„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
18.12.2025. ხუთშაბათი. ხსნილი თევზით
ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა საბა განწმედილისა (532); მოწამისა ანასტასისა; ღირსთა კირიონ ბერისა და ძისა მისისა ზაქარიასი, მეგვიპტელთა (IV); ღირსმოწამეთა კარეელ მამათა, ლათინთაგან მოწყვედილთა (XIII).
დღის ლოცვები
ღირსი საბა განწმედილის
ტროპარი: მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.
კონდაკი: სიყრმითგან მსხვერპლად ღვთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარება მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღვთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშვენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: ტიტ. 1: 5 – 2: 1 (დას. 300). ლკ. 21: 28-33 (დას. 107).
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: ტიტ. 1: 5 – 2: 1
1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, 2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა, 3. და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის – ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, – 4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის – ქრისტე იესოსაგან. 5. იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე:
1. შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას.
ლიტ.: ლკ. 21: 28-33
28. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა. 29. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც: 30. როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული. 31. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი. 32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 33. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ანასტასი
წმიდა მოწამე ანასტასის აიგივებენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას მოწამეობრივად აღსრულებულ წმიდა ანასტასისთან, რომლის ხსენებაც 25 ოქტომბერს აღინიშნება.ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია მეგვიპტელნი (IV)
ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია. ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმიდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სკიტში ზრდიდა ყრმას. როცა ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმიდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმიდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა – „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი – როგორც ანგელოზი“. მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან (ხს. 27 აგვისტოს) ერთად მოსაგრეობდა. „რა ვქმნა, რათა ვცხონდე?“ – ჰკითხა ერთხელ მას მოსემ. ამის გაგონებაზე ზაქარია ფეხებში ჩაუვარდა ნეტარს: „შენ მე მეკითხები, მამაო?!“ – „მერწმუნე, შვილო ზაქარია, – უთხრა მოსემ, – მე ვიხილე, თუ როგორ გარდამოხდა შენზე სულიწმიდა, და მხოლოდ ამიტომ გკითხე“. მაშინ ღირსმა ზაქარიამ თავიდან კუკული მოიხადა, ფეხებთან დაიდო, გათელა და თქვა: „თუ არ გაისრისები, როგორც კაცი, მონაზონი ვერ იქნები“. მომაკვდავ ზაქარიას ღირსმა მოსემ ჰკითხა: – „რას ხედავ, ძმაო?“ „დუმილი ხომ არ სჯობს, მამაო“, – იყო პასუხი. – „ჰე, სდუმენინ, შვილო!“ – მიუგო მანაც. როცა ღირსი ზაქარიას სული სხეულს ეყრებოდა, წმიდა ამბა ისიდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „გიხაროდენ, შვილო ჩემო ზაქარია, რამეთუ განგეხვნეს კარნი ზეცისა სამეუფოჲსანი“. ღირსი საბა განწმენდილი (+532)
ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.
გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.
ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.
წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის – თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.
ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.
ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.
წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.
ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა. ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია – უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი. და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე იყო. მან „უდაბნოჲ ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.
უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“
ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.
ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო: „არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა: „არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისთვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თჳსი დიდად დაიტანჯა“.
წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო: მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა; „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყვარულითა სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ, და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მაშინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპისკოპოსს უთქვამს: „შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა. იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამეტებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა“.
უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.
წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდანი ათონელნი ღირსმოწამენი (XIII)
წმიდა კარიესელი ღირსმოწამენი მართლმადიდებლობის მოღალატე მიხეილ პალეოლოგის (1259-1282) მეფობაში აღესრულნენ კარიესის სავანეში, ათონის მთაზე ცეცხლითა და მახვილით შემოჭრილი პაპისტების ხელით. ლათინებმა გადაწვეს და დაანგრიეს პროტატი, ცოცხალი აღარავინ გადარჩენიათ. ღირსნი მამანი, რომელთაც გაბედულად ამხილეს კათოლიკების მწვალებლობა, პაპისტებმა საშინლად აწამეს, შემდეგ კი პროტატის წინ ჩამოახრჩვეს. კარიესის ირგვლივ, სენაკებში თავშეფარებული ბერები მომხდურებმა მახვილებით აჩეხეს (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი). ღირსი ნექტარიოს (+1500) და ფილოთეოზ ათონელნი
ღირსი ნექტარიოსი ბიტოლიაში, კოზმა და დამიანეს სავანეში მოღვაწე მამამ აღზარდა. ნეტარი წმიდა მთაზე აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი ღირს მამათა, ფილოთეოზ და დიონისე ათონელების მორჩილებაში იმყოფებოდა. წმიდა ნექტარიოსმა იობივით უდრტვინველად დაითმინა მძიმე ხორციელი სნეულებანი და 1500 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამის ოთხი წლის შემდეგ აღმოყვანებული უხრწნელი ნაწილები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა.ღირსი ფილოთეოზ ათონელი (XV), ღირსი ნექტარიოსის მოძღვარი, ათონზე, კარიესის სავანეში მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.