24.07.2026. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

24.07.2026. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43).

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
24.07.2026. პარასკევი. მარხვა 

ხსენება დიდმოწამისა ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა, რომლითაც განმტკიცდა მართლმადიდებლობა (451); მოწამისა კინდეოზ ზუცისა (II-IV); მოციქულთა სწორისა ოლღასი (ელენესი) (969). 

დღის ლოცვები 
დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის სასწაულის ხსენება

კონდაკი: ღუაწლნი მოღუაწებასა შინა და ღუაწლნი სარწმუნოებასა შინა მხურვალედ აჩვენენ ქრისტესთვის, სიძისა შენისა, არამედ აწცა, ვითარცა წვალებანი, ეგრეთვე ზახებაი მტერთა ფერხთა ქუეშე მეფისა ჩუენისათა დამორჩილებად ითხოვე ღმრთისმშობელისა მიერ, რომელმან ექვსას ოცდა ათთა ღმრთისშემოსილთა მამათაგან საზღვარი სჯულისა მიიღე და დაიმარხე, ყოვლადქებულო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

რიგ.: 1 კორ. 11: 8-22 (დას. 148). მთ. 17: 10-18 (დას. 71).
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33). 

რიგ.: 1 კორ. 11: 8-22 

8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი – კაცისაგან. 9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი – კაცისთვის. 10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. 11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. 12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. 13. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? 14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? 15. ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. 16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას. 17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის. 18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის. 20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით. 21. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი. 22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

რიგ.: მთ. 17: 10-18 

10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 11. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს; 12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. 13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. 14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე 15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება. 16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი. 17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ. 18. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.

დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 

1. ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. 2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? 3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. 5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. 6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. 7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. 8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. 9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. 10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.

დიდმოწ.: ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი (III-IV)

წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და ძალით წაართვეს შეშის დიდი შეკვრა კოცონის დასანთებად. კინდევსმა ჯიბიდან ოცდაათი სპილენძის მონეტა ამოიღო და გაუწოდა დამაშვრალ მუშაკს, შემდეგ კი ტვირთი მხრებზე მოიგდო და თავად მიიტანა დასჯის ადგილამდე. ამ დროს საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, წამოვიდა წვიმა და კოცონი ჩააქრო. როცა ქარიშხალი ჩადგა, ნეტარმა მარტვილმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წარმართმა ქურუმმა, რომელიც ესწრებოდა კინდევსის წამებას, მისი ქადაგების გავლენით მეუღლესთან ერთად ირწმუნა ქრისტე. ახალმოქცეულებმა მოწამის ცხედარი პატივით მიაბარეს მიწას. 
ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა (451)
დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული (ხს. 16 სექტემბერს) 304 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ღმერთმა ნეტარი მარტვილი ღირს-ყო, კიდევ ერთხელ საჯაროდ დაემოწმებინა და ეღიარებინა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდე.
451 წელს ქალკედონის იმ ტაძარში, სადაც დიდმოწამე ეფემიას სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრების (ხს. 16 ივლისს) სხდომები მიმდინარეობდა. ქალკედონში ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების ექვსასოცდაათმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართლმადიდებელთა მხრიდან კრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი (ხს. 3 ივლისს), იერუსალიმელი მღვდელმთავარი იუბენალი (ხს. 2 ივლისს) და რომის პაპის, ლეონის (ხს. 18 თებერვალს) წარმომადგენლები. მონოფიზიტები ალექსანდრიელი პატრიარქის, დიოსკორესა და კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის წინამძღვრობით მრავლად იყვნენ შეკრებილნი.
ხანგრძლივი ბჭობის მიუხედავად მხარეებმა ერთობლივი დადგენილება ვერ მიიღეს.
მაშინ კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა ანატოლიმ კრებას შესთავაზა, საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისთვის მიენდოთ მისი რჩეული ჭურჭლის – ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით, რომლის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თავიანთი სარწმუნოების აღსარება და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს, იმპერატორ მარკიანეს (450-457) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ კუბო იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და ირგვლივ მცველები დაუყენეს. ორივე მხარე გაძლიერებულ მარხვასა და ლოცვას მიეცა. სამი დღის თავზე პატრიარქმა და იმპერატორმა კრების მონაწილეთა თანდასწრებით გახსნეს ლუსკუმა: გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. წმიდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა.
ამ სასწაულის შემდეგ მრავალი გზააბნეული დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ეკლესიიდან განკვეთეს.
VII საუკუნეში, სპარსელთა თავდასხმის დროს ნეტარი ეფემიას წმიდა ნეშტი ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში, მისსავე სახელზე ნაკურთხ ტაძარში გადაასვენეს. მრავალი წლის შემდეგ ხატმბრძოლობის მძვინვარებისას, ლუსკუმა უხრწნელი ნაწილებით მწვალებელი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (716-741) ბრძანებით ზღვაში გადააგდეს. სიწმიდე ნაოსანმა ძმებმა – სერგიმ და სერგონმა იპოვეს და ადგილობრივ ეპისკოპოსს გადასცეს, რომელმაც იგი ფარულად დაკრძალა. მას შემდეგ, რაც VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.) ხატმბრძოლობა საბოლოოდ დაიგმო, ტარასი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (784-806), იმპერატორ კონსტანტინე VI-ის (780-797) და მისი დედის, ირინეს (797-802) თანდასწრებით ნეტარის ნეშტი კვლავ საზეიმოდ გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში (წმიდა ეფემია ყოვლადქებულის ცხოვრება იხილეთ 16 სექტემბრის საკითხავში). 
მოციქულთასწორი ოლღა – წმიდა ნათლისღებით ელენე (+969)
წმიდა მოციქულთასწორი ოლღა, იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (+945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმიდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე – მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო… ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას… იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს…
ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის – ასკოლდის მიერ აგებული წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც… ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმიდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში… მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმიდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი – კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმიდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს (ხს. 21 მაისს) პატივსაცემად. პატრიარქმა ასე დალოცა ნეტარი: „კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ წყვდიადი დაუტევე და ნათელი შეიყვარე; შენს სახელს კურთხევით მოიგონებს შთამომავლობა!“
ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს. მან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები, ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი ჩაიტანა და რამდენიმე ხუცესიც გამოიყოლა.
მაცხოვრის სიყვარულით ღრმად განმსჭვალულმა დედოფალმა საოცრად კეთილმსახური ცხოვრება დაიწყო, მის სახელთანაა დაკავშირებული კიევის წმიდა ნიკოლოზისა და წმიდა სოფიას, ვიტებსკის ხარების, ფსკოვის ყოვლადწმიდა სამების და სხვა მრავალი ტაძრის მშენებლობა. ნეტარს სურდა, მთელი სამთავრო გაენათლებინა ქრისტეს ნათლით, მაგრამ ეს მცდელობა ამაო გამოდგა: მისმა ძემ, სვიატოსლავმა ვერ მიიღო ჭეშმარიტება, აბობოქრდნენ სხვა წარმართი დიდებულებიც…
ოლღამ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. ერთხელ წმინდანი სვიატოსლავის ჩამოსვლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა კიეველთა ბრძოლას მომხდური პაჭანიკების წინააღმდეგ.
წმიდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს, სხვა წყაროებით კი – 1007 წელს იქნა აღმოყვანებული წმიდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმიდა ნაწილები დაიკარგა.
მართალია, ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, მაგრამ დიდი ღვაწლი გასწია ამ მოვლენის დასაჩქარებლად. ამიტომაც უწოდეს მოციქულთასწორი.