…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
18.08.2026. სამშაბათი. მარხვა.
უფლის ფერისცვალების წინადღესასწაული.
მოწამისა ევსეგნისა (362) მღვდელმოწამეთა ანთვირესი (236) და ფაბისა (250), რომის პაპთა; მოწამისა პონტი რომაელისა (257); მოწამეთა: კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა ეგვიპტეს; მართლისა ნონასი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის დედისა (374).
დღის ლოცვები
ფერისცვალების წინადღესასწაული
ტროპარი: ქრისტეს ფერისცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენიერებისათა.
კონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოდ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერსა ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 5: 15-21 (დას. 180). მკ. 1: 16-22 (დას. 3) – სამშ.
2 კორ. 6: 11-16 (დას. 182). მკ. 1: 23-28 (დას. 4) – ოთხშ.
2 კორ. 5: 15-21
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. 16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ. 17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი. 18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა. 19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. 20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს, 21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
მკ. 1: 16-22
16. ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 18. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას. 19. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში. 20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას. 21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. 22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
2 კორ. 6: 11-16
11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. 12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, – თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, – 13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. 14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. 16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?
მკ. 1: 23-28
23. იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა: 24. რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო. 25. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. 26. შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან. 27. განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას? 28. და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.