„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
20.12.2025. შაბათი. ხსნილი თავზით
ამბროსი მედიოლანელ ეპისკოპოსისა (397); მოწამისა ათინოდორე მონაზონისა (304); ღირსისა პავლე მორჩილისა; მოწამისა ფილოთესი (1060).
დღის ლოცვები
ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთოთა სჯულისდებითა განბრწყინვებულმან წყუდიად-ჰყვენ საცთურნი არიოსისნი, სიწმიდისა და მწყემსობისა, მესაიდუმლეო ამბროსი, ხოლო საკვირველმოქმედებ ძალითა სულისათა და ვნებათა ღირსად პირადპირადთა ცხადად მკურნალ ხარ, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ტიტ. 1: 15 – 2: 10 (დას. 301). ლკ. 21: 37-22: 8 (დას. 108) – პარ.
ეფ. 1: 16-23 (დას. 218). ლკ. 13: 18-29 (დას. 72) – შაბ.
ლიტ.: ტიტ. 1: 15 – 2: 10– პარ.
15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც. 16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
1. შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას. 2. ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი. 3. ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი, 4. რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი, 5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. 6. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ. 7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას – სიწმიდე და სიდარბაისლე; 8. შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე. 9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; 10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის – ღმერთის მოძღვრება.
ლიტ.: ლკ. 21: 37-22: 8 – პარ.
37. დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა. 38. და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.
1. ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი. 2. მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. 3. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი. 4. წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო. 5. ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის. 6. ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი. 7. დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი. 8. გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.
ეფ. 1: 16-23 – შაბ.
16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, 17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; 18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის, 19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, 20. რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, 21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; 22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
ეფ. ლკ. 13: 18-29 – შაბ.
18. ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას? 19. მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს. 20. და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს? 21. მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა. 22. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. 23. ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: 24. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. 25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. 26. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. 27. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. 28. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს – გარეთ გამოყრილთ. 29. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ათინოდორე (+დაახლ. 304)
წმიდა მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერულ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყნის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმიდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამბროსი, მედიოლანელი ეპისკოპოსი (+397)
წმიდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (იტალია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთივრჩეულობა: ერთხელ მძინარე ჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე თაფლი დაუტოვეს.მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმიდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი. ამან მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის ურთიერთობის გამწვავება და შფოთი გამოიწვია, რადგან ორივე მხარეს სურდა, დაქვრივებულ კათედრაზე თავისი წარმომადგენელი აეყვანა. რომის პრეფექტმა არეულობის დაწყნარება ამბროსის დაავალა. მედიოლანში (დღევანდელი მილანი) ჩასულმა ამბროსიმ დაუყოვნებლივ საკათედრო ტაძარს მიაშურა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და შეკრებილებს დაშოშმინებისა და სადავო საკითხის მშვიდად გადაწყვეტისკენ მოუწოდა. ტაძარში წამიერად ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად ჩვილი ყრმის ხმა გაისმა: „ამბროსია ეპისკოპოსი!“ ეს შეძახილი ხალხმაც აიტაცა და ყველანი, მართლმადიდებლებიცა და არიანელებიც, ერთხმად გაიძახოდნენ: „ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!“ ამბროსი შეშფოთდა, რადგან ამ ხარისხისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიაჩნდა. მან შეკრებილებს მოაგონა, რომ ჯერ მონათლულიც არ იყო, მხოლოდ კათაკმევლად იყო დადგენილი; შეეცადა, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა შეექმნა ხალხში. ქალაქიდან გაქცევაც სცადა, მაგრამ ხალხი თავისას არ იშლიდა. ბოლოს მათ იმპერატორ ვალენტინიანე უფროსს (364-375) მიმართეს დახმარებისათვის. ამბროსიმ ამ უკანასკნელის ურჩობა ვერ გაბედა და იძულებული შეიქნა, დათანხმებულიყო. ნეტარი მოინათლა, შვიდ დღეში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური და 374 წლის 7 დეკემბერს მედიოლანის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. კათედრაზე აღსაყდრებისთანავე ამბროსიმ მთელი თავისი ქონება ტაძრების მოსაწყობად, ობლებისა და გლახაკების დასაზრდელად გასცა, თვითონ კი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა: ყოველდღიურად აღასრულებდა ღვთისმსახურებას, ბრძნულად და სიყვარულით მოძღვრავდა მრევლს, თავისი სამწყსოს ჭირსაც იზიარებდა და ლხინსაც. მეუფე ამბროსი გულმოდგინედ იღვწოდა ეკლესიის ერთიანობისათვის.
