21.12.2025. 28-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III

21.12.2025. 28-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III

21.12.2025. კვირიაკე. ხსნილი თავზით

ღირსისა პატაპი თებელისა (VII); მოციქულთა 70-თაგანთა: სოსთენისა აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარისა და ონისიფორესი (I): მოწამეთა 62-თა ხუცესთა და 300-თა ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწამისა ანთისა რომაელისა (V).

დღის ლოცვები

ღირსი პატაპის კონდაკი:
სახლი შენი სულიერი, წმიდაო, სამკურნალოდ უპოვნიეს ერსა, მოსწრაფედ მისსა მიმართ მილტოლვილთა და კურნებაი მთხოველთა მიენიჭების, და ხსნაი შეცოდებულთა ცხორებასა შინა, რამეთუ შენ ყოველთა ურვათა შინა მყოფთა შესავედრებელად გამოსჩნდი, პატაპი ღირსო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-6, ლკ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.: კოლ. 1: 12-18 (დას. 250). ლკ. 17: 12-19 (დას. 85). 

ცისკ.: ლკ. 24: 36-53 

36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

ლიტ.: კოლ. 1: 12-18 

12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში; 13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, 14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები; 15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი, 16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. 17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. 18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,

ლიტ.: ლკ. 17: 12-19 

12. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ 13. და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ! 14. ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ. 15. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. 16. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი. 17. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი? 18. არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა. 19. უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანი (I). მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ“ (1 კორ. 1,1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.
წმიდა აპოლონ მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მოუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მოვიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“ (საქმე 18, 24-28). წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა წმიდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (1 კორ. 3,6). მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.
წმიდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორითელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორ. 15,5).
წმიდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმიდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.
წმიდა მოწამენი: სამოცდაორი ხუცესი და სამასი ერისკაცი აფრიკაში ეწამნენ 477 წელს. იმპერატორ ზენონის (475-491) ზეობისას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფოს მმართველმა ჰუნერიხმა (477-484) არიანელ ეპისკოპოსთა თანადგომითა და ხელშეწყობით მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო. როცა მორწმუნეები ერთ-ერთ ტაძარში შეიკრიბნენ საღვთო ლიტურგიის ფარულად აღსასრულებლად, მათ ბარბაროსთა მხედრობა დაესხა თავს. მლოცველთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უფრო მტკიცე სამასი ქრისტიანი კი ნებით ჩაბარდა მტერს. უღმრთოებმა ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. სამოცდაორი ხუცესიდან ორი დაწვეს, სხვებს ენები ამოაჭრეს, მაგრამ, ღვთის მადლით, მათ მაინც განაგრძეს ქადაგება და არიანელთა ცრუსწავლების მხილება.
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როცა ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმიდანმა უარით უპასუხა. ამისათვის იგი აწამეს, დაბოლოს, ცეცხლში დაწვეს.
ღირსი პატაპი დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმიდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად. მაშინ ღირსი მამა, რომელიც მდუმარებას ეძიებდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად ქალაქის გალავანთან სენაკი მოიწყო. მალე პატაპის სახელი აქაც გახმიანდა. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.