…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
20.07.2026. ორშაბათი. ხსნილი
ღირსისა თომა მალეელისა (X); დიდმოწამისა კვირიაკია ნიკომიდიელისა (IV); ღირსისა აკაკი მორჩილისა, სინელისა, „კლემაქსსა“ შინა მოხსენიებულისა (VI); მოწამეთა: პერეგრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნილესი და გერმანესი (II); ღირსმოწამისა ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონაზონისა (290); მოწამისა ევანგელესი (III-IV).
დღის ლოცვები
ღირსი თომა მალეელის კონდაკი:
დიდად მხნედ და უძლეველად გამოსჩნდი შენ, აღეტყინე რა საღმროთა სიყუარულითა, და მეფესა ხორციელსა და ყოველსა შუენიერებასა მძლე-ექმენ, მთასა ზედა მალეელისასა მკვიდრობაი აღასრულე და მიერითგან აღხედ ცათა მეუფისა მიმართ; თომა, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 9: 13-18 (დას. 142). მთ. 16: 1-6 (დას. 65).
1 კორ. 9: 13-18
13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? 14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ. 15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული. 16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ. 17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ. 18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
მთ. 16: 1-6
1. მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის. 2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. 3. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. 4. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა. 5. ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება. 6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე (II)
წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4 ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.
წმიდა მოწამე ევანგელე (+284-305)
ღირსმოწამენი: ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი (+290)
ღირსმოწამენი ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი უსჯულო თვითმპყრობლის, დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ცხოვრობდნენ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. კეთილმსახურმა ხუცესმა სიყმაწვილეშივე განუკუთვნა თავი უფალს და დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების, კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა.ქალაქის თავის ვაჟი, ასტიონე წარმართულ გარემოში იზრდებოდა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სეირნობისას იგი გადააწყდა ტყეში მდგარ პატარა ქოხს, რაღაც იდუმალმა ძალამ მიიზიდა მისკენ, მოსწყდა გალაღებულ თანატოლებს და კარზე დააკაკუნა. მასპინძელი მხცოვანი და პატივსაცემი ხუცესი – ეპიქტეტე აღმოჩნდა. მან სიყვარულით მიიღო ჭაბუკი, ვინაობა გამოჰკითხა, შემდეგ კი წინასწარმეტყველურად უთხრა: „როგორც ვხედავ, შენი ნეტარი სული სათნოეყო თავად ქრისტე მაცხოვარს, რომელსაც თავის მსახურად გამოურჩევიხარ“. ეპიქტეტემ საოცარი მოწიწება იგრძნო იესო ქრისტეს სახელის ხსენებისას. ამით გახარებულმა ბერმა სახარებისეული სწავლება მოკლედ განუმარტა სტუმარს. ჭაბუკი გულმოდგინედ უსმენდა ყოველ სიტყვას და ყველაფერს რწმენით იღებდა.
ყმაწვილი კვლავ ესტუმრა ხუცესს და, ამ დღიდან მოყოლებული, სახლიდან სეირნობის საბაბით გამოსული, ყოველ დილა-საღამოს მიდიოდა მასთან. როცა სახარებისეულ ჭეშმარიტებებს ღრმად დაეუფლა, ეპიქტეტე ფარულად მოინათლა. ამის შემდეგ იგი მხურვალედ ევედრებოდა მოძღვარს, სადმე შორეულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მთლიანად უფლისთვის მიეძღვნათ თავი. ეპიქტეტე და ასტიონე ხომალდზე ავიდნენ და სკვითიის მიწას მიმართეს. აქ ისინი დუნაის შესართავთან, ქალაქ ალმარისის მახლობლად დასახლდნენ, წარმართ სლავებს შორის და მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
განდეგილების ღვთივსათნო ცხოვრება დიდხანს არ დარჩენილა დაფარული ადგილობრივ მკვიდრთაგან. ღირს მამებთან დახმარების თხოვნით ბევრი სნეული მიდიოდა და წმიდანთა ლოცვით იკურნებოდა.
ამ ხანებში ალმარისში ჩავიდა ოლქის მმართველი ლატრონიანე. წარმართმა ქურუმებმა ეპიქტეტე და ასტიონე დაასმინეს მასთან – ხალხს ჯადოქრობით იზიდავენ და თავიანთ სარწმუნოებაზე მოაქცევენო. ნეტარი მოსაგრეები შეიპყრეს. სატანჯველების შემდეგ მოწამეებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+290).
წმიდა მოწამე ასტიონეს მშობლებმა – ალექსანდრემ და მარკელინამ ირწმუნეს ქრისტე და ეპისკოპოს ევანგელეს ხელით ნათელიღეს. უსჯულოებმა ქრისტეს აღსარებისათვის მათაც თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე კვირიაკია (IV)
წმიდა მოწამე კვირიაკია კეთილმსახური ქრისტიანების – დოროთესა და ევსებიას ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს და უფლის მსახურებისთვის განამზადეს.როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ქალწული დედ-მამას დააშორეს: დოროთე და ევსებია მმართველ იუსტის სამსჯავროზე წარადგინეს, კვირიაკია კი დიოკლეტიანეს თანამმართველთან, მაქსიმიანე ჰერკულესთან (284-305; 307-310) გაგზავნეს, ნიკომიდიაში. ქრისტეს ტარიგმა მტკიცედ დაითმინა სატანჯველები. მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა მისი ღვთივრჩეულობა: როგორც კი კვირიაკია საკერპოში შეიყვანეს, ცრუღმერთების ქანდაკები დაიმსხვრა; მოწამის დასაგლეჯად გამოშვებული მხეცები თვინიერად გაწვნენ მის ფეხებთან… ამ საოცრების მხილველი ბევრი კერპთმსახური ქრისტიანობაზე მოექცა. როცა სასიკვდილო განაჩენი წაიკითხეს, წმიდა კვირიაკიამ ლოცვისთვის დრო ითხოვა. ყოვლადსახიერმა ღმერთმა ისურვა, რომაელ ჯალათთაგან დაეხსნა თავისი რჩეული და ლოცვის დამთავრებისთანავე მშვიდობით შეივედრა მისი სული.
ღირსი თომა მალეელი (X)
ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).
ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.
უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.
ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.