20.01.2026. 33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

20.01.2026. 33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

20.01.2026. ხსნილი

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ნათლისღების შემდგომი დღესასწაული.

კრება წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და მისთა წმიდათა ნაწილთა გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლს (956 წ.). ოწამისა ათანასე ატალიელისა (1770); წმინდა მღვდელმთავარი კედი ლასტინგემელი (664). წმ. ბრენოკ (ბრანოკი, ბარნოკი) ბრაუნტონელი (VI ს.).

დღის ლოცვები

კრება ნათლისმცემელისა იოანესი
ტროპარი: 
ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი, უფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს-იქმენ ნათლისცემად, და იწამე ჭეშმარიტებისათვის და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე შიშით უკუნ იქცეოდა, ხოლო წინასწარმეტყველებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოზთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლისცემულად და ყოველნივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: იაკ. 3: 1-10 (დას. 54). მკ. 11: 11-23 (დას. 50).
ნათლისმცემ.: საქმ. 19: 1-8 (დას. 42). ინ. 1: 29-34 (დას. 3).

ლიტ.: იაკ. 3: 1-10 

1. ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ. 2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი. 3. აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს. 4. თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს. 5. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს. 6. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან. 7. რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით. 8. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი. 9. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. 10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.

ლიტ.: მკ. 11: 11-23

11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. 12. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; 13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. 14. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. 15. მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.  16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. 17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება. 19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა. 20. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო. 21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის.

ნათლისმცემ.: საქმ. 19: 1-8 

1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. 2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. 3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო. 4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე. 5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. 6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი. 8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

ნათლისმცემ.: ინ. 1: 29-34

29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. 30. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად. 32. მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. 33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. 34. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა _ იოანესი.
იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.
წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარს ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა (ლკ. 1, 13-17). წმიდანის დედა – კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში (ლკ. 1,41) – ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.
იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და აქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისათვის. „ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური”.
30 წლის იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გამოვიდა სინანულის საქადაგებლად, „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე საკუთარ ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი „განშორებულ” იყვნენ ღვთისაგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ”.
დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: „მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” (მთ. 3,11). იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მომავალი „ტარიგი უფლისა”, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14), მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.
შემდეგ თვითონ იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს”.
იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: „სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა”.
იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.
ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.
 
წმ. ბრენოკ (ბრანოკი, ბარნოკი) ბრაუნტონელი (VI ს.) 
წმ. ბრენოკ (ბრანოკი, ბარნოკი) ბრაუნტონელი (VI ს.) - ხსენება 07 (20) იანვარს.
წმინდა ბრენოკის ხსენების დღეა 07 (20) იანვარს (კელტ. და ბრიტ., მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში).
წმინდა ბრენოკი დაიბადა სამხრეთ უელსში და გახლდათ სამეფო ოჯახის ნათესავი. ახალგაზრდობაში იყო დაქორწინებული.
საერო ცხოვრებით დამძიმებულმა, წმინდა ბრენოკმა VI საუკუნის შუა ხანებში დატოვა სამშობლო და გაემართა თანამედროვე ჩრდილოეთ დევონის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახარების სინათლის გასაცნობად. იქ ის ქადაგებდა, ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას და ააშენა მონასტერი დღევანდელი სოფელ ბრაუნტონის (ბრონტონი, ინგლ. Braunton) ადგილზე.
გადმოცემის თანახმად, სასწაულებრივ ხილვაში მას გამოეცხადა, რომ სავანე უნდა აეშენებინა იმ ადგილას, სადაც მოღვაწე დაინახავდა ღორს გოჭებით. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი გამოსახულია ბრაუნტონის ეკლესიის ვიტრაჟსა და თაღზე.
მასთან დაკავშირებული გადმოცემები რამდენადმე წინააღმდეგობრივია. ზოგიერთი აგიოგრაფი მას აიგივებს წმ. ბრინახთან (Brynach). ვინაიდან ექსეტერში არსებობს ორი ცალკე დღე შესაბამისი წმინდანების მოსახსენიებლად – აპრილში და 7 იანვარს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი წმინდანი ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო.
ბრაუნტონის ძველი სამონასტრო ეკლესია ეძღვნება თავის დამაარსებელს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იქვე დაკრძალეს იგი. ბრაუნტონში ადგილობრივი მოსახლეობა ყოველწლიურად აღნიშნავს წმინდა ბრენოკის ხსენების დღეს.
 