წმიდა ამბროსი ქმედითად ერეოდა სახელმწიფო საქმეებშიც. ასე მაგალითად, იმპერატორმა გრაციანემ (367-383), წმიდა მღვდელმთავრის მითითებით, რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზედაც ფიცს დებდნენ. მწყემსმთავრული კადნიერებით აღსავსე მეუფემ იმპერატორ თეოდოსი I-ს (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მოწყვეტისათვის მკაცრი ეპიტიმია დაადო. წმიდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო ერისკაცს შორის: ეპიტიმიის ახსნის შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმიდა ძღვენის გამობრძანებას. ამბროსი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას.
მღვდელმთავრის სიმკაცრე მის საოცარ სიკეთესა და გულმოწყალებასთან იყო შერწყმული. სასწაულთქმედების ნიჭმიმადლებულმა, მრავალი განკურნა სნეულებათაგან.
ერთხელ, ფლორენციაში, უფლის რჩეულმა მკვდარი ყრმა გააცოცხლა. წმიდა ამბროსიმ წინასწარ იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოება და თავის მღვდელმსახურებს უთხრა: „მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!“
დასნეულებული მღვდელმთავარი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოწაფეს, პავლინე ხუცესს 43-ე ფსალმუნის განმარტებებს კარნახობდა. უეცრად პავლინემ ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ამბროსის თავს სულიწმიდა ცეცხლის სახით და მის ბაგეთა შორის გაუჩინარდა.
397 წლის 4 აპრილს, აღდგომა ღამეს, ნეტარი ამბროსი ლავდიის ეპისკოპოსის, ბასიანეს ხელით ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ამბროსი ცნობილია აგრეთვე, როგორც საეკლესიო მწერალი. მას ეკუთვნის ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, სამი წიგნი სულიწმიდის შესახებ და ორიც – სინანულზე; სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება, სიტყვები მაცხოვრის განკაცებაზე, წმიდა საიდუმლოებებზე. თხზულებებში ქრისტიანული ზნეობის შესახებ წმიდანი ცხადად გვიჩვენებს ქრისტიანული ზნეობრივი მოძღვრების აღმატებულებას წარმართულ ზნეობრივ სწავლებაზე. მღვდელმთავრის ცნობილი ნაშრომი: „მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ“ ცხადად მოწმობს, რომ მას ღრმად ჰქონდა შეცნობილი მოძღვრების უფლება-მოვალეობანი.
ნეტარი ამბროსი საეკლესიო გალობის რეფორმატორიცაა. მან დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლური, სირიული ეკლესიის მიბაძვით შეიტანა ანტიფონური გალობა, რომელიც „ამბროსიანული კილოს“ სახელითაა ცნობილი.
ღირსი გრიგოლ ათონელი (XV)
ღირსი გრიგოლი წარმოშობით სერბი იყო.იგი ათონის მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. აქ მან წმიდა ნიკოლოზის სახელობის სავანე დააარსა. ათონურ აქტებში ნაპოვნია ღირსი მამის ხელმოწერა, რომელიც 1405 წლით თარიღდება. გადმოცემით, უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ათონიდან სერბმა ბერებმა გადაასვენეს. ღირსი პავლე მორჩილი
ღირსი პავლე მორჩილის მოღვაწეობის წლები უცნობია. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა მოკლე ცხოვრებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პავლე მდიდარი მშობლების შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი განერიდა ამსოფელს და ბერულ ღვაწლს შეუდგა. ზედწოდება „მორჩილი“ მან საოცარი თავმდაბლობისა და საკუთარი ნების სრული მოკვეთისთვის დაიმსახურა. ერთხელ ღირსმა მამამ ადუღებულ ფისს შიშველი ხელით მოურია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამის შემდეგ ძმათა ნაწილმა იგი ღმერთშემოსილ მოსაგრედ ჩათვალა, სხვები კი უნდობლობით შეხვდნენ ნეტარს. ბერების ლოცვით ღმერთმა მათ მოუვლინა ხილვა, რომლითაც მიანიშნა, რომ მათი ძმა ჭეშმარიტი მოსაგრე იყო. ღამით ყველანი სასუფეველში იქნენ ატაცებულნი და ესაუბრნენ ბერ პავლეს, რომელმაც ყოველ მათგანს სახსოვრად თითო ყვავილის ან ტოტის წაღების ნება დართო. დილით, როცა გამოიღვიძეს, სამოთხის ყვავილები და ტოტები ყველას ხელში ეჭირა. ამის შემდეგ ნეტარი პავლე ჯერ იერუსალიმში გაემგზავრა, შემდეგ კი – კვიპროსზე. იგი განმარტოებით იღვწოდა, ბოლოს კი პერიგორის მთაზე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალების წინ წმიდანს ზეგარდამო ჩაესმა: „აღმოვედ, პავლე, მთასა ზედა და მიიღე დასასრული ცხოვრებისა“. ღირსი იოანე მმარხველი, საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე
ღირსი იოანე მმარხველი, საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე (მის შესახებ იხ. 30 მარტის და 3 დეკემბრის საკითხავებში).