…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
22.07.2026. ოთხშაბათი. მარხვა
მღვდელმოწამისა ბაგრატ (პანკრატი) ტავრომენიელ ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (III-IV); ღირსმოწამეთა: პატერმოთისა, კოპრესი და მოწამისა ალექსანდრესი (361-363); თეოდორე ედესელი ეპისკოპოსისა (IX).
დღის ლოცვები
მნათობად ღმრთივბრწყინვალედ აღმოუბრწყინდი ტავრომენიელთა, პანკრატ, და მღვდელმოწამედ გამოსჩნდი ქრისტეს ღმრთისათვის, რომლისაცა წინაშე სდგა შენ აწ კადნიერად, ევედრე მას პატივისმცემელთა შეთათვის, ნეტარო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 10: 12-22 (დას. 145). მთ. 16: 20-24 (დას. 68).
1 კორ. 10: 12-22
12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს. 13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა. 14. ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას. 15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ. 16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? 17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით. 18. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან? 19. მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს? 20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ. 21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას. 22. ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
მთ. 16: 20-24
20. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე. 21. მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს. 22. მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ! 23. ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I)
მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი მოძღვრებითა და სასწაულებით. ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. იესოს შესახებ რომ შეიტყო, მამამ შვილთან ერთად იერუსალიმს მიაშურა – სურდა, საკუთარი თვალებით ეხილა საკვირველი მოძღვარი. იერუსალიმში აღსრულებული სასწაულებით გაოცებულმა, ღვთაებრივი სწავლებაც მოისმინა და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნა, რის შემდეგაც დაუახლოვდა მის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი – პეტრეს.უფლის ამაღლების შემდეგ ერთი მისი მოწაფეთაგანი ანტიოქიაში ჩავიდა და ნათელსცა ბაგრატის დედ-მამასა და მთელ მათ სახლეულს. როცა მშობლები გარდაეცვალა, წმიდანმა მამული დატოვა, პონტოს მთებს მიაშურა, გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ერთხელ ამ ადგილებში პეტრე მოციქულმა გაიარა, პონტოში ბაგრატს შეხვდა და იგი თან გაიყოლა ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი – კილიკიაში, სადაც იმ დროს წმიდა პავლე ქადაგებდა. თავმა მოციქულებმა უფლის რჩეულს სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
მღვდელმთავარი ბაგრატი დაუცხრომლად იღვწოდა. მან ააგო ტაძარი, სადაც გულმოდგინედ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე ტავრომენიისა და მისი მოსაზღვრე ქალაქების თითქმის მთელმა მოსახლეობამ ნათელიღო.
წმიდა ბაგრატი მრავალი წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, ხელსაყრელი შემთხვევა შეარჩიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს. ასე მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს მღვდელმთავარმა ბაგრატმა. ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს. წმიდა ბაგრატ ტავრომენიელის ხსენება 9 თებერვალსაც აღესრულება – მღვდელმოწამეებთან – მარკელესთან და ფილაგრესთან ერთად.
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV)
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი III საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდანის მთელი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ სატუსაღოს კარები განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა. რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ – სამღვდელმთავრო და მოწამეობრივ – გვირგვინს უმზადებდა უფალი. იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმიდანმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად. წმიდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, მისულიყო კუნძულ კრეტაზე. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბევრი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამგვარი ღვაწლისთვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა.კირილე დაუბრუნდა ჩვეულ მოღვაწეობას: კვლავ დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას, მაგრამ გამუდმებით წუხდა იმის გამო, რომ ქრისტესთვის მარტვილობის ღირსი ვერ შეიქნა. გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე – ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249-251), სხვა ცნობით კი – მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას.
წმიდა კირილე ჰორტინელის ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს.