წმინდა მღვდელმთავარი კედი ლასტინგემელი (დაახლ. 620 – 664)
წმინდა მღვდელმთავარი კედი ლასტინგემელი (დაახლ. 620 - 664)- 07(20) იანვარი.
წმინდა კედი ლასტინგემელის (Cedd, Cedda) ხსენების დღეებია: 7 იანვარი (ბერძნული , ამერიკული), 26 ოქტომბერი (კელტური და ბრიტანული საეკლესიო კალენდრების მიხედვით)
წმინდანი დაიბადა ინგლისურ ოჯახში, რომელიც ნორთუმბრიაში ცხოვრობდა. უფლის სამსახურს მიუძღვნეს თავი მისმა ძმამ წმინდა ჩედმა (Caedda), ასევე ძმებმა საინიბილმა (Cynibill) და კელინმა (Caelin), რომლებიც მღვდლები გახდნენ. ჩედთან ერთად ის წაიყვანეს სასწავლებლად ლინდისფარნში წმინდა აიდანის დროს.
653 წელს ის ოთხ მღვდელთან ერთად გაგზავნილ იქნა ოსვის (Oswiu), ნორთუმბრიის მეფის მიერ, რათა განენათლებინათ შუა ინგლისის მცხოვრებნი მათი უხუცესის პედას (Peada) თხოვნით. მალე ის უკან გამოიწვიეს და მსგავსი მისიით გაგზავნეს ესექსში, რათა დახმარებოდა სიგებერტს (Sigeberht), აღმოსავლეთ საქსების მეფეს, მისი ხალხის ქრისტესკენ მოქცევაში.
იქ ის ეპისკოპოსად აკურთხეს და დააარსა მრავალი ეკლესია და მონასტერი, კერძოდ, ტილბურის (Tilbury) და იტანჩესტერის (Ithancester) მონასტრები. შემთხვევით ის მშობლიურ ნორთუმბრიაში აღმოჩნდა და იქ, ეთელვალდის (Aethelwald) მოთხოვნით, დააარსა მონასტერი “ლესტინგო”(Laestingaeu), რომელსაც ახლა ლასტინგემს (Lastingham) უწოდებენ, იორკშირში. ის გახდა ამ მონასტრის პირველი წინამძღვარი, არ ტოვებდა რა ეპისკოპოსის მოვალეობებს.
უიტბის (Whitby) კრებაზე, ისევე როგორც წმინდა კუტბერტ ლინდისფარნელმა, მან, მიუხედავად იმისა, რომ აღზრდით კელტი იყო, მიიღო რომაული პასქალია. კრების დასრულებისთანავე მან მოინახულა ლასტინგემი, სადაც 664 წლის 26 ოქტომბერს ჭირისგან გარდაიცვალა.
ფლორენციუს ვუსტერელი (Florence of Worcester) და უილიამ მალმსბერიელი (William of Malmesbury) შემდგომში მას ლონდონის მეორე ეპისკოპოსად მოიხსენიებდნენ, მაგრამ წმინდა ბედა პატივცემული, ფაქტობრივად მისი თანამედროვე, არასოდეს მოიხსენიებდა მას ამ ტიტულით.
 
წმინდა მოწამე ათანასე ატალიელი – 07 (20) იანვარი
წმინდა მოწამე ათანასე ატალიელი - 07 (20) იანვარი
წმინდა ათანასე 17 – ე საუკუნის მეორე ნახევარში ატალიაში იშვა. სმირნაში, სადაც ცხოვრობდა, თურქთაგან მრავალგზის დაითმენდა დამცირებას.
ერთხელ რატომღაც წინდაუხედავად წარმოთქვა:
– არა არს ღმერთი, ალაჰის გარდაო! რის შემდეგაც
თურქებმა მყის სასამართლოში წარადგინეს, თან ირწმუნებოდნენ, – ათანასემ ეს ესაა, ისლამი მიიღოო!
ათანასე მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა და განუმარტავდა, – ეს ცნობილი ისლამური ფორმულა ოდენ წარმოვთქვი და გამაჰმადიანება არც კი მიფიქრიაო!
განაწყენებულმა თურქებმა ათანასეს მაშინვე საპყრობილეს უკრეს თავი და ფორმალური დაკითხვის შემდგომ წამება უწყეს, შემდეგ კი, რა დარწმუნდნენ, ვერას გააწყობდნენ, თავი წარკვეთეს, ტანი კი საჯიჯგნად ძაღლებს მიუგდეს.
მოხდა საოცრება: – დამშეული პირუტყვნი, რომელნიც მყის ნთქავდნენ ხოლმე საკბილოს, ათანასეს სხეულს არც გაჰკარებიან, სამი დღის შემდგომ კი იგი ქრისტიანებმა წააბრძანეს, გააპატიოსნეს და დაკრძალეს.
წმინდა ათანასე 1700 წელს ევნო ქრისტესთვის. სიკვდილით დასჯიდან სამი დღის შემდეგ და მოსამართლის ნებართვით, ქრისტიანებმა მიიღეს წმინდანის სხეული და პატივით დაკრძალეს წმინდა პარასკევას ტაძარში.
 
https://karibche.ge ›