2.01.2026. 28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

2.01.2026. 28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

2.01.2026. მარხვა

წინადღესასწაული ქრისტესშობისა.

მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107). ფილოგონისა, ანტიოქიელი ეპისკოპოსისა (323); დანიელისა, სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1338); მართლისა იოანე კრონშტადტელისა (1908).

დღის ლოცვები

წმინდა ეგნატეს კონდაკი:
დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი შენი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმინდაო ეგნატე.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ტიტ. 1: 5 – 2: 10 (დას. 301). მკ. 10: 23-32 (დას. 46).
მაკარი მმარხველისათვის – ღირსის საკითხავები (საზიაროთაგან), ან
ანტონისა – მღვდელთმთავრის საკითხავები (საზიაროთაგან).

ტიტ. 1: 5 – 2: 10 

5. იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე: 6. ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას, 7. რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი, 8. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე, 9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება. 10. რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან, 11. რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით. 12. ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი. 13. ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. 14. ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს. 15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც. 16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი. 

1. შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას. 2. ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი. 3. ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი, 4. რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი, 5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. 6. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ. 7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას – სიწმიდე და სიდარბაისლე; 8. შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე. 9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; 10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის – ღმერთის მოძღვრება.

მკ. 10: 23-32

23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის. 28. დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით. 29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის, 30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე. 31. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და მრავალი უკანასკნელი – პირველი. 32. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას: 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო – სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმიდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.
106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმიდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.
ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმიდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.
ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.
რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულითა შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმიდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმიდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.
მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს (ამის შესახებ იხილეთ 29 იანვრის საკითხავში), შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.
წმიდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი მღვდელმთავრად დადგინებამდე ადვოკატი იყო და ყოველთვის უანგაროდ იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც დაადგინეს. ღრმა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევისაგან. 323 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა დანიელ სერბი, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. წმიდანს იმ მძიმე დროს მოუწია ამ ხარისხში ყოფნა, როცა პალესტინიდან განდევნილი ჯვაროსნები არაბებთან ერთად არბევდნენ და ძარცვავდნენ ათონის მონასტრებს. როცა წმიდა მთაზე მშვიდობამ დაისადგურა, წმიდანმა უარი თქვა იღუმენობაზე და კარიესის სავანეში, საბა სერბის სენაკში დაეყუდა. როცა უროშ მილიუტინსა და მის ძმას, სტეფანე დრაგუტინს შორის შინაბრძოლები დაიწყო, დანიელს სერბეთში მოუხმეს და მან მოახერხა ძმების შერიგება. სამშობლოში უფლის რჩეულს ბანსკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას შემდეგ, რაც ბანსკში წმიდა მოციქულისა და მთავარდიაკვნის, სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ნეტარი დანიელი კვლავ განდეგილ ცხოვრებას დაუბრუნდა წმიდა მთაზე.

უფლის რჩეული ათონის მთიდან მეორეჯერ 1325 წელს გაიწვიეს და ჯვართამაღლების დღესასწაულზე სერბეთის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. ზეიმს ათონის ბერმონაზვნებიც ესწრებოდნენ. 1335 წელს წმიდანმა დეჩში ააგო მაცხოვრის ამაღლების ტაძარი – ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი სერბეთში. მან თავი მოუყარა ისტორიულ ცნობებს სერბ ხელისუფალთა და მღვდელმთავართა შესახებ. უფლის რჩეულს სიცოცხლეშივე მიემადლა სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი. მთავარეპისკოპოსად დადგინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, 1338 წლის 19 დეკემბერს მან სული უფალს შეჰვედრა.

წმიდა მოწამე ყრმა იოანე კუნძულ პათოსზე მდებარე სოფელ მარიესში დაიბადა. სიყრმეში იგი თურქებმა შეიპყრეს და მაჰმადიანობის შეურაცხყოფაში დადეს ბრალი. უსჯულოები ნეტარისგან ისლამის მიღებას მოითხოვდნენ, რაზეც მან მტკიცე უარით უპასუხა. ამისთვის ცამეტი წლის იოანეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა კონსტანტინოპოლში, 1652 წელს.
წმიდა იოანე კრონშტანდტელი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს.
წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
1851 წელს იოანემ დაამთავრა სასულიერო სემინარია და პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. ამავე დროს იგი საქმის მწარმოებლადაც მუშაობდა კანცელარიაში და აქ გამომუშავებული მცირეოდენი თანხით დაქვრივებულ დედას ეხმარებოდა. 1855 წელს წმიდანმა აკადემიაც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, იმავე წელს ჯვარი დაიწერა კრონშტანდტელი დეკანოზის, ნესვიცკის ასულ ელისაბედზე, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და კრონშტანდტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დაიწყო მოღვაწეობა.
კრონშტანდტი ძალიან ღარიბი ქალაქი იყო. წმიდანი სიხარულით მიდიოდა მათ ქოხმახებში, ესაუბრებოდა, ნუგეშს სცემდა, ეხმარებოდა: სნეულთან ხშირად თვითონ მიჰყავდა ექიმი და წამლებიც თავად მიჰქონდა, მშივრებს და დავრდომილებს პურს აწვდიდა. ხალხსაც თანდათან ღირსი მამის დიდი იმედი გაუჩნდა. ყოველ დილით ურიცხვი მაწანწალა ელოდა მისი ხელით გაღებულ მოწყალებას და ისიც უანგაროდ გასცემდა ყველაფერს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა წმიდა იოანე ჩექმებს გაჭირვებულს ჩუქნიდა და შინ ფეხშიშველი ბრუნდებოდა. „მე – მღვდელი ვარ. ესე იგი, სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“, – ამბობდა ნეტარი.
„ქრისტიანს ეკლესიის გარეშე, ისევე, როგორც თევზს უწყლოდ, არ შეუძლია ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრება: ეკლესია მისი სტიქიაა“, – წერდა მართალი იოანე, – „ეკლესიასა და ღვთისმსახურებას მოწყვეტილნი. საკუთარი ვნებების მსხვერპლნი ხდებიან და იღუპებიან“. წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას და ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ღვთისმსახურებისას კონდაკს თითქმის არ ხსნიდა, ზეპირად ლოცულობდა. საოცარი ძალა ჰქონდა მის ვედრებას. ნეტარი მედავითნეობდა კიდეც, გალობდა, რეგენტობდა. კვეთის დროს საკურთხეველში ათასობით სეფისკვერი შეჰქონდათ დიდი კალათებით, უამრავი ხალხი სთხოვდა წმიდანს ახლობლების მოხსენიებას.
მართალი იოანე დიდი ქველმოქმედიც იყო: შემოწირულ თანხებს უხვად იღებდა ტაძრებისა და სამრევლო სკოლების მშენებლობისა თუ სხვა სასიკეთო საქმეებისთვის.
წმიდა მამას კურნებისა და განჭვრეტის მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული. მისი ლოცვით იკურნებოდნენ როგორც ხორციელი, ისე სულიერი ავადმყოფები. ნეტარი არამართლმადიდებლებსაც შეეწეოდა: უცხო რელიგიათა მიმდევრების განკურნება მათი მოქცევის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.
უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და 1908 წლის 20 დეკემბერს მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს კრონშტანდტიდან პეტერბურგში.