ღირსმოწამენი პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე (+361-363)
ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს აღესრულნენ ქრისტესთვის. პათერმუთე და მისი მოწაფე კოპრე ეგვიპტის უდაბნოში მოსაგრეობდნენ. როცა იმპერატორმა შეიტყო განდეგილი მამების შესახებ, თავისთან მოიხმო ისინი და შეეცადა, ცბიერებით გადაებირებინა წარმართობაზე. იგი ამბობდა: „ადრე მეც ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხსნის მონიჭება მხოლოდ წარმართულ ღვთაებებს შეუძლიათ“. კოპრე მოხიბლა მეფის დაპირებებმა და უარყო მაცხოვარი, მაგრამ შემდეგ მოძღვრის ლოცვებით და ცრემლიანი შეგონებებით შეიგნო თავისი დაცემის სიღრმე, სინანულში ჩავარდა და კვლავ აშკარად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმპერატორი განარისხა კოპრეს კადნიერებამ და მისი წამება ბრძანა. წმიდა პათერმუთე მოთმინებისკენ მოუწოდებდა და განამტკიცებდა უფლის რჩეულს. ერთ-ერთმა მეომარმა, ალექსანდრემ, მარტვილის ტანჯვა რომ იხილა, ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, პათერმუთესა და კოპრეს კი თავები მოჰკვეთეს. წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსი (IX)
წმიდა თეოდორე – ედესელი ეპისკოპოსი IX საუკუნეში ცხოვრობდა. მის მშობლებს – კეთილმსახურ ედესელ ქრისტიანებს ერთადერთი ასული ჰყავდათ, ნანატრი ძე კი დიდხანს არ ეძლეოდათ. თეოდორე დედ-მამის მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ როცა იგი სკოლაში მიაბარეს, მშობლებს სიხარული მწუხარებად გადაექცათ: ბავშვი სწავლაში ძალიან სუსტი გამოდგა. ყრმას უფროსები სჯიდნენ, თანატოლები დასცინოდნენ, თვითონ კი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს გულისხმიერების მონიჭებას. ერთხელ ყმაწვილი დილით ადრე მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიპარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა. დაიწყო სამეუფო წირვა, ბავშვს ესიზმრა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა. საკვირველი ჩვენებით გამოფხიზლებული თეოდორე სამალავიდან გამოძვრა და გაოცებულ ეპისკოპოსს თავისი ხილვის შესახებაც მოუთხრო. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ყრმის ვედრება შესმენილ იქნა და მომავალში იგი ეკლესიის წინამძღვარიც გახდებოდა, ამიტომ უფლის რჩეული ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა.ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმედილის ლავრაში ბერად აღიკვეცა, და განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება და თან მდუმარების ღვაწლიც იტვირთა. მრავალი წლის მანძილზე წმიდა თეოდორესთან ერთად მოსაგრეობდა მისი ახალგაზრდა ნათესავი მიქაელი, რომელსაც წმიდა მიწას დაპატრონებულმა მაჰმადიანებმა წამებით ამოხადეს სული.
ამის შემდეგ ნეტარი თეოდორე დიდხანს არ დარჩენილა ლავრაში. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო პირთა და ერისკაცების თხოვნით ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული. წმიდა მამა დიდხანს უარობდა – უჭირდა მდუმარების დათმობა, მაგრამ ვერაფერს გახდა: ერთ კვირაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. ქიროტონიის დროს დიდი სასწაული აღესრულა: ხალხმა იხილა თეთრი მტრედი, რომელიც ჯერ ტაძრის გუმბათქვეშ ტრიალებდა, შემდეგ კი თეოდორეს თავზე დაეშვა. ახალი სამოღვაწეო ადგილისკენ მიმავალი წმიდანი ისეთმა ძლიერმა სევდამ შეიპყრო, რომ გაქცევაც კი სცადა, მაგრამ უფალმა სიზმრისეულ ჩვენებაში ასე დამოძღვრა: „ნუ მიემსგავსები უდებ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლა, ხუთი ტალანტით სხვა ხუთის მომგებს მიჰბაძე!“ თეოდორე მიხვდა თავის შეცდომას, დათრგუნა საკუთარი ნება და ბრძნულად შეუდგა ეკლესიის მართვას: სიტყვითა და საქმით მოძღვრავდა სამწყსოს, უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს… წმიდა მღვდელმთავარს ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა სულიერი ურთიერთობა მხცოვან მესვეტე ბერ – ღირს თეოდოსისთან. ეს მოსაგრე ედესისგან ოდნავ დაშორებული წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა. იგი უფროს ძმასთან, იოანესთან ერთად სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. ძმები სამი წლის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი ბაბილონის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდნენ ორ სხვადასხვა გამოქვაბულში და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცნენ. მოსაგრეები შაბათ-კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთობლივი ლოცვისთვის, შემდეგ კი კვლავ იყრებოდნენ.
ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს. ძმის უცნაური ქცევა ეუცხოვა თეოდოსის, მივიდა იმ ადგილას და, გაოცებულმა, ოქროს გროვა დაინახა. მან ილოცა, ზედა სამოსელი გაიძრო, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებით მიათრია სენაკამდე. მეორე დღეს ისე, რომ ძმას არც დამშვიდობებია, თეოდოსი ქალაქისკენ გაეშურა. აქ მან ტაძარი ააგო, მონასტერი მოაწყო, დააარსა საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი, მათთვის შესაწირიც უხვად გაიღო, ბოლოს, დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოსკენ გაბრუნდა. გაამაყებული თეოდოსი გულში განიკითხავდა ძმას იმის გამო, რომ მან ნაპოვნი განძის გამოყენება ვერ შეძლო. ამ დროს ბერის წინაშე წარდგა ანგელოზი, რომელიც ადრეც ხშირად ეჩვენებოდა. ახლა იგი მეტად განრისხებული ჩანდა. უფლის მსახურმა მეუდაბნოეს მკაცრად მიმართა: „რას ქედმაღლობ?! ჭეშმარიტად გეუბნები, შენი საქმეები ვერ შეეტოლება იმ გრძნობას, რომლითაც შენი ძმა ოქროს გადაახტა. მაშინ მან მხოლოდ განძი კი არ დათმო, არამედ მსუბუქი ფრთებით ის უფსკრული გადალახა, რომელიც ლაზარესა და მდიდარს შორისაა დამტკიცებული. იოანეს ღვაწლი განუზომლად აღმატებულია ღვთის წინაშე. ამ ცხოვრებაში შენ მას აწი ვერასოდეს ნახავ და ვერც მე მიხილავ, სანამ სინანულითა და ლოცვით გულს არ მოულბობ უფალს“.
თეოდოსი ძმის გამოქვაბულთან მივიდა და, როცა იგი იქ არ დახვდა, მწარედ ატირდა. უსაზღვროდ დამწუხრებულს, ერთი კვირის შემდეგ შორიდან ჩაესმა ანგელოზის ხმა, რომელმაც ედესაში წასვლა უბრძანა. თეოდორემ იქ მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა, სათნოეყო უფალს და ხუთი ათწლეულის შემდეგ განჭვრეტის მადლიც მიიღო მისგან. წმიდა მამა სიყვარულით ღებულობდა მიმსვლელებს და ყველას გულმოდგინედ მოძღვრავდა. ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე ნეტარი ბერის კურთხევით ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ დასნეულებული დაუხვდა. წმიდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა ავადმყოფს და განკურნა. მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით ნათელ-იღო სამ დაახლოებულ პირთან ერთად.
მალე მუსულმანთა წინაშე თავისი სარწმუნოების აშკარა აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მოწამეობრივი აღსასრულის შემდგომ ღამეს იოანე სპეტაკ სამოსელში, ბრწყინვალე გვირგვინით გამოეცხადა თეოდორეს და უთხრა: „გაკურთხოს უფალმა რამეთუ ჩემი ხსნის იარაღი შეიქენი!“ ამის შემდეგ თეოდოსი მესვეტეს დიდხანს აღარ უცოცხლია.
თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმედილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX).