაბუდებულმა ეშმაკმა ქურუმის პირით დაიღრიალა: „ჩვილი, რომელსაც ეს დედაკაცი საშოთი ატარებს, იუპიტერსა და მის სამსხვერპლოს შემუსრავს!“ როცა ჩვილი ამქვეყანას მოევლინა, ნაწინასწარმეტყველებით შეშინებულ დედას მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ მეუღლე წინ აღუდგა და ბავშვი გადარჩა. ყმაწვილის პონტიოსი დაარქვეს. როცა წამოიზარდა, წმინდა პონტიოსი დაინტერესდა ქრისტიანთა სწავლებით და რომის პაპ პონტიანეს მიმართა რჩევა-დარიგებისათვის და ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებით გონებაგანათლებულმა აღიარა ქრისტიანობა. პონტიოსმა თავისი მამაც მოაქცია ქრისტიანობაზე და პონტიანემ მონათლა იგი მთელ სახლეულთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ პონტიოსი, რომელიც იმ დროისათვის ოცი წლისა იყო, იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა (222-235) მამის ადგილზე – სენატორად დანიშნა. სენატში და იმპერატორის გარემოცვაში პონტიოსი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. იმპერატორ ალექსანდრეს მემკვიდრის – მაქსიმინეს (235-238) დროს პაპმა პონტიანემ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (+235).წმიდა პაპის შემდეგ რომის ეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელმთავარი ანთვირე, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა – მარტვილობით აღესრულა ქრისტესთვის (+236). ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა ფაბიოსი. ეკლესიის წმიდა წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიოსმა მთელი თავისი ქონება გადასცა გლახაკთა საჭიროებისათვის. 238 წელს უსჯულო მაქსიმინე გარდაიცვალა. გამეფდა იმპერატორი გორდიანე III (238-244), რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249) კი წმიდა პონტიოსის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად ნათელიღო წმიდა პაპის, ფაბიოსის ხელით. იმპერატორის თანხმობით წმიდა პონტიოსმა და მღვდელმთავარმა ფაბიოსმა წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს. ოთხი წლის მანძილზე ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, შემდეგ კი ტახტზე ავიდა უსჯულო დეკიუსი (249-251), რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ხანებში ეწამა მღვდელმთავარი ფაბიოსი (+250), წმიდა პონტიოსმა კი დატოვა რომი, იტალიისა და გალიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კიმელას მიაშურა და აქ მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამასობაში იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი. ამ მიზნით ქალაქ კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. წმიდა პონტიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის ნეტარი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მტარვალები პონტიოსის სატანჯველად გაემზადნენ, წმიდანმა მშვიდად გააფრთხილა ისინი, რომ წამების დამთავრებამდე გახდებოდნენ მოწმენი უფლის ძლევამოსილებისა. მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი ნაწილებად დაიშალა, ჯალათები კი მკვდრებივით დაცვივდნენ მიწაზე.
„შეიცან, ცრუმორწმუნევ, ჩემი უფლის ყოვლადძლიერება“, – მიმართა წმიდა პონტიოსმა კლავდიუსს, მაგრამ მან ანაბიუსის რჩევით მარტვილი ცირკში ორ დათვს მიუგდო დასაგლეჯად. მხეცები წმიდანს არ გაეკარნენ, მცველები კი ნაკუწ-ნაკუწ დაფლითეს. „ერთ არს ღმერთი, ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსაც პონტიოსი აღიარებს!“ – იხუვლა ხალხმა. მტარვალთა ბრძანებით ჯალათებმა დიდი კოცონი დაანთეს ნეტარის დასაწვავად. ცეცხლი ჩაქრა, პონტიოსი კი უვნებელი დარჩა. მაყურებლებმა კიდევ უფრო მქუხარედ შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!“ მაშინ იქ მყოფმა, აღშფოთებულმა იუდეველებმა იღრიალეს: „მოკალით ჩქარა ეს ჯადოქარი!“ პონტიოსს მოაგონდა, თუ როგორ გასძახოდა ქრისტეს ჯვარცმის მოსურნე ბრბო პონტიუს პილატეს: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“ და მადლობა შესწირა უფალს. წმიდა აღმსარებელს თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. განაჩენი ქალაქგარეთ მოიყვანეს სისრულეში (+257). წმიდანის ნეშტი მისმა მეგობარმა, ვალერიანემ სიკვდილით დასჯის ადგილზე დაფლა. მოგვიანებით წმიდა ცხედარი კიმელას მახლობლად მდებარე ქალაქ ნიცაში გადაასვენეს.
წმიდა მოწამე ევსეგნიოსი (+362)
წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი ათწლეულის მანძილზე მსახურობდა იგი რომაელი იმპერატორების: დიოკლეტიანეს, მაქსიმიანე ჰერკულესის, კონსტანტინე ქლორუსის, კონსტანტინე დიდისა და მისი ძეების ლაშქარში. კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობის დასაწყისში ევსეგნიოსმა საკუთარი თვალებით იხილა გამარჯვების მაუწყებელი ბრწყინვალე ჯვრის გამოჩენა ცაზე.მოხუცებულობაში წმიდანმა დატოვა სამხედრო სამსახური და სამშობლოს მიაშურა. აქ იგი ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (261-263), რომელიც იმპერიაში წარმართული სარწმუნოების აღდგენას ესწრაფოდა. ერთ-ერთი ანტიოქიელის დასმენით წმინდა ევსეგნიოსი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის იმპერატორის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უშიშრად ამხილა მრისხანე თვითმპყრობელი მაცხოვრის უარყოფაში; მისი ნათესავი, კონსტანტინე დიდი დაუსახა მაგალითად და, როგორც თვითმხილველმა, დაწვრილებით მოუთხრო ცაზე ჯვრის ნიშის სასწაულებრივი გამოჩენის შესახებ. იულიანემ ასათ წელს მიღწეულ მოხუცს თავი მოკვეთა (+362).
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. მას სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღე და ღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი“.წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზიოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.
გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო“.
374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს). წმიდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.
