„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
19.12.2025. პარასკევი. მარხვა
წმიდისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა (IV).
დღის ლოცვები
ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, საკვირველმოქმედის
ტროპარი: მირონ ქალაქისა ბრწყინვალებაო, ლუკიისა შემამკობელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უბრალოთა სიკუდილისა დამხსნელო, დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, მეოხ გუეყავნ ჩუენ.
ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერება აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღვთისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: წმ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ცისკ.: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
ლიტ.: წმ.: ებრ. 13: 17-21
17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ. 18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ. 19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ. 20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, 21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლიტ.: წმ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ნიკოლოზი – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 345)
წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: „ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება“.
ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.
წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული.
ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.
იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმიდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი – ომოფორი.
იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: „პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია“. ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. „მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!“ – მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.
მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმიდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმიდა ნიკოლოზი არ შემდრკალა – კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსმთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
325 წელს წმიდანი მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი – ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.
წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანაც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს (იხილეთ 9 მაისის საკითხავი).
წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: „ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჴნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ.“