19.11.2026. სულთმოფენობიდან მე-25 შვიდეული. ხუთშაბათი

19.11.2026. სულთმოფენობიდან მე-25 შვიდეული. ხუთშაბათი

     …მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-25 შვიდეული. ხუთშაბათი

19.11.2026. ხსნილი

წმ. პავლე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (350); მოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III); ღირსისა ლუკა ტავრომენიელისა (დაახლ. 800-820). 

დღის ლოცვები

პავლე აღმსარებელის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის

ტროპარი: მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გლოვა შენ ეკლესიამან და მღდელთა შორის მოშურნედ ილიასებრ და შენთანა ღაღადებს აბელცა უფლისა მიმართ, და სისხლი მართლისა ზაქარიასი, მამაო ღირსო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი: გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი, და კათოლიკე ეკლესიაი განაბრწყინვე, რომლისა ძლით იწამეცა სულისა თვისისა განმცემელმან, პავლე, ვინაიცა ზაქარიას და აბელის სისხლისაებრ ღაღადებს სისხლი შენი უფლისა მიმართ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ლიტურგია (რიგ.) – 2 თესალონიკელთა მიმართ 2:13-3:5; ლიტურგია (აღმს.) – ებრაელთა მიმართ 8:3-7; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 11:47-12:1; ლიტურგია (აღმს.) – ლუკას სახარება 12:8-12.

ლიტ. (რიგ.) – 2 თეს. 2: 13-3: 5 

13. ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად. 14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას. 15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით. 16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, – 17. ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში. 

1. მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განივრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის, 2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა. 3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან. 4. ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ. 5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.

ლიტ. (აღმს.) – ებრ. 8: 3-7 

3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. 4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს, 5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, – იყო თქმული, – ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“. 6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული. 7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 11: 47-12: 1 

47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი. 48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ. 49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან. 50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, 51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას. 52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. 53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა, 54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის. 

1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.

ლიტ. (აღმს.) – ლკ. 12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.  

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით” 

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III)

 

წმიდა პავლე აღმსარებელი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+350)
წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანციუსი (337-361), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსების მიერ განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც.
ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა.
იმპერატორმა კონსტანტმა (337-350) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმიდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს. 
ღირსი ლუკა ტავრომენიელი (+800-820)
ღირსი ლუკა ტავრომენიელი სიცილიის ქალაქ ტავრომენიიდან იყო. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლები, საცოლე და უდაბნოს მიაშურა, სადაც მრავალი წელი დაჰყო მარხვითა და ლოცვით. ნეტარი ეტნის მთაზე მოსაგრეობდა, სადაც სიცოცხლის მიწურულს ზეგარდამო გამოცხადებით მონასტერი დააარსა. სხვა სავანეთა წეს-განგებების გასაცნობად უფლის რჩეულმა მრავალი ქალაქი შემოიარა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ კორინთოში მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX ს-ის დასაწყისი).