19.07.2026. მე-7 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI.

19.07.2026. მე-7 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI.

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43).

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-7 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI

19.07.2026. ხსნილი 

ღირსისა სისოჲ დიდისა (429); მოწამეთა: მარინოსისა, მართასი, ავდიფაქსესი, ამბაკუმისა, კვირინესი, ვალენტინე ხუცისა, ასტერისა და სხვათა მრავალთა, რომში მოწყვედილთა (269); მოწამეთა: ისავრო დიაკონისა, ინოკენტისა, ფილიქსისა, ერმისა, ბასილისა, პერეგრინესი, და ორთა ქალაქის მთავართა, რუფესი და რუფინესი (III); მოწამისა კოინტე ფრიგიელისა (283-284); მოწამისა ლუკია ქალწულისა და მის თანა მოწამეთა: რიქსესი, ანტონისა, ლუკიანესი, ისიდორესი, დიონისა, დიოდორესი, ქუთონისა, არონისა, კაპიკესი და სატურისა (301); ღირსისა მამისა ლამზარისა. 

დღის ლოცვები
ღირსი სისო დიდის კონდაკი:

გამოსჩნდი შენ მოღუაწებითა ქუეყანასა ზედა ანგელოზად და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთისმეტყუელებითა მარადის; ამისთვის სარწმუნოებით პატივს გცემთ შენ, სისო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-7. ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: რომ. 15: 1-7 (დას. 116). მთ. 9: 27-35 

ცისკ.: ინ. 20: 1-10 

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. 2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.

ლიტ.: რომ. 15: 1-7 

1. ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე. 2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად. 3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“. 4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს. 5. მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ. 6. რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას. 7. მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.

ლიტ.: მთ. 9: 27-35 

27. იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! 28. და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. 29. მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! 30. და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. 31. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი. 32. ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული. 33. და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე. 34. ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 35. და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი (+269)
წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270) მეფობაში წმიდა მარინი მეუღლე მართასთან და ვაჟიშვილებთან – ავდიფაქსთან და ამბაკუმთან ერთად სპარსეთიდან რომში წავიდა წმიდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მართლმორწმუნეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ… მარინმა ცოლ-შვილთან ერთად პყრობილ ქრისტიანთა მსახურება და წმიდა მოწამეთა გვამების დაფლვა იტვირთა. როცა სოლარის გზასთან მიწის სათხრელად გაგზავნილი ორასსამოცი ქრისტიანი, მათ შორის ტრიბუნი ვლასტიც მოკლეს. წმიდანთა ოჯახი ხუცეს იოანესთან ერთად ღამღამობით უჩუმრად მიასვენებდა მარტვილთა ცხედრებს კატაკომბებში და პატივით კრძალავდა. საპყრობილეში მიბრუნებისას მათ შეიტყვეს, რომ წინა დღეს სიკვდილით დაესაჯათ ტყვე კვირინე, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ქრისტესთვის დათმენილი მრავალგვარი სატანჯველის გამო. ნეტარმა მოღვაწეებმა მოძებნეს და მიწას მიაბარეს მისი ცხედარი. ამის შემდეგ მარინი, მართა და მისი ძენი მდევრებს განერიდნენ, მაგრამ უფალმა ისურვა, მოწამეობრივი აღსასრულით გაებრწყინებინა თავისი სათნომყოფელნი. წარმართებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს მხნე აღმსარებელს, საკვირველთმოქმედ ხუცეს ვალენტინეს, დიდებულ კარისკაც ასტერიოსს. სიკვდილით დასაჯეს მათთან თავშეფარებული სპარსელი მოღვაწეებიც: მარინი, ავდიფაქსი და ამბაკუმი. წმიდა მართა მდინარეში დაახრჩვეს (+269). 
წმიდა მოწამე ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი, პერეგრინე და ორნი ქალაქის მთავარნი – რუფოსი და რუფინე (III)
წმიდა მოწამენი ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი და პერეგრინე ქრისტეს აღსარებისთვის მაკედონიის ქალაქ აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ ნუმერიანეს (283-284) დროს. მათთან ერთად თავები მოკვეთეს ქალაქის მთავრებს – რუფოსსა და რუფინეს. 
წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიელი (+დაახლ. 284)
წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიაში დაიბადა,ქრისტიანმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ნეოლიდაში ჩასული წმინდანი მრავალ ქველისსაქმეს აღასრულებდა და ეშმაკეულებს ლოცვით კურნავდა. ოლქის მმართველი რუფოსი შეეცადა, წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეთანხმებინა წმიდანი, მაგრამ, ღვთის განგებით, მმართველი ბოროტმა სულმა შეიპყრო. ნეტარმა კოინტემ ქრისტეს სახელით განკურნა იგი. მომხდარით სულშეძრულმა და მადლიერებით აღვსილმა რუფოსმა უფლის რჩეული დაასაჩუქრა და გაათავისუფლა.
წმიდა მოსაგრე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის აწამეს. კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის, კლეარქის ჩასვლამდე მაინც ბორკილებში ამყოფებდნენ აღმსარებელს. კლეარქმა ბრძანა, მუხლები გადაემსხვრიათ მისთვის, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივ განიკურნა წყლულებისაგან. ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა, 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა მოწამე ლუკია ქალწული და მის თანა მოწამენი: რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსე, კაპიკე და სატური (+301)
წმიდა ლუკია იტალიაში, კამპანიის ოლქში დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე უფალს უძღვნა თავი და მკაცრად და კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ქალწული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა ერთ-ერთი გერმანული ტომის ბელადმა, რიქსემ ტყვედ ჩაიგდო. თავდაპირველად უსჯულო მბრძანებელი წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა ლუკიას, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ურყევი იყო აღმსარებლის სარწმუნოება. ამან რიქსე წმიდანისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა და მას პატარა სახლიც გამოუყო, სადაც ქალწული მხევლებთან ერთად დაუცხრომელ ლოცვაში ატარებდა დროს. ბელადი სალაშქროდ წასვლის წინ ლუკიასაგან ითხოვდა ხოლმე დალოცვას და შინ მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა.
ოცი წლის შემდეგ ქრისტეს სასძლომ შეიტყო, რომ იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და რიქსეს იტალიაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა – სურდა, თანამემამულეებთან ერთად ედიდებინა უფალი. რიქსე, ლუკიას გავლენით, ამ დროისთვის უკვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე იყო მოქცეული. მანაც მარტვილობის სურვილით, დატოვა სასახლე, ოჯახი და ნეტარ ქალწულთან ერთად რომს მიაშურა.
ქრისტესმოძულე რომაელი პრეფექტის, ელიუსის ბრძანებით, წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. მათ შემდეგ მოისრნენ მახვილით წმიდა მოწამენი: ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური (+301). 
ღირსი სისო დიდი (+429)
ღირსმა სისო დიდმა ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.
საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია – საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“.
როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა. – წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!“ ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა (+429).